თმის ცვენის პრობლემა არსებობდა ყველა დროში. ტერმინი ალოპეცია, რაც ნიშნავს თმის საფარველის დაკარგვას, შემოტანილი იყო არისტოტელეს მიერ. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში თმის ცვენის საწინააღმდეგო 300 000-მდე საშუალება არსებობს, რაც ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატზე მეტია.
სტატისტიკით ყოველი ოთხი ადამიანიდან სამს აქვს თმასთან დაკავშირებული პრობლემები. თმის დაკარგვა ან მისი დაკარგვის შიში საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ სფეროზე, რაც აისახება მისი ცხოვრების ხარისხზე.
თმის ცვენის მიზეზები მრავალრიცხოვანია:
• გენეტიკური განწყობილება
• ენდოკრინული დაავადებები
• სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, როგორიცაა: ციტოსტატიკები, ანტიკოაგულანტები, თირეოსტატიკური პრეპარატები, რეტინოიდები, ანტიმალარიული საშუალებები და სხვ.
• ემოციური და ფიზიკური სტრესები
• ეგზოგენური და მეტაბოლური ჰიპოპროტეინემია. მათ შორის სისხლდენა, შიმშილი და მკაცრი დიეტა
• პროფესიული ან შემთხვევითი კონტაქტი ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებასთან
• მიკროელემენტების ბალანსის დარღვევა
• ავთვისებიანი წარმონაქმნები
• იმუნიტეტის დაქვეითება
• გარეგანი აგრესიული ფაქტორების ზემოქმედება, ეკოლოგიური ფაქტორები
• თავის თმიანი არის ინფექციური დაავადებები
• თავის თმიანი არის და ფესვის არასაკმარისი სისხლმომარაგება
• შინაგანი ორგანოების დაავადებები
თავზე ადამიანის თმის ზრდა ხორციელდება ციკლურად. ყოველი თმის ფოლიკულში ცხოვრების მანძილზე წარმოიქმნება რამოდენიმე თმა. ზრდის პირველი – ანაგენური ფაზა გრძელდება 3-5 წელი, ამ დროის განმავლობაში თმა მუდმივად იზრდება დაახლოებით ერთი სმ-ით თვეში. ამ ფაზის ხანგრძლივობა სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია, თუმცა სწორედ ის განსაზღვრავს თმის მაქსიმალურ სიგრძეს, რასაც შეუძლია მიაღწიოს მან, თუ არ შეჭრიან. ანაგენის ფაზა გადადის ინვოლუციურ კატაგენის ფაზაში, რომელიც გრძელდება ორი კვირა და შემდგომ ტრასფორმირდება ტელოგენში. ეს უკანასკნელი წარმოადგენს არააქტიურ ფაზას 3 თვის ხანგრძლივობით. ტელოგენის ფაზაში თმა რჩება მიმაგრებული ფოლიკულში, მაგრამ არ იზრდება. ფაზის ბოლოში ფოლიკული აქტიურდება, იწყება ახალი ანაგენის ფაზა და ახალი თმის ზრდა, რომელიც ავიწროებს ძველ ტელოგენურ თმას ფოლიკულში. სწორედ ამ ფაზაში ხდება თმის ცვენა. როგორც აღვნიშნეთ, ყოველდღიურად 50-100 ღერი თმის დაკარგვა ითვლება ნორმად. ამგვარად, ყოველი თმა 3-5 წელიწადში იცვლება ახლით.
ნორმაში თმების 10% იმყოფება ტელოგენის ფაზაში. ამ მაჩვენებლის მომატების შემთხვევაში ვითარდება ალოპეცია.
არსებობს რამოდენიმე მდგომარეობა, რომლის დროსაც ვითარდება ალოპეცია ტელოგენის ფაზაში: საკმაოდ ხშირად ალოპეციის ეს ფორმა ემართებათ ქალებს მშობიარობიდან 3 თვეში. ცხოვრების მეექვსე თვეზე ყველა ბავშვს უვითარდება ტელოგენის ფაზაში ალოპეცია. სწორედ ამიტომ ახალშობილებს უფრო მეტი თმა აქვთ, ვიდრე 3-4 თვის შემდეგ.
განარჩევენ ნაწიბუროვან და არანაწიბუროვან ალოპეციას.
ნაწიბუროვანი ალოპეცია ვითარდება მეორადად თავის თმიან არეში განვითარებული პათოლოგიური პროცესის, მაგალითად, ქრონიკული პიოდერმიის, სკლეროდერმიის, წითელი ბრტყელი ლიქენის ატროფიული ფორმის, ბროკის ფსევდოპელადის, წითელი მგლურას შედეგად.

არანაწიბუროვანი ალოპეციის სახეებია: ანდროგენული, დიფუზური და ბუდობრივი.
ანდროგენული ალოპეცია არის ფიზიოლოგიური მოვლენა გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირთათვის. ამ დროს ხდება თმების ტრასფორმაცია ტერმინალურიდან ღინღლოვანამდე, თმის ფოლიკულების ზომის რედუქციას თან სდევს ანაგენის ფაზის შემცირება და შესაბამისად ტელოგენის ფაზაში თმის რაოდენობის მატება. თმის მოცვლის ყოველ ციკლთან ერთად მცირდება ფოლიკულის ზომა და მოკლდება ციკლის დრო. ზოგიერთი ფოლიკული თმის ჩამოვარდნის შემდეგ აგვიანებს ანაგენის ფაზაში შესვლას და ასეთი ფოლიკული გამოიყურება, როგორც ცარიელი. პროცესი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში სქესობრივი მომწიფების შემდეგ.

