კურიოზები საექიმო პრაქტიკიდან

  1. პატარაკახელი კაცი“. მიღებაზე დედიკომ მოიყვანა 5 წლის ბუთხუზა გიორგი, კვებითი ალერგიით. დიეტის ახსნისას დედამ მისმინა და, როცა დავამთავრე, კახური აქცენტით მითხრა: -თინიკო ექიმო, აბა, რას ამბობთ?! მჭადი ვაჭამო კახელ კაცსა? 1 წლისა იყო, რომ მწვადსა მთხოვდა, შეჭამდა და ძუძუს აყოლებდა. ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ, რა ვქნა, ბავშვს ვერ ვაშიმშილებ!
  2. გურული პაციენტი მიხსნის: ექიმო, ჩემი გამონაყარი იქნებ იმის ბრალია, რომ ყვედრება მაქვს, გუშინ მთელი დღე მაყვედრებდა (თურმე ბოყინი აწუხებდა).
  3. 2,5 წლის ანანომ გასინჯვის შემდეგ, სანამ მე დანიშნულებას ვწერდი, დედამისს მობილური ტელეფონი გამოართვა, ოთახში პრანჭვით სიარული დაიწყო და ვირტუალურ მეგობარს დაუწყო ლაპარაკი: „ხო, გოგო, როგორ ხარ? სად ხარ? მე ექიმთან ვარ,“ შემომხედა და გააგრძელა: „არა, ექიმი კი არა, ჩვეულებრივი ქალია“. ანანომ რომ შეგვამჩნია დაინტერესება მისი ტელეფონზე საუბრისას, ოთახში ბოლთის ცემა გააგრძელა, პრანჭვას მოუმატა და თუთიყუშივით დაყენებული ხმით ყველგან „ჩამორეკა“: – ხო, გოგო, როგორ ხარ? სად იყავი,გუშინ, რომ დაგირეკე? კარგი რა, ნუ მატყუებ. არ გამითიშო!.. მაინც გამითიშა!.. – ხო, ვახო, მე ვარ, ეხლა ქუჩაში ვარ. სახლში რომ შევალ, გადმოგირეკავ…  -ხო, გოგო, რა გინდა. ახლა არ მცალია… ვერ გელაპარაკები-მეთქი, გაიგე? ექიმთან ვარ!..“
  4. მიღებაზე მოვიდა ძალიან შეწუხებული სიმპატიური ახალგაზრდა ქალი. რომ შევეკითხე, რა აწუხებს, გურული აქცენტით დაიწყო: „ექიმო, უკვე ერთი კვირაა ღამღამობით მაქანავებს.“ „საწოლში?“ – ვეკითხები. „დიახ, საწოლში. სულ ვისპირტები, მაგრამ მაინც მაქანავებს. სტუმარი მყავს, იმასაც აქანავებს, მაგრამ გამონაყარი არ აქვს.“ დავიბენი და ვეკითხები, წნევა ხომ არ აქვს. მპასუხობს :“ არა, ექიმო, თავში რეტი კი ვიცი, მაგრამ ახლა არა. რატომ მაქანავებს? მეშინია, ექიმო, ხორა არ მქონდეს!“ თანმხლებ პირს უმწეოდ გადავხედე, მიმიხვდა და ამიხსნა: „ქალბატონო თინა, ჩემს მეგობარს ღამით ქავილი აწუხებს და ეშინია, მუნი არ ჰქონდეს“…
  5. გასინჯვის შემდეგ გურული პაციენტი მეკითხება; “ექიმო, შარვალი შევიფსკვნა?“
  6. ახალგაზრდა პაციენტი, სპორტსმენი, ჩემი დანიშნულება რომ ჩაიკითხა, მეკითხება: “ამის გარდა საჭმელი უნდა ვჭამო, თუ მოვკვდე მშიერი.“
  7. ჩემს კოლეგას, დერმატოლოგს, განმეორებით კონსულტაციაზე მისული პაციენტი ეუბნება: -ექიმო, თქვენი დანიშნულება ძალიან მომიხდა და მადლობელი ვარ, მაგრამ ის ცარცივით წამალი (გულისხმობს კანზე წასასმელ შესანჯღრევ ემულსიას) ცოტა ცუდი დასალევი იყოო.
  8. შვიდი წლის შოთიკო მეჭეჭების მოწვის შემდეგ კონტროლზე ყოველ მოსვლაზე შიშით ცრემლების ფრქვევით ტიროდა. ერთხელ ვეხუმრე: შენ ალბათ საცრემლე პარკები გადავსებული გაქვს და ცრემლებს ამიტომ ვეღარ აკავებ-მეთქი. შოთიკომ ტირილით „გამისწორა“: -არა, პარკები მისკდება-ხოლმე.
