მუნი (ბღერი (Scabies)) დერმატოლოგიურ პრაქტიკაში არაიშვიათი დაავადებაა. იგი ინტენსიური ქავილით მიმდინარე,  კონტაგიოზური (გადამდები) პარაზიტული დაავადებაა და იწვევს მუნის ტკიპა – Acarus scabiei (Sarcoptes hominis), რომელიც აკეთებს ხვრელებს კანის რქოვანა შრეში. ტკიპა კარგად ჩანს მიკროსკოპში. მუნი გადადის მხოლოდ გახანგრძლივებული ფიზიკური კონტაქტის დროს. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით ან მის მიერ გაჭუჭყიანებული თეთრეულით, ტანსაცმლით და პირადი მოხმარების ნივთებით. ბავშვებში უფრო იოლად ვრცელდება. გადამდებია სქესობრივი კავშირისას. დაავადების ყველაზე ხშირი წყაროა ოჯახის წევრები, აგრეთვე მეზობლები და სხვა კონტაქტში მყოფი პირები სასტუმროებში, მატარებლებში, საერთო საცხოვრებლებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სტუმრად ყოფნისას, საავადმყოფოებში  და სხვ. გადადების რომელიმე გზით სიხშირის შესახებ დასკვნის გაკეთება ძნელია იმის გამო, რომ ხშირად ავადმყოფები მალავენ ინფორმაციას. ინკუბაციური პერიოდი 7-10 დღეა, რის შემდეგ იწყება მუნის კლინიკური გამოვლინება. მუნის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით და სითბოში, მაგ., ლოგინში ჩაწოლისას, თბილი აბაზანის მიღებისას და სხვ.  ქავილი ყველგან ინტენსიურია, სახის გარდა. გამონაყარი წარმოდგენილია წვრილი, ქინძის მარცვლისოდენა,  ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკებით და კვანძებით, ეროზიებით, დაფარული სისხლიანი თხელი ქერქებით.  ელემენტები წყვილ-წყვილადაა განლაგებული, ხვრელები ერთმანეთისაგან 0,5-1 სმ-ით არიან დაშორებული. გამონაყარი უმთავრესად აღინიშნება კანის ნაზ ადგილებში.

 

ტიპიური ლოკალიზაციაა ზემო და ქვემო კიდურების მომხრელი ზედაპირი,  მაჯები,  ხელის თითების ნაოჭები და გვერდითი ზედაპირები, წელი, მუცელი და დუნდულები, ქალებში – სარძევე ჯირკვლების კანი, მამაკაცებში – გენიტალიუმის არე. ბავშვებში – ხელის და ფეხის გულები, შესაძლოა თავიც, განსხვავებით მოზრდილებისაგან. დამახასიათებელია ე.წ. სამკუთხედის ნიშანი – მუნისთვის დამახასიათებელი ხვრელების განლაგება კუდუსუნის მიდამოში  მწვერვალით მიმართული დუნდულებს შორის ნაოჭისაკენ. ნაკაწრები (ექსკორიაციები)  განსაკუთრებით ფეხებზეა გამოხატული.

დღეისთვის ხშირად მუნის ატიპიური ფორმები გვხვდება – წაშლილი კლინიკური სურათით. ავადმყოფებს, რომლებიც ყოველდღე ბანაობენ ან  ხშირად იბანენ ხელებს, აქვთ მცირე გამონაყარი  და მისი გავრცელება მიმდინარეობს ნელა, აგრეთვე მუნის ტიპიური ხვრელები იშვიათად აღენიშნებათ. ალერგიული მოვლენების თანდართვის გამო ხშირად ავადმყოფები ალერგიის გამო მკურნალობენ. არაიშვიათად გვხვდება აგრეთვე კანის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები მუნთან ერთად კომბინაციაში, რასაც ხშირად მივყავართ დიაგნოსტიკურ შეცდომებამდე. მუნი ხშირად რთულდება კანის სხვა დაავადებებით და დიაგნოსტიკაც არაა იოლი.

მუნით დაავადებულთა შორის აღსანიშნავია შემდეგი გართულებები: მეორადი პიოდერმია (ქავილის შედეგად მეორადი ჩირქოვანი ინფექციის თანდართვა), რომელიც ხასიათდება პუსტულებით და ფლიქტენებით, ეროზიებით, სეროზულ-ჰემორაგიული და ჩირქოვანი ქერქებით, თანმხლები  ძლიერი ქავილით.