როგორც აღვნიშნეთ, თავის თმიანი არის მთელ ზედაპირზე თანაბრად და ყოველდღიურად თმის დაკარგვა წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს. ფოლიკული თმის დაკარგვის შემდეგ კვლავ შედის ანაგენის ფაზაში და ალოპეცია არ ვითარდება, თუმცა სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით თმის ზრდის ციკლი ირღვევა და იწყება დიფუზური ალოპეცია.
დიფუზური თმის ცვენის მიზეზი მრავალრიცხოვანია. ის შეიძლება იყოს:
• ენდოკრინული დაავადებები: ჰიპოთირეოიდიზმი, ჰიპერპარა-თირეოიდიზმი, ჰიპოპიტუიტარიზმი;
• სხვადასხვა მედიკამენტის მიღება, როგორიცაა: ციტოსტატიკები, ანტიკოაგულანტები, თირეოსტატიკური პრეპარატები, რეტინოიდები, ანტიმალარიული, ანტიეპილეფსიური და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი, ინსექტიციდები;
• ემოციური და ფიზიკური სტრესები;
• ეგზოგენური და მეტაბოლური ჰიპოპროტეინემია, მათ შორის სისხლდენა, შიმშილი და მკაცრი დიეტა.
მეტაბოლური დარღვევები, ემოციური სტრესები, ორგანიზმის იმუნური სისტემის დამასუსტებელი დაავადებები იწვევენ ტელოგენურ თმისცვენას, კერძოდ, თმის მომწიფების დროს თმის ფოლიკულების ნაადრევ გადასვლას ანაგენის ფაზიდან ტელოგენში. თმა რჩება ტელოგენის ფაზაში დაახლოებით 3 თვე, ხოლო შემდეგ ცვივა. ამგვარად, დაავადების დასაწყისსა და რეალურად თმის ცვენას შორის არსებობს დროის შუალედი. ტელოგენის ფაზაში იშვიათად ცვივა თმის 50% ზე მეტი. ავადმყოფს უჩნდება თხელი თმა, თუმცა გამელოტება არ აღინიშნება. თუ ავადმყოფი გამოჯანმრთელდება, აღდგება ნორმალური თმის ზრდა.
• პროფესიული ან შემთხვევითი კონტაქტი ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებებთან
• ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები,
• მძიმე დაავადებები,
• მიკროელემენტების ბალანსის დარღვევა,
• ავთვისებიანი წარმონაქმნები, მეტასტაზირებული სიმსივნე,
სიმსივნით დაავადებულებში გვხვდება დიფუზური ალოპეციის ორი ფორმა. ანაგენის ფაზაში გამელოტება წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის შედეგს. თავის თმიან არეზე სხივური თერაპიის ჩატარებისას ან ქიმიოთერაპიისას აღინიშნება თმის დაკარგვა რამოდენიმე კვირის მანძილზე თმის ფოლიკულის ზედმიწევნით მგრძნობიარე ჰერმინატულ უჯრედებზე მისი უშუალო ზემოქმედების გამო. შედეგად თმის მატრიქსი წარმოქმნის გათხელებულ ღეროს, რომელიც თანდათან წვრილდება და ხდება ძალიან მტვრევადი. თმის აღდგენა იწყება თერაპიის დასრულების შემდეგ. ტელოგენური თმისცვენა იგივე მექანიზმით მიმდინარეობს, როგორც მეტაბოლური დარღვევების დროს.
ბუდობრივი ალოპეცია ხასიათდება მომრგვალო მკვეთრი საზღვრების მქონე გამელოტებული კერის გაჩენით. დაავადების შემოსაზღვრულმა ფორმებმა შეიძლება მიიღოს ისეთი პროგრესული ხასიათი, რომ მოხდეს თმის საფარველის სრული დაკარგვა როგორც თავის თმიან არეზე, ასევე მთელს სხეულზე. როგორც წესი, ამ დროს სუბიექტური ჩივილები არ აღინიშნება. დაზიანების ფართობის მიხედვით განარჩევენ კეროვან ფორმას, რომლის დროსაც აღინიშნება ერთი ან რამოდენიმე გამელოტებული უბანი, სუბტოტალურს – როდესაც თავის თმიან არეზე არის დარჩენილი მცირე თმიანი უბნები, ტოტალურს – როდესაც თავის თმიან არეზე სავსებით არ აღინიშნება თმები, და უნივერსალურ ფორმას, რომლის დროსაც თმა არ არსებობს არამარტო თავზე, არამედ მთლიანად ან ნაწილობრივ სხეულზე. ოფიაზისი კერები იკავებს თავის თმიანი არის კიდეებს
ტოტალური ალოპეცია ხშირად იწყება ბავშვთა ასაკში, როგორც კეროვანი ალოპეცია, თუმცა შემდეგ ხდება სწრაფი ტემპით ახალი კერების გაჩენა, მათი შერწყმა, რასაც მოჰყვება თმის სრული გაცვენა თავზე, მათ შორის წარბებზე და წამწამებზე.
სუბტოტალური ალოპეცია იკავებს თავის თმიანი არის 50%-ს, ხასიათდება ნელი მიმდინარეობით, ჩნდება ახალი კერები, რომლის დროსაც კიდეების არეში შენარჩუნებულია ბუსუსოვანი და მოკლე თმები, სადაც არის თხელი, დაგრეხილი და უფერო ერთეული თმები ან მათი ჯგუფები, რომლებიც ადვილად ძვრება მათი მოქაჩვისას. ხშირად ხდება წარბების გათხელება და წამწამების ნაწილობრივი დაცვენა.
უნივერსალური ალოპეცია ხშირად შერწყმულია ფრჩხილების დისტროფიულ ცვლილებებთან და თან ახლავს ნევროზული სინდრომი ვეგეტოდისტონიით.