დაბერება ადამიანის გენეტიკაში ჩადებული ბუნებრივი პროცესია. დაბერებას ექვემდებარება ყველა, და ის ყველა ადამიანში განსხვავებულად ვლინდება. კანის დაბერების ბიოლოგიური პროცესი 20-25 წლის ასაკში იწყება. კანის დაბერებას ორი განსხვავებული პროცესი უკავშირდება: შიდა და გარე დაბერება. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ პირველი გამოწვეულია გენეტიკური ფაქტორებით, რომელთა კონტროლი ჩვენ არ შეგვიძლია, ხოლო მეორე გამოწვეულია გარემო ფაქტორებით, და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმის დაბერებას წინ ვერ აღვუდგებით, გარე დაბერების პრევენცია ან კონტროლი გარკვეულწილად შესაძლებელია.

კანის შინაგანი დაბერების პროცესი უწყვეტია და წარმოადგენს ბუნებრივი დაბერების პროცესის ნაწილს. კანის ამ სახის დაბერების ზოგიერთი ნიშანია:

  • კანის გათხელება და გამჭვირვალეობა,
  • სახეზე ნაოჭების, ღარებისა და ასაკობრივი ლაქების გაჩენა,
  • კანქვეშა ცხიმის განლევა, რომელიც იწვევს ჩავარდნას ლოყებისა და თვალბუდეების არეში; აგრეთვე კანის ჩამოშვება, რომელიც ვითარდება სახის ძვლების ზომაში შემცირების გამო,
  • კანი ხდება მშრალი, სიმშრალე კი იწვევს ქავილს.

კანის გარე დაბერების ძირითადი ფაქტორებია:

  • მზის სხივების ზემოქმედება. მზის ყოველდღიური ზემოქმედება რამოდენიმე წუთითაც კი იწვევს ცვლილებებს კანში: ლაქების, წვრილი ნაოჭებისა და კაპილარული ქსელის გაჩენას. საყურადღებოა, რომ კანის კიბოს მიზეზები უშუალოდ მზის ზემოქმედებაში უნდა ვეძიოთ.
  • სახის განმეორებით მოძრაობებს ასევე შეუძლია წვრილი ღარებისა და ნაოჭების გაჩენა. სტრესი იწვევს წარბების შეჭმუხვნას, და თუ ეს მუდმივად ხდება, შეიძლება ნაოჭების გაჩენამ შეჭმუხვნილი წარბები შუბლისა და წარბების მუდმივ ნიშნად აქციოს.
  • მეორე განმეორებითი ჩვევა დაკავშირებულია ძილის პოზასთან. სახეზე ძილის ხაზები შეიძლება გადაიქცეს ძლიერ თვალსაჩინო ნაოჭებად, თუ ადამიანს სახე ბალიშზე ერთიდაიგივე პოზაში უდევს ყოველ ღამეს წლების განმავლობაში.
  • სიგარეტის მოწევა აჩქარებს კანის დაბერების პროცესს. ის იწვევს ორგანიზმში ბიოქიმიურ ცვლილებებს, რომლებიც ცვლის კანის თვისებებს და ბუნებას. მწეველი სავარაუდოდ უფრო მიდრეკილია ღრმა ნაოჭების გაჩენისადმი, მისი კანი მოყვითალო შეფერილობას და ტყავისებულ ელფერს იძენს. მწეველს აქვს ვიტამინი C-ს ნაკლებობა, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია კანის ტენიანობისა და სისავსის შესანარჩუნებლად.
  • ცხოვრების პასიური წესი. უმოძრაობა ხელს უწყობს კანის დაბერებას, რადგან ვარჯიში აძლიერებს კუნთების ტონუსს და სისხლის მიმოქცევას.
  • ცივი ამინდის ზემოქმედება. ცივი ქარები და დაბალი ტემპერატურა ხელს უწყობს კანის დაბერებას მისი გამოშრობით.
  • ძილის ნაკლებობა. ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ძილის ნაკლებობის შედეგი ვლინდება, არის სახე მუქი ჩრდილებით და კანის მოდუნებით თვალების ქვეშ, ასევე მოჩვარული კანით. ძილის ნაკლებობა ასევე ძირითადი ფაქტორია მეხსიერების დაკარგვის და დეპრესიის სიმპტომების, რაც გამოიხატება ყოველდღიური საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვით და ნეგატიური ფიქრებით.