კანის ჩირქოვან დაავადებებსპიოდერმიებს ჩირქმბადი მიკრობები სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები იწვევენ. დაავადებათა ეს ჯგუფი გამოირჩევა კლინიკური სურათის მრავალფეროვნებით, გავრცელების მიხედვით დერმატოზებს შორის პირველ ადგილზეა, გვხვდება ყველა ასაკში, თუმცა ჭარბობს ბავშვებში.

ჩირქმბადი მიკრობები შეიძლება ჯანსაღი ადამიანის კანზეც იყოს, მათი რაოდენობა დამოკიდებულია ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მაგრამ ჩირქოვანი დაავადების განვითარებისათვის მრავალი გარეგანი და შინაგანი ხელისშემწყობი ფაქტორის არსებობაა საჭირო. პირველ რიგში, მნიშვნელობა აქვს კანის მთლიანობის დარღვევას, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს რაიმე, უპირატესად საყოფაცხოვრებო ხასიათის ტრავმა. დაუმუშავებელი ტრავმის ადგილი ხდება კანში მიკრობის შეჭრის პირდაპირი გზა. მნიშვნელობა აქვს ხშირ ოფლიანობას, კანის სიმშრალეს, ნაპრალებს, ჰიგიენის წესების დაუცველობას, რაც კანის ჩირქოვანი დაავადების განვითარების ხელშემწყობ მიზეზებად შეიძლება მოგვევლინოს. დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითებას, რაც შეიძლება განპირობებული იყოს  ქრონიკული შინაგანი   დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, ჰორმონული და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევებით.

მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე. მწვავე შემთხვევებში საკმარისია მხოლოდ ადგილობრივი საშუალებების გამოყენება. ქრონიკულ და გავრცელებულ შემთხვევებში ნაჩვენებია ზოგადი თერაპია ანტიბიოტიკებით, სულფანილამიდური პრეპარატებით და იმუნური სისტემის გამაძლიერებლებით. გამონაყარის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კერების ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი კანის გაწმენდა განზავებული სპირტის ხსნარით.  დიდი მნიშვნელობა აქვს თანმხლები, ფონის მიმცემი დაავადებების მკურნალობას.

პიოდერმიების პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია ტრავმის ადგილის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებითა და მალამოებით (იოდის, ბეტადინის ხსნარები, ანტიბიოტიკების შემცველი მალამოები და სხვ.).

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, ზოგად-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების (ორგანიზმის გაკაჟება, სპორტი) ჩატარებას.