კონტურული პლასტიკა გულისხმობს სპეციალური შემავსებლის, ფილერის (filler-შემავსებელი) შეყვანას კანქვეშ.

პროცედურის განვითარების  სხვადასხვა პერიოდში ფილერებად  სხვადასხვა ნაერთებს იყენებდნენ.

დღეისთვის არსებობს შემდეგი სახის ფილერები:

პერმანენტული ფილერი – თხევადი სილიკონი, ანბიოპოლიმერული გელი. დღეს ამ პრეპარატებს იყენებენ მხოლოდ ტრავმის შემდგომი დეფექტის შესავსებად;

ხანგრძლივ მომქმედი ფილერი – სინთეზურ-ბიოლოგიური ნაერთი, რომელიც დღეს თითქმის აღარ გამოიყენება.

დროებითი მოქმედების ფილერი – ბიოდეგრადირებადი ნივთიერებების ნაერთი. მას ნაკლები გვერდითი ეფექტი აქვს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილებს, მაგრამ მისი მოქმედების ხანგრძლივობა შეზღუდულია; ასეთ ფილერებს განეკუთვნება საკუთარი ორგანიზმიდან სპეციალური ლაბორატორიული მეთოდებით მიღებული ცხიმი, კოლაგენის გელი; დღეს მსგავსი პრეპარატებიც შეzღუდულად გამოიყენება.

ჰიალურონის მჟავის პრეპარატები, რომელიც ორ კლასად იყოფა, ცხოველური წარმოშობის, რომლებიც ხშირად იძლევა ალერგიულ რეაქციებს, მოქმედების ხანგრძლივობა  6 თვემდეა  და დღეს ყველაზე ეფექტური, უსაფრთხო და  პოპულარული – არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატები;

ჰიალურონის მჟავა არის კანის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც განაპირობებს კანის ტენიანობას და ელასტიურობას.

არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატები  არ იწვევენ ალერგიულ რეაქციებს და გვერდით მოვლენებს, მათი მოქმედების ეფექტი გრძელდება ქსოვილში პრეპარატის კონცენტრაციიდან და გელის სიბლანტიდან გამომდინარე 6 თვიდან 2 წლამდე.

გამოიყენება: ნაოჭების შესავსებად და ვიზუალურად მათ გასაქრობად (მსხვილი, საშუალო და წვრილი ნაოჭები) ტუჩების, თვალის გარშემო, ცხვირ-ტუჩის, შუბლის არეში;

როგორც შემავსებელი-მოცულობითი ეფექტის მისაღებად ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის მიდამოში, სახის ოვალის კორექციისთვის, ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად; ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის.

გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებას და კოლაგენის  გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად, კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ  ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.

პროცედურა ტარდება წინასწარ მომზადებულ (დამუშავებულ) კანზე,  პრეპარატის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. პრეპარატი შეგვყავს  სპეციალური კანულით, ქსოვილის ნაკლები ტრავმატიზაციის მიზნით, თუმცა შესაძლებელია მისი შეყვანა მიკროინიექციებითაც.

პროცედურის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში და არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს.

ეფექტი დგება მომენტალურად და დროთა განმავლობაში  შესაძლებელია პრეპარატის დამატება ეფექტის გაძლიერების მიზნით.

უკუჩვენებებია: ორსულობა, მწვავე ცხელებითი დაავადებები, ჰემოფილია, ნეფროპათია.