  9. იმერული იუმორი. საკონსულტაციოდ მოვიდა 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თმის ანდროგენული ცვენით. თმა პრაქტიკულად არ ჰქონდა თხემის და შუბლის მიდამოში. მიზეზის გარკვევის მიზნით ვუსვამ შეკითხვებს. მამამისმა გვისმინა, გვისმინა და ბოლოს მეუბნება: – ქალბატონო თინა, მაგის მიზეზი მე მკითხეთ. ისეთი ცხელი წყლით იბანს თავს, მაგის შემდეგ „ვანაში“ რომ შეხვიდეთ, გული შეგიღონდებათ. სოფელში ქათმებს გასაპუტად მდუღარეში ვაყოფინებდით თავს-მეთქი ვეუბნები, მაგრამ არ მიჯერებს…
  10. სამსახურის საქალაქო ტელეფონზე მირეკავს ქალბატონი:-თინიკო ექიმო, მე ვარ… ყველაფერი გავაკეთე, რაც თქვენ მთხოვეთ და მოვიდე? – უკაცრავად ქალბატონო, ვინ ბრძანდებით და რა გააკეთეთ?… ანალიზები? კარგი, მობრძანდით.
  11. პირველად დერმატოლოგთან. 4 წლის გივიკოს კანის გამონაყარზე წასასმელი ჰუმანიტარული მალამოს ერთი ტუბი გავუწოდე და ღიმილით ვუთხარი: “აი ეს წამალი შენ, საჩუქრად!“ ლოყებგაბუთქულმა გივიკომ გამომართვა, ტუბი ატრიალა-ატრიალა და დაბნეულმა მკითხა: “ეს პირში უნდა ჩავიდო?“
  12. ბებიამ მომიყვანა 6 წლის გიორგი გასასინჯად. ბავშვი, როგორც ჩანს, თეთრხალათიანებს ვერ ეწყობოდა – გასინჯვის მერე ყოველ წუთს ბებიას ხელზე ქაჩავდა და ეკითხებოდა: “ახლა სახლში მივდივართ?.. სახლში არ მივდივართ?.. უკვე მივდივართ სახლში?..” დანიშნულება სწრაფად დავუწერე, ბებიას გადავეცი, ვცდილობ დროზე გავუშვა, მაგრამ არ მინდა გამომრჩეს მნიშვნელოვანი დეტალები, კერძოდ, როგორ უნდა გაკეთდეს რივანოლის ხსნარის  საფენები. დეტალურად ვუხსნი: “ოთახის ტემპერატურაზე მდგარ ხსნარში დაასველებთ ექვს ფენა ბინტის ნაჭერს, რეზინის ხელთათმანიანი ხელით ოდნავ მოწურავთ, დააფენთ ბავშვს გამონაყარზე, გააჩერებთ 5-10 წთ (სასურველია არ გაშრეს), შემდეგ იმ საფენს გადააგდებთ, აიღებთ მეორე საფენს…” და ა.შ. ვგრძნობ, რომ ბებია გაფანტულად მისმენს, გულისყური ბავშვისკენ აქვს. პერიოდულად ვჩერდები და ვეკითხები, ხომ გასაგებია, რასაც ვუხსნი. თავს მიქნევს. დავამთავრე და ვეკითხები: ხომ ყველაფერი გასაგებია? .. დაბნეული მეკითხება: “თინიკო ექიმო, ეგ მალამოა?…“…. მცირე პაუზის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე: ” არა, ეგ მალამო არ არის, ეგ ხსნარია“. ..და ვიწყებ თავიდან : “ოთახის ტემპერატურაზე მდგარ ხსნარში დაასველებთ ექვს ფენა ბინტის ნაჭერს…”
  13. ექიმების გაკრული ხელწერის შესახებ მოგეხსენებათ. მიუხედავად ჩემი „ლამაზი“ კალიგრაფიისა, მქონდა ასეთი შემთხვევა: ახალგაზრდა ქალბატონს ქავილის გამო დანიშნულების პირველ პუნქტად დიეტა დავუწერე, შემდეგ კი – მედიკამენტები. ათი დღის შემდეგ კონტროლზე გამოცხადდა, თან დედამთილი მოიყოლა. ყველაფერი სწორად და ზუსტად შეუსრულებია და შედეგიც კარგი იყო. როდესაც ძველი დანიშნულების ფურცელი ვთხოვე, მეკითხება: -ქალბატონო თინა, აქ რომ დუტა წერია, რას ნიშნავს? – რა დუტა, სად? მომაწოდა დანიშნულების ფურცელი და მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა: – იცით, ჩემმა მამამთილმაც თქვენს დანიშნულებაში დუტა ამოიკითხა. მივხვდი სიტუაციის „ტრაგიზმს“.  :)))) – საყვარელო, ვინმე მამაკაცი არ მიგულისხმია, აქ დიეტა წერია:   …!
