1. გთხოვთ, მითხრათ, როგორ მოვიშორო „მაზოლები.“

პასუხი: „მაზოლების” მკურნალობის რამოდენიმე გზა შემიძლია შემოგთავაზოთ:  1. აფთიაქში  იყიდება სპეციალური დასარბილებელი პლასტირები. შეგიძლიათ ინსტრუქციას გაეცნოთ და თქვენ თვითონ დაიკრათ. 2. ჩვენთან, ეროვნულ ცენტრში შეგიძლიათ მობრძანდეთ და ექთანი დაგადებთ კოჟიჟზე სპეციალურ წამალს. 3. ეროვნულ ცენტრში მოქმედებს პოდოლოგიური კაბინეტი, სადაც ექიმი პოდოლოგი აპარატით ამუშავებს კოჟიჟებს. სამივე ეფექტურია. განსხვავება კვალიფიკაციასა და ფასებშია.

2. სახეზე, ყვრიმალზე დიდი ხანია მქონდა პატარა ჩაქცევა ვარსკვლავივით, ძაფებივით პატარა კაპილარები ჩანდა. დღეს დილით ერთ-ერთი კაპილარი სიგრძეზე ჩამოსულა, როგორც ჩამოკაწრული, ძაფივითაა ისიც. რა საშუალებებით ხდება კანქვეშა კაპილარების გაქრობა, რაიმე კრემს ხომ არ მირჩევდით?
პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი სურათი შეესაბამება ტელეანგიექტაზიებს. მისი მოშორება შეიძლება ელექტროკოაგულაციით, ან ლაზერის სხივით კოსმეტიკის კაბინეტში.

3. დიდი ხანია დენის ეპილატორს ვხმარობ, რის გამოც ფეხებზე თმა მიბრუნდება და ლაქები გამიჩნდა, განსაკუთრებით ბიკინის ზოლში. იქნებ რამე მირჩიოთ?
პასუხი: რამოდენიმე ხნით უნდა მიატოვო გაპარსვა. პინცეტით ამოიღო ჩაბრუნებული თმები და დაამუშავო უფერო კასტელანის სითხით, ჩხირზე ბამბით, სანამ წარმოქმნილი ანთებითი კვანძები კანის დონეზე არ დადგება და ქერქი არ მოშორდება, არ გაიპარსო.

4. ჩემს 16 წლის ბიჭს ზაფხულიდან აქვს მეჭეჭი ფეხზე. ვიხმარეთ სოდიანი აბაზანები და იოდი მაგრამ შედეგი არ გამოიღო. სიარულშიც უშლის ხელს. ხომ ვერ გვირჩევდით რაიმე საშუალებას სახლის პირობებში სამკურნალოდ?
პასუხი: შეგიძლიათ იხმაროთ კოჟიჟის წამალი, რომელიც დაარბილებს და შესაძლოა ამოაგდებს კიდეც მეჭეჭს, მაგრამ შემდეგ საჭირო იქნება მისი მოწვა ქარჩაულის სითხით, ან აზოტით მოყინვა (როცა გარქოვანებული აღარ იქნება).