პილინგი ეწოდება კანის ზედა შრეების აღებას ქიმიურად აქტიური ნივთიერებების დახმარებით. სიტყვა პილინგი წარმოდგება ინგლისური სიტყვისგან “to peel”- კანის აქერცვლა, ექსფოლიაცია. ჯერ კიდევ ძველ დროში ექიმები და სახალხო მკურნალები ამჩნევდნენ კანის ხარისხის გაუმჯობესებას ზედაპირული დამწვრობისა და გამაღიზიანებელი ეფექტის მქონე ნივთიერებების გამოყენების შემდეგ. შემთხვევით აღმოჩენილი გვერდითი ეფექტი საფუძვლად დაედო გასაახალგაზრდავებელ საშუალებებს, რომლებიც იწვევენ კანის სტრუქტურის ზედაპირულ დაზიანებას ანუ პილინგს.

ზედაპირული პილინგი – ამ დროს მოქმედება ხდება რქოვანა შრის დონეზე და ანთებითი რეაქციის გარეშე, თუმცა რქოვანა შრის სისქის შემცირებისას ინფორმაცია გადაეცემა ბაზალურ შრეში არსებულ კერატინოციტებს და ხდება უჯრედული მიტოზური აქტივობის გაძლიერება, დადებითი ძვრები ეპიდერმისში, იზრდება ეპიდერმალური ლიპიდების სინთეზი და კანის ტენის შემანარჩუნებელი (ჰიდრატაციული) თვისებები, რაც იწვევს კანის ფაქტურისა და ფერის გაუმჯობესებას, წვრილი ნაოჭებისა და ჰიპერკერატოზული უბნების გაქრობას.

საშუალო პილინგი – ამ დროს ზიანდება მთლიანად ეპიდერმისი დვრილოვან შრემდე.

ღრმა პილინგი – ზიანდება დვრილოვანი შრეც რეტიკულარულ დერმამდე.

საშუალო და ღრმა პილინგის დროს დამაზიანებელი მოქმედების პასუხად კანის უჯრედები იწყებენ ანთების მედიატორების სასიგნალო მოლეკულების, ციტოკინების, ზრდის ფაქტორისა და ფერმენტების გაძლიერებულ გამომუშავებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ბაზალური კერატინოციტების გააქტიურებას, ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, ფიბრინობლასტების გამომუშავებას, რომლებიც გამოიმუშავებენ კოლაგენსა და ელასტინს. ორგანიზმის ნორმალური რეაქტიულობის შემთხვევაში, ტოქსიკო-ალერგიული რეაქციის გარეშე და სწორად ჩატარებული პილინგის შემთხვევაში, საშუალოდ 5-7 დღეში სრულდება აქერცვლა, სცილდება ფუფხი. შედეგად ხდება დერმის გასქელება და გამკვრივება, მისი არქიტექტონიკა ნორმალიზდება, ხდება ტენიანობისა და ტურგორის მომატება, ნაოჭების გასწორება, ჰიპერპიგმენტაციისა და ჰიპერკერატოზის ელემენტების მოცილება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებებისა და ტექნოლოგიის დარღვევის შემთხვევაში ჰიპერრეაქტიულობის გამო, საშუალო და ღრმა პილინგის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს არაადექვატურ ანთებას, რასაც მივყავართ სერიოზულ გართულებებამდე, როგორიცაა ნაწიბური, ჰიპერპიგმენტაცია, ჰიპერკერატოზი, ჰიპოპიგმენტაცია.

პილინგის ჩვენებებია: ნაოჭები, ნაწიბურები, ჰიპერკერატოზი, ცუდი ფერი, ტურგორის დაქვეითება, უსწორმასწორო რელიეფი, სახის კანის სიმშრალე, ზედაპირული პიგმენტური ლაქები, კანის ასაკობრივი ცვლილებები, პოსტაკნოზური ლაქები(აკნე რემისიის პერიოში).

უკუჩვენებებია: ჰერპესი, ინდივიდუალური აუტანლობა, ეპილეფსია, ახალწარმონაქმნები, კანის დაზიანება, ალერგია, კანის აწეული მგრძნობელობა.

გართულებები: ყველაზე ხშირია 1. კონტაქტური და ალერგიული დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია პილინგის ქიმიური კომპონენტების მიმართ აწეული მგრძნობელობით და ამ დროს სწრაფად უნდა ჩამოვბანოთ პილინგი წყლის დიდი რაოდენობით და გავანეიტრალოთ 5% სასმელი სოდის ხსნარით ან ფირმის ნეიტრალიზატორით, შემდეგ სტეროიდული მალამოს გამოყენებით, per os ანტიჰისტამინები, კალცი, საფენები, დიეტა. ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას – ანტიბიოტიკები. 2. ხანგრძლივი მყარი ერითემა, რომელიც ძლიერდება ტემპერატურული და ემოციური ფაქტორებით. ემართებათ ვეგეტოდისტონიკებს. მკურნალობა: per os ბელატამინალი, ბელასპონი ან ბელოიდი, რეტინოიდები, ასკორუტინი, ესკუზანი. ადგილობრივად ბორის მჟავას 5% ხსნარი, კრემები ცერამიდ-ჰიალურონის მჟავით, ქიტიზანით, SPF ფაქტორები. 3. დისქრომია -აიხსნება პიგმენტაციისადმი მიდრეკილებით, ნივთიერებების ღრმა ფენებში შეჭრით. ამ დროს ენიშნებთ per os – ვიტამინი C მაღალი დოზებით, ჰიდროქინონის, ალოეს მალამოები, SPF ფაქტორიანი კრემები. 4. ნაწიბურები ყველაზე მძიმე გართულებაა, იგი შეუქცევადია, აღმოცენდება არაადეკვატური ანთებითი რეაქციის გამო და მეორადი ინფექციის თანდართვისას პილინგის მიმართ ზემგრძნობელობისას. მკურნალობა: კურიოზინის, სოლკოსერილისა და ქიტოზანის გელი. კონტრაქტუბექსი, კოლაგენოზური პრეპარატების ელექტროფორეზი.

ღრმა პილინგების წარმოება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში სასურველი არ არის.

პილინგების წარმოების ტექნიკა

პაციენტის მომზადება: წინასწარ რეტინოიდების, E და C ვიტამინების, მიკროელემენტების (Cu,Fe,Zn,Mg) დანიშვნა, ადგილობრივად ჰიდროქინონის, აზელაინის ან ფიტინის მჟავის კრემები.

რქოვანა შრის გასწორება პროცედურამდე. 14-28 დღით ადრე სკინორენის მალამო დღეში 2-ჯერ.

პროცედურა :

  1. ერთი დღით ადრე ალერგიული სინჯის გაკეთება.
  2. ცხიმიანი კანის გულდასმით გაწმენდა და გაშრობა.
  3. აქტიური პრეპარატების წასმა კანზე ერთხელ ან რამდენჯერმე, ჩვენებისას კანის თავისებურება და ნივთიერებების სიმძლავრე გათვალისწინებულია.
  4. ექსპოზიციის ან ფროსტის შემთხვევაში – პილინგის მოხსნა, კანის გულდასმით გაწმენდა და ნეიტრალიზაცია.
  5. პილინგისშემდგომი გაღიზიანების დამუშავება ფირმის სპეც-საშუალებებით ან ქიტოზანის, ცერამიდების, ბეპანტენის გამოყენებით.
  6. SPF ულტრაიისფერი დაცვა 2 თვე, არანაკლებ SPF 30.