1. ამ ბოლო დროს ხელზე, მკლავის მიდამოებში პერიოდულად მიჩნდება ხოლმე წითელი დიდი რაღაც. ერთი მორჩება, მეორე ჩნდება. ამომდის თავისდაუნებურად. გამოიყურება, როგორც კოღოს ნაკბენი, ოღონდ უფრო დიდია, რომელიც ძალიან გაღიზიანებულია ფხანით. იქნებ რამით დამეხმაროთ, ძალიან შეშინებული ვარ. ალერგიული კი ვარ, მაგრამ არა მგონია, ალერგიის ბრალი იყოს.

პასუხი: თქვენს მიერ აღწერილი გამონაყარი წააგავს ჭინჭრის ციებას, ანუ ურტიკარიას, რასაც ქრონიკული ხასიათი აქვს. ქრონიკული ურტიკარიის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. იგი ალერგიული ტიპის დაავადებაა და მისი მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია, დადგენილი იყოს რა ალერგენი თამაშობს მის წარმოშობაში როლს. უპირველეს ყოვლისა, გამომწვევი ფაქტორი უნდა იყოს მოცილებული (ეს შეიძლება იყოს გარეგანი ან შინაგანი რაიმე დაავადება). რიგ შემთხვევაში ამის დადგენა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს იდიოპათიურ ურტიკარიას. დაავადების მკურნალობაში, მიზეზის მოცილების გარდა, აუცილებელია ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგძლივი მიღება.