საკონსულტაციო გვერდზე ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ თქვენი დერმატოლოგიური პრობლემების გადაჭრაში. პრობლემა სასურველია, ჩამოაყალიბოთ სუბიექტური შეგრძნებების დასახელებით, გამონაყარის ლოკალიზაციის (მდებარეობის) აღწერით და ფოტოსურათის თანდართვით გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე tina@dermatology.ge (ანონიმურობა დაცული იქნება)

მაგალითისათვის:

1. თავზე მაქვს ქერტლის მაგვარი ფენები. ძალიან ჰგავს ქერტლს,მაგრამ არის სქელი და იზრდება, ამობურცულია. თუ ამოვიცალე, შემდეგ მრავლდება და დიდდება. ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება იყოს და რითი შეიძლება მკურნალობა.
პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი კლინიკური სურათით შეიძლება ვივარაუდოთ თავის თმიანი მიდამოს სებორეაზე ან ფსორიაზზე. დიაგნოზის დაზუსტებისათვის სასურველია ვიცოდეთ თქვენი ასაკი, ცხიმიანია თქვენი თმა თუ არა, ქერცლები ადვილად შორდება კანს, თუ მოცილებისას იწვევს წერტილოვან სისხლდენას, ქერცლები მოყვითალო და ცხიმიანია, თუ მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის. სასურველია გამონაყარი აღნიშნული ნიშნებით შეაფასოს დერმატოლოგმა. დიაგნოზის დაზუსტებამდე მკურნალობაზე ლაპარაკი არ არის სწორი.

2. უკვე რამდენიმე თვეა, ასე 5 -6, რაც  სასქესო ორგანოს მიდამოებში  და ახლომახლო ფეხებზე მაქვს ძლიერი ქავილი, კანი მაქვს გაღიზიანებული,  ერთ საღამოს რომ არ ვიბანავო, მეორე საღამოს მაგ ადგილებში სისველე მაქვს ხოლმე და კანი წყლულდება, და მექავება კიდეც სასტიკად, ტრუსებზეც რაღაც ნარჩენებია ხოლმე და  იმ ადგილას ტრუსი ხუნდება (ფერს იცვლის).
ადრინდელთან შედარებით ვატყობ, რომ შარდვა არის გახშირებული. თვითონ სასქესო ორგანოზე ვერანაირ ცვლილებას ვერ ვამჩნევ, მხოლოდ მიდამოებში, და თან მარცხნივ განსაკუთრებით.
გასაგებია, რომ ან რაიმე კანის დაავადებაა, ან რომელიმე ვენერული, და ისიც გასაგებია რომ, ამას 100%-ით ვერავინ ვერ მეტყვის ფორუმზე, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ექიმთან ვიზიტი გამორიცხულია, იმიტომ რომ, არალეგალურად ვიმყოფები საზღვარგარეთ და ექიმთან ვიზიტი უბრალოდ შეუძლებელია. თუ შეგიძლიათ რაიმე მიახლოვებული დასკვნები გააკეთოთ სიმპტომების და სურათის მიხედვით, გთხოვთ არ დაიზაროთ. თქვენი ყველა რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
წინასწარ გმადლობთ.

პასუხი: სავარაუდოდ თქვენ გაქვთ კანის სოკოვანი დაავადება-საზარდულის ეპიდერმოფიტია, რომლისთვისაც ტიპიურია აღწერილ მიდამოებში (საზარდულში) ლოკალიზაცია და თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები. თქვენი დაავადება გამწვავებულია და მას ხელს უწყობს ოფლიანობა აღნიშნულ მიდამოში. სასურველია დაათვალიეროთ ფეხის თითებს შუა არეები და ფეხის ფრჩხილები, ხომ არ არის იქაც რაიმე პათოლოგიური ცვლილება. თქვენი წერილის მიხედვით გასაგებია, რომ დიაგნოზის დაზუსტება ლაბორატორიულად შეუძლებელია. მკურნალობა რეკომენდებულია ადგილობრივად რივანოლის 0,1 % ხსნარის საფენებით, რომელიც კეთდება 4-6 ფენა ბინტის ნაჭერის დაფენით აღნიშნულ მიდამოებში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ყოველ საათში მთელი დღის განმავლობაში. თუ ეს შეუძლებელია თქვენი სამუშაოს გამო, შეგიძლიათ ოფლიანობის და სისველის შესამცირებლად იხმაროთ ბავშვის მისაფრქვევი. ღამით შეგიძლიათ იხმაროთ ანტიმიკოზური კრემი. რომ ვიცოდე რომელ ქვეყანაში ხართ, იმ ქვეყნის პრეპარატს დაგისახელებდით. შიგნით მისაღებად (დასალევად) რეკომენდებულია მიიღოთ ქავილის და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (იკითხეთ ადგილობრივ აფთიაქებში).

