1. ძალიან მეუხერხულება მოგმართოთ ამ კითხვით, მაგრამ უკვე ძალიან ვნერვიულობ. სულ რაღაც 2 დღის წინ მქონდა დაუცველი ანუ არაუსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი…ძალიან ნასვამი ვიყავი…არც მანდილოსანი, პარტნიორი არ გახლდათ ჩვეულებრივი გოგო, მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანი იყო…იმ წუთას ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ ვერც ვაანალიზებდი, რას ვაკეთებდი…ჩემი კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს…ძალიან მეშინია ვირუსის…როდის შეიძლება რომ მივიდე ექიმთან და ავიღო ანალიზები ყველა ვირუსზე, როდიდან გამოჩნდება, თუ რამე მჭირს? ძალიან გთხოვთ, იქნებ უპასუხოდ არ დამიტოვოთ ეს წერილი.

პასუხი: დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ საუკეთესო ვარიანტია სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე და რომელიმეს აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო პროფილაქტიკური კურსის ჩატარება. თუ ამის შესაძლებლობა არ არის (უცნობი პარტნიორი, ან მისი კატეგორიული უარი გამოკვლევაზე, ან სხვ.), უნდა დაელოდოთ კლინიკურ გამოვლინებას (წვა, ტკივილი, გამონადენი, გამონაყარი და სხვ.) და ასეთის შემთხვევაში მიმართოთ ვენეროლოგს. სისხლის შემოწმებას სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე აზრი აქვს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ.

2. თქვენი დახმარება მჭირდება და არც ვიცი რით დავიწყო! მე მგონი ტრიპერი მაქვს! უფრო სწორად ჩემს პარტნიორს აღმოუჩინეს და მეც სიმპტომები მაქვს იგივე! ძალიან დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ აღარ ვიცი, რა ვქნა! რჩევა მინდა თქვენგან. რა გავაკეთო? ექიმთან ვერ მივდივარ, არ ვიცი, ალბათ მორიდების მომენტია თუ რა, არც ვიცი. შეგიძლიათ უბრალოდ დამისახელოთ მედიკამენტები და მე თვითონ რომ ვიმკურნალო? მთელი ცხოვრება თქვენი მადლობელი ვიქნები, ქალბატონო თინა! 19 წლის ვარ..

პასუხი: თავს უფლებას ვერ მივცემ წამლები დაგინიშნო, მაშინ, როდესაც გამოკვლევით არ გაქვს დადგენილი, თუ რა გჭირს. მე შემიძლია შემდეგნაირად დაგეხმარო: ხვალ, ან როდესაც მოისურვებ (რაც მალე – უკეთესი), მობრძანდი დილით მოუშარდავი ჩვენს ინსტიტუტში და ჩვენს ვენეროლოგებს გაგასინჯებ (თუ პრობლემა გაქვს ანონიმურობაც დაცული იქნება), ისინი გაგიკეთებენ ანალიზებს და ჩაგიტარებენ მკურნალობას. სამარცხვინო და მოსარიდებელი აქ არაფერია, ხდება ხოლმე. თუმცა ჭკუა იხმარე სხვა შემთხვევებში და იცოდე, რომ არსებობს “ტრიპერზე” უარესი დაავადებებიც, რომლებიც ძნელად იკურნება, ან საერთოდ არ იკურნება.