დერმატოლოგიაში დიაგნოსტიკური ტესტები გამოიყენება მაშინ, როდესაც ანამნეზი და ფიზიკური გამოკვლევა დიაგნოზის დასასმელად საკმარისი არ არის.

კანის ბიოფსია კეთდება მილისებრი დერმატომით (Punch ბიოფსია), ან სკალპელით კანის ზედაპირული შრის ათლით ან კანის ღრმა სოლისებური ამოკვეთით (მაგ., პიგმენტური დაზიანების და სიმსივნეების დროს) მისი ჰისტოლოგიური შეფასებისათვის.

კანის ანაფხეკი გვეხმარება სოკოვანი ინფექციის და პარაზიტული დაავადების დიაგნოზის დასმაში. სასაგნე მინაზე მოთავსებული ანაფხეკის მიკროსკოპით დათვალიერებისას სოკოს მიცელიუმების, ტკიპის, მისი ექსკრემენტების, ან კვერცხების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს.

ვუდის ნათება შეიძლება დაგვეხმაროს ჰიპოპიგმენტაციის დეპიგმენტაციისაგან განსხვავებაში (ვიტილიგოს დეპიგმენტაცია ანათებს სპილოსძვლისფერ-თეთრად, ხოლო ჰიპოპიგმენტური დაზიანება არ ანათებს). ერითრაზმის დროს ნათება მკვეთრი ნარინჯისფერ-წითელია. თავის თმიანი არის სოკოვანი დაავადების დროს, რომელიც გამოწვეულია Microsporum-ით, ნათება მკვეთრი მწვანეა (ფოსფორისფერი).

ცანკის ტესტირება შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკისათვის, როგორიცაა მარტივი ჰერპესი და ჰერპეს ზოსტერი. დაუზიანებელი ბუშტუკის ფსკერიდან აღებულ მასალაში მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედების აღმოჩენა ვირუსული დაავადების ნიშანია.

დიასკოპია გამოიყენება ჰემორაგიული და ანთებითი დაზიანების სადიფერენციაციოდ. სასაგნე მინის დაჭერით გამონაყარზე ჰემორაგიული დაზიანება (პეტექია ან პურპურა) არ ფერმკრთალდება, ხოლო ანთებითი დაზიანება _ კი. დიასკოპია ზოგჯერ გამოიყენება ეპიდერმული დაზიანების დერმული ნოდულებისაგან გასარჩევად: პირველი მათგანი ქრება, ხოლო მეორე რჩება და იღებს “ვაშლის ჟელეს” ფერს (მაგ., კანის ტუბერკულოზის და სარკოიდოზის დროს).

კანის კვლევის შედარებით ახალი მეთოდია დერმოსკოპია, რაც გულისხმობს სპეციალური ხელსაწყოს _ დერმოსკოპის საშუალებით კანის დათვალიერებას ღრმა შრეების დონეზე. იგი განსაკუთრებით ინფორმატიულია კანის სიმსივნეების შემთხვევაში, თუმცა დამახასიათებელი დერმოსკოპიული სურათის არსებობისას გამოიყენება სხვა დერმატოზების დიაგნოსტიკაშიც.