კანის დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია ანამნეზის შეკრება და კანის გარეგანი დათვალიერება. ზოგჯერ, საჭიროა ბიოფსია და გამოკვლევის სხვა საშუა-ლებების გამოყენება.

ანამნეზის შეკრება დიაგნოზის დასმისათვის საჭირო პირველი ეტაპი და საექიმო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც განისაზღვრება, უპირველესად, ექიმის პროფესიული და პიროვნული თვისებებით. ანამნეზით დგინდება: დაავადების სიმპტომები, საწყისი გამოვლინების დრო, სიმწვავე და ლოკალიზაცია, პროცესის გავრცელება, ფორმის შეცვლა, ტრიგერები, ოჯახური ანამნეზი, პროფესიასთან კავშირი, ადრე ჩატარებული მკურნალობა და მისი შედეგი, მიმდინარე მკურნალობა.

კანის დაზიანების აღწერა. კანის დაზიანების სტანდარტული აღწერისათვის შემუშავებულია სპეციალური ტერმინოლოგია დაზიანების პირველადი მორფოლოგიის (დაზიანების ტიპი), მეორეული მორფოლოგიის (კონფიგურაცია), მისი სტრუქტურის, გავრცელებისა და ფერის გათვალისწინებით.

კანზე არსებული ცვლილებების აღმნიშვნელი ძირითადი ტერმინია გამონაყარი.

 

პირველადი მორფოლოგია

სხვადასხვა ხასიათის გამონაყარს, რომელიც დერმატოზების დროს კანსა და ლორწოვან გარსებზე ჩნდება, გამონაყარის მორფოლოგიური ელემენტები ეწოდება. არჩევენ ორ ჯგუფს: პირველადი, რომელიც ჩნდება შეუცვლელ კანზე, და მეორეული, რომელიც წარმოიქმნება პირველადი ელემენტების ევოლუციის შედეგად, მათ ზედაპირზე, ან მათი გაქრობის შემდეგ. დიაგნოსტიკური თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია პირველადი მორფოლოგიური ელემენტები, რომელთა ხასიათის (ფერი, ფორმა, ზომა, საზღვრები, ზედაპირის ხასიათი და სხვ.) მიხედვითაც, ზოგჯერ, შეიძლება, განისაზღვროს დერმატოზის სახე.

პირველადი მორფოლოგიური ელემენტებია: ლაქა, პეტექია, პურპურა, ტელეანგიექტაზია, პაპულა, ანუ წვრილი კვანძი, ვეგეტაცია, ბალთა, კვანძი ანუ ნოდუსი, ბუშტუკი, ბუშტი, ჩირქმბადი ანუ პუსტულა, ბუდგი ანუ ურტიკა.

მეორეული მორფოლოგიური ელემენტებია: ქერცლი, ქერქი, ნახეთქი, ექსკორიაცია ანუ ნაკაწრი, ეროზია, წყლული, ატროფია, ნაწიბური, ლიქენიფიკაცია, ცისტა.

 

თუ გამონაყარი ერთი სახის მორფოლოგიური ელემენტითაა წარმოდგენილი, მას მონომორფულს უწოდებენ. ერთდროულად ორი ან მეტი სხვადასხვა პირველადი ელემენტის შემთხვევაში კი გამონაყარს პოლიმორფულს (ჭეშმარიტი პოლიმორფიზმი) უწოდებენ. ერთი პირველადი ელემენტისა და სხვადასხვა მეორეული მორფოლოგიური ელემენტის არსებობა გამონაყარს პოლიმორფულ სახეს აძლევს, რასაც ცრუ (ევოლუციური) პოლიმორფიზმი ეწოდება.

 

მეორეული მორფოლოგია

მეორეული მორფოლოგია (კონფიგურაცია) გულისხმობს ერთეული დაზიანების ფორმასა და დაზიანებული კერების ურთიერთგანლაგებას.

ხაზოვანი დაზიანება სწორხაზოვანი ფორმისაა.

ანულარული დაზიანება რგოლის ფორმისაა, ცენტრში დაუზიანებელი კანით.

ნუმულარული დაზიანება მომრგვალო ან მონეტის ფორმისაა.

სამიზნეს (ხარის თვალი ან ირისი) ფორმა რგოლისებურია, რომლის ცენტრი მუქია.

სერპიგინოზული დაზიანება ხაზოვანი, განშტოებადი და რკალოვანი ელემენტებისგან შემდგარი დაზიანებაა.

რეტიკულური დაზიანება მაქმანის ან ბადისებური სახისაა.

ჰერპეტიფორმული გამონაყარი ჯგუფად განლაგებული პაპულები ან ბუშტუკებია.

ზოსტერისებური დაზიანების დროს ჯგუფად განლაგებული პაპულები ან ბუშტუკები სიგრძივად ლაგდება.

 

გამონაყარის ლოკალიზაცია და გავრცელება

გამონაყარის შეფასებისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს იგი

  • ერთეულია თუ მრავალი,
  • სხეულის რომელ ადგილებზეა განსაკუთრებულად განლაგებული (მაგ., კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, თავის თმიან არეში, პირის ღრუსა და გენიტალიუმის ლორწოვან გარსებზე),
  • გაფანტულად მდებარეობს, თუ შემოფარგლულია,
  • სიმეტრიულია, თუ ასიმეტრიული,
  • ხილულ თუ დაფარულ არეებზეა.

მაგალითად,

ფსორიაზი ხშირად აზიანებს თავის თმიან არეს, მუხლების და იდაყვების გამშლელ ზედაპირებს, ჭიპისა და დუნდულოებს შუა არეს.

ბრტყელი ლიქენი ხშირადაა ლოკალიზებული მაჯებზე, წინამხრებზე, წვივებზე, აზიანებს ლორწოვან გარსებსაც (პირის ღრუ და გენიტალიუმი).

დისკოიდურ წითელ მგლურას ახასიათებს გამონაყარი ხილულ ადგილებზე, კერძოდ, სახეზე, განსაკუთრებით შუბლზე, ცხვირზე და ყურის ნიჟარაზე.

კანის სტრუქტურა

დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია კანის სტრუქტურის ცვლილება, რაც ხილულია, ან პალპაციით შეიძლება შევიგრძნოთ. მეჭეჭოვან დაზიანებას აქვს არაერთგვაროვანი, ზოგჯერ ხავერდოვანი ზედაპირი (მაგ., მეჭეჭები და სებორეული კერატოზი). ლიქენიფიკაცია არის კანის გასქელება ნორმალური კანის ფონზე, რაც მრავალჯერადი ხახუნის შედეგია. ინდურაცია, ან კანის ღრმა გასქელება, შეიძლება იყოს შეშუპების, ანთების ან ინფილტრაციის შედეგი (მაგ.,სიმსივნეების დროს).