  14. ექიმთან კონტროლზე მისული პაციენტი ეკითხება: – ექიმო, ტაბლეტს რომ ვყლაპავ, მიჭირს და შეიძლება წყალი დავაყოლო?..
    (მომაწოდა ექიმმა ნოე ალფაიძემ)
  15. 3 წლის მარის ვუხსნი დიეტას დედასთან ერთად და თან ვეუბნები, რომ უკვე დიდი გოგოა, მანაც დაიხსომოს და დედიკოს დაეხმაროს. მარიმ მისმინა, მისმინა, ეტყობა ეძნელა და უცბად შემაწყვეტინა: – მე პატარა ვარ!
  16. 4 წლის ნათია მომიყვანა დედიკომ გასასინჯად. ბავშვი ლამაზი, ქერა, კონტაქტური. თვალის უპეები შეშუპებული, ატოპიური დერმატიტის გამონაყარი სხეულზე, სისხლში ეოზინოფილია. დავუნიშნე მკურნალობა, დედას ავუხსენი დიეტის შესახებ. მეორე დღეს დედას მოჰყავს ბავშვი ჩივილით, რომ  თურმე მას მეზობელთან სტუმრობისას ლობიო უჭამია, ყავაც დაუყოლებია და მთხოვა, მენახა კანის მდგომარეობა. გამონაყარი მომატებოდა, რისთვისაც დედას საყვედური ვუთხარი, რომ არ იცავენ დიეტას. დედამ ბავშვს გადააბრალა. მაშინ დავსვი ნათია და ვეუბნები: – ახლა კარგად მისმინე და დაიხსომე, რა არ უნდა ჭამო. და ვუთვლი: თაფლი, ნიგოზი, თხილი, ყავა, შოკოლადი, გაზიანი სასმელები…  ნათია მისმენს, ცისფერი თვალებით მომჩერებია და თანდათან იღუშება. ბოლოს ვეღარ მოითმინა და წამოიძახა: „ აბა, მარტო ჭყალი?! “
  17. 40 წლის მამაკაცი, უცოლო, მოჭიდავე, ენამჭევრი. მკურნალობდა ფრჩხილის სოკოვანი დაავადების გამო. ყოველ ვიზიტზე უამრავ შეკითხვას მისვავდა. ყველაფერს დეტალურად, მოთმინებით ვუხსნიდი. ერთ-ერთი ვიზიტის დროს დაწვრილებით ავუხსენი, როგორ უნდა გაიკეთოს სოდიან-საპნიანი აბაზანა ფრჩხილების დასამუშავებლად. შეკითხვებით „ამოვწურეთ“ ეს საკითხი. ღამის 11 საათზე მირეკავს. მობილურზე ნახევრად მძინარე ვპასუხობ. მეკითხება: „თინიკო ექიმო, ერთი შეკითხვა მაქვს, აბაზანას რომ გავიკეთებ, ბოლოს წყალი გადავივლო, თუ სოდა ზედ დავიტოვოო?“…
  18.  მომავალი ექიმი. სამი წლის ნინი, სანამ მის დანიშნულებას ვწერდი, ჩემს ასისტენტთან მივიდა და ეკითხება: „შენ ატოპიული კანი გაქვშ?“ … გონს რომ მოვედით, სიცილი აგვიტყდა. ნინი არ დაიბნა და გააგრძელა: „ექიმი უნდა გამოვიდე და ყველა უნდა მოვალჩინო“. შემდეგი საუბრის თემა საბავშვო იყო: „მაშა აკეთებს რაღაც სისულელეებს…“ და მოყვა ეპიზოდებს „მაშა და დათვის“ მულტფილმებიდან.
  19. გონიერი, წესიერი პატარა კაცი. ორი წლის გიგი უსიტყვოდ უყურებს ჩემი კაბინეტის მაგიდაზე თეფშზე დადებულ ყურძენს და უცბად იძახის: „ალა… მატკენს ფუებს“.
  20. „უმანკო“. ამბულატორიულ მიღებაზე მობრძანდა 78 წლის ქალბატონი, სახელად „უმანკო“. გაოცება არ შევიმჩნიე და ვეკითხები ანკეტით გათვალისწინებულ სტანდარტულ კითხვას: „გათხოვილი ბრძანდებით?“. მხიარულად მპასუხობს: „აბა რა!? უმანკო დიდი ხნის წინ ვიყავი“…