3. უკვე  თითქმის ერთი წელია, რაც  ფეხის თითებს შორის კანი მაქვს აქერცლილი.  ეს განსაკურთებით ფეხის დაბანის შემდეგ ჩანს და არასასიამოვნო შესახედია, ვიმკურნალე, დამინიშნეს წამლები:  ეფცენ-150, ფენკაროლი, მუსიტროლის მალამო. ჩავიტარე მკურნალობა, მაგრამ არ მიშველა, შემდეგ ისევ  ვიყავი ექიმთან მისული და ვუთხარი, რომ შედეგი არ მქონდა, მან კი მითხრა ისევ მუსიტროლის მალამო მეხმარა ორი კვირა. ფეხის თითებს შორის კანი ისევ ისე გამოიყურება, აღარ ვიცი, რა გავაკეთო. იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე?

პასუხი: ფეხის თითებს შორის კანის აქერცვლა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით. თქვენ ჩატარებული გაქვთ სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელსაც მე ბოლომდე არ ვეთანხმები. კერძოდ, ეფცენ-150 ტერფის სოკოვან დაავადებაზე ნაკლებად მოქმედებს. მუსიტროლი ამ შემთხვევაში სწორი დანიშნულებაა. ამდენად, მიჭირს ვთქვა, რამდენად სწორად არის დიაგნოზი დასმული და ასევე რთულია შემოგთავაზო ახალი მკურნალობის სქემა. სასურველია არ წაისვა წამალი და არ დაიბანოთ ფეხი 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ჩაიტაროთ სოკოზე მიკროსკოპიული გამოკვლევა.

4. გამარჯობათ, ინტერნეტში ვიპოვე თქვენი საიტი და ძალიან გამიხარდა. მე ამჟამად გერმანიაში ვიმყოფები, ამიტომ არ შემიძლია თქვენთან მოსვლა. რისთვის გაწუხებთ: ცოტა ხნის წინ  დამიდგინეს  სებორეული ეგზემა. ეს დაავადება უკვე დიდი ხანია მაქვს. მოდებულია ტანზე, შუბლზე, კისერზე, მკერდზე და ზურგზეც არის წელამდე. მაინტერესებდა მორჩენა თუ შეიძლება ამ დაავადების და თუ შეიძლება, რას მირჩევდით? არის საჭირო რაიმე დიეტის დაცვა და რა წამალი შეგიძლიათ რომ მირჩიოთ?
პასუხი: თუ შეგიძლია უფრო დეტალურად ამიღწერო შენი სუბიექტური შეგრძნებები და კანის გამონაყარის მდგომარეობა (რა ტიპის გამონაყარია, არის თუ არა წითელი, იქერცლება თუ არა, გამონაყარის ფორმა, ადვილად შორდება თუ არა იგი კანს მოფხეკისას და ა.შ. ). გამომიგზავნე ფოტოც.

5. ჩემი შვილი 2 წლისაა და დაუდგინდა ატოპიური დერმატიტი. 2 წლამდე დიდად არ შევუწუხებივართ, მხოლოდ ალაგ-ალაგ ჰქონდა და ხანდახან თავისითაც უვლიდა, მაგრამ ბოლო 4 თვეა საშინლად გაუმწვავდა, ერთადერთი, რაც შველის, ადვანტანია. მე მგონი, ადგილი არაა დარჩენილი, არ ეფხანებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ატარაქსსაც ვაძლევ, მაინც არ კლავს ბოლომდე ფხანის სურვილს. ადვანტანზეც მითხრეს, რომ ხშირი ხმარება არ შეიძლება, განსაკუთრებით დიდ ფართობზე და სახის კანზეო. მიშველეთ რამე, იქნებ გამიწიოთ კონსულტაცია.

პასუხი: ატოპიური დერმატიტი კანის ალერგიული დაავადებაა, რომელიც ბავშვს მემკვიდრულად გადაეცემა მშობლებისაგან და მის პროვოცირებას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი: ზოგიერთი საკვები, ტანსაცმელი, მტვრიანი გარემო, ყვავილების მტვერი და სუნი და ა.შ. 2 წლის ასაკისათვის გამაღიზიანებელ ფაქტორად – ალერგენად უფრო ხშირად გვევლინება საკვები. უნდა დაადგინოთ რომელი საჭმელი უღიზიანებს კანს. გირჩევთ, ატარაქსთან ერთად მისცეთ ფენკაროლი 10 მგ თითო ორჯერ დღეში. ადვანტანი თავდაპირველად წაუსვით გამონაყარზე ყოველდღე ზედიზედ საღამოობით, შემდეგ შეგიძლიათ დღეგამოშვებით წაუსვათ. კანი თუ მშრალი აქვს, სჭირდება მუდმივი დამატენიანებელი ლოსიონი, მაგალითად: ტოპი კრემის სხეულის ემულსია. ამ ემულსიის წასმიდან 15-20 წუთის შემდეგ უნდა წაუსვათ ადვანტანი საღამოობით, დილით კი მხოლოდ ტოპი კრემს წაუსმევთ. ეს რაც შემეძლო მეთქვა ბავშვის გასინჯვის გარეშე.