სკაბიოზური დერმატიტი  ხასიათდება მუნის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების შემდეგ კანის ანთებადი მოვლენებით აკარიციდული პრეპარატების ჩვეულებრივი დოზით ან მისი ჭარბი ხმარების შედეგად. ამ დერმატიტის დროს კანი ზიანდება სხეულზე (განსაკუთრებით ტანსაცმლის მჭიდროდ შეხების ადგილებში) და კიდურების პროქსიმალურ ნაწილებში.  კანზე წარმოიქმნება ერითემა (სიწითლე), წვრილი ნახეთქები, თხელფირფიტოვანი აქერცვლა, წვრილი კვანძები, ურტიკარული პაპულები.

სკაბიოზური ლიმფოპლაზია ვითარდება ზედმეტი ანტისკაბიესური წამლის არასწორად ხმარებისას. დაავადება ხასიათდება ძლიერი ქავილით, მოწითალო-მოლურჯო ფერის წვრილ-კვანძოვანი   და კვანძოვანი გამონაყარით, ხელის შეხებით მკვრივი კონსისტენციით, 1 მმ ზომით. ზოგჯერ ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ასეთი რამოდენიმე ელემენტი ერთდება და ქმნის მკვრივ კვანძებს აქერცვლით ან ქერქებით გამონაყარის ზედაპირზე. გამონაყარი რჩება მუნის მკურნალობის ჩამთავრების შემდეგ რამოდენიმე კვირის განმავლობაში. არასწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა იწვევს დაავადების გახანგრძლივებას და გართულების საშიშროებას. ამიტომ ყველა საჭირო შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობისათვის დროულად უნდა ჩატარდეს ექიმი-დერმატოლოგის კონსულტაცია შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. დაავადება განკურნებადია, მაგრამ მკურნალობის პერიოდში საჭიროებს დიდ ძალისხმევას. მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ექიმის გამოცდილების მიხედვით, სააფთიაქო ქსელში პრეპარატების არსებობით, მათი ღირებულების გათვალისწინებით, გამოყენების უბრალოებით და სხვა ნიშნებით.  მუნის სამკურნალოდ დღეისათვის გამოიყენება გოგირდის მალამო, ბენზილ-ბენზოატის ემულსია, პერმეტრინი, სპრეგალი, დემიანოვიჩის მეთოდი და სხვ. ჯერაც წარმატებით გამოიყენება მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ძველი მეთოდი: გოგირდის 33%-იანი მალამო: 5 დღე წასმა, მე-7 დღეს დაბანვა. განსაკუთრებით ეფექტურია მეორადი ინფექციით გართულებული მუნის შემთხვევაში (ბავშვებში ასაკის შესაბამისად). ბენზინ-ბენზოატის 25%-იანი ხსნარის ხმარების წესია: 3 დღე წასმა 12 საათიანი შუალედით, მე-6 დღეს დაბანვა (ბავშვებში 10%-იანი). პერმეტრინის წასმა, ხოლო სპრეგალი-აეროზოლის მისხმა ხდება საღამოს ერთჯერადად, 12 საათის შემდეგ დაბანვა. გამოიყენება გაურთულებელი მუნის შემთხვევაში. ყველაზე დიდი შეცდომა მკურნალობის დროს არის აკარიციდული პრეპარატების ზედმეტი რაოდენობით ხმარება, რასაც მივყავართ გართულებამდე. ხშირად წამალზე აღინიშნება ალერგიული რეაქცია. არ უნდა აგვერიოს წამლისმიერი ქავილი დაავადებით გამოწვეულ ქავილში. ამ დროს ვითარდება მეორადი ეგზემა (დერმატიტი), რის გამოც იყენებენ ადგილობრივ სტეროიდებს.  აუცილებელია ავადმყოფის იზოლაცია, მისი თეთრეულისა და ტანსაცმლის დეზინფექცია. პროფილაქტიკის მიზნით სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება ოჯახის ყველა წევრი და ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, განსაკუთრებით საბავშვო დაწესებულებებში. საჭიროა ჩატარდეს მათი პროფილაქტიკური დამუშავება ავადმყოფის მკურნალობის თანადროულად. მკურნალობის შემდეგ საჭიროა ავადმყოფის ორჯერადი გასინჯვა ერთკვირიანი შუალედით. განკურნების გარანტია  3 პირობის აუცილებელი დაცვაა: 1. მკურნალობის სქემის ზუსტი შესრულება ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის შესაბამისად, 2. ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ერთდროული პროფილაქტიკური  დამუშავება მისი მკურნალობის პარალელურად. 3. ტანსაცმლის, თეთრეულის და პირადი ნივთების დეზინფექცია ავადმყოფის მკურნალობის პერიოდში. როგორც აღვნიშნეთ, მუნი პარაზიტული დაავადებაა და ადამიანი შეიძლება ცხოვრების მანძილზე რამოდენიმეჯერ დაავადდეს, თუ არ იცავს ჰიგიენის წესებს.