1. მაქვს შეკითხვა ვიტილიგოს შესახებ. მაინტერესებს მისი გამომწვევი მიზეზები და თუ არსებობს რაიმე ახალი ეფექტური პრეპარატი.

პასუხითანამედროვე მედიცინა ვიტილიგოს აუტოიმუნურ დაავადებად განიხილავს. ისიც, როგორც სხვა აუტოიმუნური დაავადებები, დღეისათვის პრობლემას წარმოადგენს, რამდენადაც იმუნოლოგია მედიცინის ახალგაზრდა დარგია.
მიუხედავად ამისა, დერმატოლოგებს გააჩნიათ გარკვეული არსენალი ამ დაავადების სამკურნალოდ სხვადასხვა ადგილობრივი ხსნარების, გელების, კრემების, აგრეთვე დასალევი აბებისა და პუვა-თერაპიის სახით.
საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ვიტილიგოს სამკურნალო პრეპარატების დეფიციტი იყო და მათ პაციენტები საზღვარგარეთის ქვეყნებში შოულობდნენ. დღეისათვის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა პრეპარატი ვიტიქსი სამკურნალო გელის, შემნიღბავი გელის და მზისგან დამცავი კრემის სახით. აგრეთვე პროტოპიკი, ელიდელი. მინდა შეგახსენოთ, რომ მკურნალობა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია.

კითხვამინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროული პასუხისათვის. აქვე მინდა გკითხოთ, შედეგიანია თუ არა ფიტოთერაპიული მკურნალობა. მე მაქვს ბალახეული რეცეპტი, თუმცა არ გამომიყენებია.
პასუხი: ვიტილიგოს სამკურნალოდ რაიმე მცენარეული პრეპარატი არ ვიცი, ამიტომ შედეგზეც ვერაფერს გეტყვი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ქრისტესისხლას იყენებენ თეთრი ლაქების შესაღებად, რასაც მხოლოდ კოსმეტიკური დანიშნულება აქვს, ამასთან ჭარბი რაოდენობით გამოყენებას შეიძლება აქერცვლა მოჰყვეს.
2.  გთხოვთ მომწეროთ სკლეროატროფიული ლიქენის და სკლეროდერმიის შესახებ. რამდენადაც ვიცი, ეს დაავადებები ძალიან ჰგავს ვიტილიგოს. რადგანაც ჩემი ლაქები არის იღლიებში და ბიკინის მიდამოებში (ძველი ლაქები გამიჩნდა უფრო ადრე მუცლის და წელის არეში), ხომ შეიძლება, მეც ეს მჭირდეს. მაინტერესებს გამომწვევი მიზეზი და თუ განკურნებადია.
პასუხიდერმატოლოგისთვის ძალიან ადვილია ამ სამი დაავადების დიფერენცირება დათვალიერებით და პალპაციით (ხელით გასინჯვით). ელემენტარულად რომ ვთქვათ, ვიტილიგოს დროს კანის რელიეფი შეუცვლელია, სკლეროდერმიის დროს კანი შესქელებულია, სკლეროატროფიული ლიქენის დროს კი, პირიქით, გათხელებული. ამას გარდა, არის სხვა განმასხვავებელი კლინიკური ნიშნებიც. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ, სწორი იქნება, შენს დაავადებაზე იზრუნო და მსოფლიო დერმატოლოგიურ პრობლემებზე ფიქრს თავი დაანებო. ცხოვრება უფრო მარტივი იქნება. :)

3. მუცელსა და მუხლს ზემოთ კანზე მაქვს თეთრი პატარა ლაქები. ვიყავი დერმატოლოგთან და სოკოზე ჩავიტარე გამოკვლევა, მაგრამ არ აღმომაჩნდა. ზოგმა მითხრა, რომ ეს შესაძლოა ნამზეურის ბრალი იყოს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და საშიში ხომ არ იქნება ზღვაში ბანაობა ან გარუჯვა?

პასუხითეთრი ლაქები სხეულზე შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა მიზეზით. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მზისგან ნარუჯის სხვადასხვა ინტენსივობით მიღება – როდესაც კანის ნაწილი ჩამოიფცქვნება და შემდგომ მიღებული ნარუჯი ძველთან შედარებით ნაკლები ინტენსივობისაა. ასეთ შემთხვევაში ლაქები მოთეთრო ფერისაა, მაგრამ კანის ბუნებრივ სითეთრესთან შედარებით მუქია და ჩნდება აქერცვლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში თეთრი ლაქები შესაძლოა იყოს ისეთი დაავადების გამოხატულება, როგორიცაა ვიტილიგო, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ვამჩნევთ გარუჯვის შემდეგ. ამ დაავადების დროს დარღვეულია მელანოგენეზის პროცესი, ანუ კანის მიერ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დამცავი ნივთიერების – მელანინის წარმოქმნის პროცესი. კლინიკურად ასეთ ლაქებს აქერცვლა არ ახასიათებთ. პირველ შემთხვევაში გარუჯვას განსაკუთრებული ზიანის მიყენება არ შეუძლია. მეორე შემთხვევაში კი მზეზე ყოფნა აკრძალულია. ზღვაში ბანაობა ყველა შემთხვევაში შეგიძლიათ თავისუფლად.