სოკუნიასასარგებლო რჩევები სოკოვანი ინფექციით დაავადებულთათვის

სოკოვანი ინფექცია არ არის თვითგანკურნებადი. დროთა განმავლობაში იგი შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელ კანზე და ფრჩხილზე, ასევე შესაძლოა გართულდეს კანის სხვა ინფექციური და ალერგიული დაავადებებით. ადამიანი თვითონ შეიძლება გახდეს სოკოვანი დაავადების გავრცელების წყარო ოჯახში და თავის გარემოცვაში. ადამიანები, რომლებსაც დაზიანებული აქვთ კანი და ფრჩხილები, არ დაიშვებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სანატორიულ-კურორტულ დაწესებულებებში. არცერთ სილამაზის სალონში და კოსმეტიკურ კაბინეტში არ გააკეთებენ მანიკიურს და პედიკიურს სოკოთი დაავადებულ ხელის და ფეხის ფრჩხილებზე.

თუ თქვენ გაქვთ ტერფის ან მტევნის სოკოვანი დაავადება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მხოლოდ ექიმს შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა.

როგორ მუშავდება სოკოთი დაზიანებული ფრჩხილი?

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებასთან ერთად უნდა ჩატარდეს ადგილობრივი დეზინფექცია, ფრჩხილის დალბობა და მოცილება. ამ პროცედურით მკურნალობა უფრო ხანმოკლე და ეფექტური ხდება. ფრჩხილის დასარბილებლად მიზანშეწონილია სოდიან-საპნიანი წყლის აბაზანის გაკეთება (1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა 1 ლ წყალზე, ¼ სარეცხის საპონი, ჩახეხილი, 2-3 ლ წყალზე). ცოტაოდენ ცხელ წყალში წინასწარ გახსნით სოდას და დაალბობთ საპონს, შემდეგ სასურველ ტემპერატურამდე (არ წვავდეს კანს) დაამატებთ წყალს 2-3 ლიტრამდე (ქუსლებს რომ ფარავდეს) და მოათავსებთ ფეხს (საჭირო შემთხვევაში ხელს) 30-40 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ცხელ წყალს ამატებთ, რომ არ შეგრილდეს. შემდეგ წვეტიანი „მკვნეტარათი“ მოჭრით დარბილებულ ფრჩხილს და გაასუფთავებთ დაზიანებული ფრჩხილის საწოლს.

როგორ ტარდება ფეხსაცმლის და ხელთათმანის დეზინფექცია?

მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ფეხსაცმლის, წინდების  და ხელთათმანის დეზინფექცია, ხოლო მკურნალობის პერიოდში თვეში ერთხელ უნდა გამეორდეს. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, ჩვარი ან ტამპონი დაასველეთ ფორმიდრონის ან 40%-იან ძმრის ხსნარში (70%-იანი ძმარი განაზავეთ წყალში 3:1), ან 1%-იან ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატში და გამოასუფთავეთ ფეხსაცმლის ან ხელთათმანის შიგნითა ზედაპირი. სხვა, სუფთა, სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ტამპონი დატოვეთ შიგნით და 24 საათი გააჩერეთ პოლიეთილენის პარკში. შემდეგ გაანიავეთ სუნის გაქრობამდე. თუ შეინარჩუნა ფორმალდეჰიდის სუნი, მაშინ შიგნიდან დამატებით დაამუშავეთ ამიაკის ხსნარით და მერე გააშრეთ. აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ფარდაგს, იატაკს, აბაზანას, პირადი მოხმარების საგნებს და პერიოდულად ჩაატაროთ მათი დეზინფექცია. სადეზინფექციოდ შეიძლება გამოიყენოთ ქლორამინის ხსნარი, სპირტი და სხვა სადეზინფექციო ხსნარები.

თუ თქვენ გჭირდებათ სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატი

სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

სოკოთი დაავადება რომ თავიდან აიცილოთ, უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენის წესებირეკომენდებულია:

  • სწორად შეარჩიოთ ფეხსაცმელი: იგი უნდა იყოს თავისუფალი და მოხერხებული,რომ  არ დააზიანოს კანი და ფრჩხილები;
  • უნდა ჩაიცვათ ბამბის წინდები და იცვალოთ ყოველდღე;
  • აუზზე, საუნაში და მსგავს ადგილებში უნდა იხმაროთ საკუთარი რეზინის ღია ფეხსაცმელი;
  • თუ იქირავებთ თხილამურებს ან ბოლინგის ფეხსაცმელს, უნდა იხმაროთ თქვენი ან ერთჯერადი წინდები.

არ არის რეკომენდებული:

  • იხმაროთ სხვისი ფეხსაცმელი, ქოში, თეთრეული, პირადი ჰიგიენის ნივთები (მაკრატელი, ღრუბელი, პირსახოცი და ა.შ.);
  • ფეხშიშველი სიარული ხალხმრავალ ადგილებში (აუზი, საუნა, ზღვის სანაპირო, სპორტული დარბაზი და ა.შ.);
  • ვიწრო ფეხსაცმლის ტარება;
  • სინთეზური მასალის ფეხსაცმლის ტარება.

იმუნური სისტემის დაქვეითებისას სუსტდება ორგანიზმის დაცვითი რეაქცია, ამიტომ საჭიროა დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი.

ტერფის მიკოზი ტერფის მიკოზ  ჰიპერკერატოზული ფორმა სხვადასხვაფერი  პიტირიაზი საზარდულის  ეპიდერმოფიტია.jpg copy სადა კანის  ტრიქოფიტია ონიქომიკოზი სადა კანის  გენერალიზებული რუბროფიტია  copy ონიქომიკოზი  ონიქოგრიფოზი თავის თმიანი მიდამოს  მიკროსპორია