ჟელატინი დერმატოლოგიაში დიდი საკვები ღირებულების პროდუქტია. ჟელატინში შემავალი ცილა – კერატინი შედის კანის, თმის და ფრჩხილის შემადგენლობაში და საჭიროა მისი ყოველდღიურად საკვების სახით მიღება. ჟელატინი ცხოველური წარმოშობისაა და შედის ისეთ საკვებში, რომელსაც, მარტივად რომ მივხვდეთ, გაცივებისას შედედების უნარი აქვს. მაგალითად, ხაში, ხოლოდეცი, არტალა, ქათმის და თევზის ნახარში და სხვა მსგავსი სადილები. ამასთან ჟელატინი შეგიძლიათ დესერტის სახითაც მიირთვათ.

ჟელეს მომზადებისას უნდა დაიცვათ პროპორციები, თორემ შესაძლოა რეზინივით მასა მიიღოთ. 1 ლიტრ სითხეზე 20 გრამი ჟელატინით მიიღება ძალიან ნაზი, “მთრთოლავი” ჟელე, თუ რაოდენობას 50-60 გრამამდე გაზრდით, მიიღებთ ჟელეს, როემლიც დანით დაიჭრება (მაგალითად,მარმელადისთვის).

ნუ შეინახავთ ჟელეს საყინულეში, თორემ დაკრისტალდება.

ქვემოთ გთავაზობთ რამოდენიმე რეცეპტს ჟელატინის გამოყენებით.

ბლომანჟე N 1

3 ჩაის კოვზი ჟელატინი ჩავალბოთ 1 ჩაის ჭიქა წყალში 2 საათით, სანამ კარგად არ გაჯირჯვდება.

დავდგათ ნელ ცეცხლზე და მორევით მივიყვანოთ დუღილამდე, რომ გახდეს გამჭვირვალე (არ ავადუღოთ).

500 გრ არაჟანს დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, დავამატოთ ვანილი, 4–5 წვეთი სასურველი ესენცია და დავასხათ გამდნარი ჟელატინი.

მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩამოვასხათ ჭიქებში და შევდგათ მაცივარში.

ბლომანჟე N 2

3 ჩაის კოვზი ჟელატინი ჩავალბოთ 1 ჩაის ჭიქა წყალში 2 საათით, სანამ კარგად არ გაჯირჯვდება.

დავდგათ ნელ ცეცხლზე და მორევით მივიყვანოთ დუღილამდე, რომ გახდეს გამჭვირვალე (არ ავადუღოთ).

1 კვერცხი გავთქვიფოთ მთლიანად, შევათქვიფოთ 1 კვერცხის გული, დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 ჩაის კოვზი კაკაო ან 1 ჩაის კოვზი ყავა ან 1 ჩაის კოვზი სიროპი (პიტნის, ფორთოხლის, ლიმონის ან სხვ.).

წამოვადუღოთ, ჩავასხათ ჟელატინი. შეგვიძლია დავამატოთ 500 გრ არაჟანი, ჩავყაროთ ნიგოზი, კომშის ნაჭრები, ბროწეული.

ჩამოვასხათ და შევდგათ მაცივარში.

თევზი ჟელატინით

ზუთხი მოვხარშოთ დაფნის ფოთოლთან, დუშისტი წიწაკასა და ერთ თავ ხახვთან ერთად. დავაწყოთ თეფშზე. გავაფორმოთ დაჭრილი ლიმონით.

2 სუფრის კოვზ ჟელატინს დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული და გაცივებული წყალი. დავტოვოთ 1–2 საათი გაფუებამდე.

თევზის ნახარშის ნელთბილ ბულიონში ჩავასხათ გაფუებული ჟელატინი და ვურიოთ (ცეცხლის გარეშე). გავწუროთ საცერში და თეფშზე დალაგებულ თევზს და ლიმონს დავასხათ ზემოდან და შევდგათ მაცივარში.

სამფენოვანი ფერადი ჟელე

125 გრ (50 გრამიანი 2,5 ცალი = 30 ჩაის კოვზი უქუდოდ) ჟელატინს დავასხათ 4 ჭიქა ანადუღარი გრილი წყალი, 40-60 წუთის განმავლობაში ვაცალოთ გაფუება. შემდეგ გავაცხელოთ ადუღებამდე მუდმივი მორევით. გავყოთ 3 ნაწილად.

I ნაწილს დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი (500 გრ) + 3 ჭიქა წითელი კომპოტის წვენი + ვანილი. ავადუღოთ. დავასხათ ფორმაზე და მაცივარში შევდგათ.

II ნაწილს დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი + 3 ქილა არაჟანი (750 გრ) + ვანილი. გავაცხელოთ (არ ავადუღოთ). შევაგრილოთ და ჩამჩით ნელ-ნელა დავასხათ გაყინულ I ფენას და შევდგათ მაცივარში.

III ნაწილს დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი + 3 ჭიქა რძე და 0,5 შეკვრა კაკაო (50 გრ) + ვანილი. ავადუღოთ. შევაგრილოთ და ასევე ნელა ჩამჩით დავასხათ ფორმაზე გაყინულ II ფენას. შევდგათ მაცივარში.

სუფრაზე მიტანის წინ დავჭრათ სიგრძეზე დაახლოებით 10 სმ სიგანით. ამოვიღოთ ფორმიდან და საზამთროს მურაბის საჭრელი დანით დავჭრათ თხელ ნაჭრებად. დავაწყოთ თეფშებზე ერთმანეთის გვერდით ლამაზად.

ბლომანჟე (1) ბლომანჟე

გემრიელად მიირთვით!

კეთილი სურვილებით

თინა ექიმი