ულტრაბგერის სიხშირე იწვევს აპარატის მეტალის ბრტყელი ზედაპირის თვალით უხილავ რხევებს, რომელიც მოქმედებს კანზე ზედმეტი ზეწოლის და ტრავმის გარეშე. აპარატს აქვს შესაძლებლობა იმუშაოს მუდმივ და იმპულსურ რეჟიმში, ასევე შესაძლებელია შეიცვალოს ულტრაბგერის სიმძლავრე.

ულტრაბგერის მოქმედებით ხდება მაღალი წნევით სითხის შეტყორცნა ფორებში და იქიდან ჭუჭყის გამოდევნა, კანიდან გარქოვანებული უჯრედების დელიკატური მოცილება, კანის ჟანგბადით გაჯერება და მისი ღრმა ფენების მიკრომასაჟი, რაც ხელს უწყობს ელასტიურობის აღდგენას. იმპულსურ რეჟიმში აპარატი საშუალებას იძლევა ჩავატაროთ ლიმფოდრენაჟი და ლიფტინგი.

გარეგნულად აპარატის მოქმედება ვლინდება ორთქლის და წვრილი წვეთების ზედაპირიდან ამოფრქვევით.

პროცედურის შემდგომ მატულობს კანის ტონუსი, ტენიანობა, ელასტიურობა, მცირდება ან სრულიად ქრება შეშუპება; ხდება კანის გაწმენდა – პილინგი და ნორმალური, ჯანსაღი ფერის აღდგენა, კუნთოვანი სპაზმის მოხსნა (იგი მიმიკური ნაოჭების გამომწვევი მიზეზია), კანსა და კუნთებში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება.

ჩვენებებია:

-სებორეის,

-ცხიმიანი, ან პირიქით გამომშრალი, გარქოვანებული უხეში კანის (აპარატის რეჟიმის მიხედვით),

-კoმედონების,

-აკნეს არსებობისას,

-პიგმენტური ლაქების,

-ლიმფოსტაზის დროს,

-აგრეთვე ასაკობრივად მოდუნებული კანის შემთხვევაში.

უკუნაჩვენებია: კანის ანთებით-ვირუსული დაავადებების, სახის ნერვის დამბლის, სამწვერა ან თვალის ნერვის პათოლოგიის დროს, მრავლობითი ტელეანგიექტაზიების არსებობისას მოქმედების არეში, ”ოქროს ძაფების” არსებობისას, მოკლე პერიოდში ჩატარებული ქიმიური პილინგის შემდეგ.

მისი ჩატარება შესაძლებელია სახის, ყელის, დეკოლტეს და ზურგის მიდამოში.

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არ საჭიროებს წინასწარ მოსამზადებელ ან რეაბილიტაციის პერიოდს, გაუტკივარებას. პროცედურის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

პროცედურის ხანგრძლივობა 20-30 წუთია, მიზანშეწონილია 3-5 სეანსის ჩატარება 7-დღიანი ინტერვალით.