თმა (pilus)

თმა ადამიანის, როგორც ინდივიდის, განუყოფელი ნაწილია. ყველა დროში და ყველა ქვეყანაში მას ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა და წარმოადგენს ინდივიდუალობის გამოხატვის მნიშვნელოვან საშუალებას. ამასთანავე ჯანმრთელი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს და მისი სწორად მოვლისათვის სასურველია მის შესახებ გარკვეული ცოდნა.
საინტერესო ფაქტები თმის შესახებ:
• დღე-ღამის განმავლობაში თმა სულ რაღაც 0,35 მმ-ით იზრდება.
• თმის დაბანვისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 35-45 გრადუსი.
• ამერიკელი სპეციალისტების გამოკვლევების თანახმად, თმის ცვენით მამაკაცთა 60%, ქალთა 25-40% იტანჯება.
• ყოველდღიურად ჯანმრთელ ადამიანს 50-დან 100 ღერამდე თმა სცვივა.
• ადამიანის კანის 95% თმით არის დაფარული.

თმაში არჩევენ ორ ნაწილს: ძირი და ღერო. ღერო თმის ის ნაწილია, რომელიც კანის ზედაპირზე მდებარეობს. ძირი დერმაშია მოთავსებული და ზოგჯერ აღწევს კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისს. ძირი გარშემორტყმულია ეპითელური ბუდით, რომელიც მდებარეობს შემაერთებელქსოვილოვან ჩანთაში – დერმალურ ბუდეში, რაც ქმნის თმის ფოლიკულს. ღერო შედგება მკვრივი რქოვანი მასისაგან, რომლის 95% კერატინია (შეიცავს ნიგოზი, თხილი, ჟელატინი).