1. ვარ 26 წლის მამაკაცი. მაქვს თმის გაძლიერებული ცვენა. რას მირჩევთ?

პასუხი: თმის ცვენა სხვადასხვა ტიპის არსებობს. მათი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა. ამიტომ, სწორი რჩევა რომ მოგცეთ, საჭიროა ჯერ თქვენი თმის ცვენის ტიპისა და მიზეზების დადგენა.

2. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. მცვივა თმა. ვარ მეძუძური დედა. ვსვამ პრეპარატ რევალიდს, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. იქნებ მირჩიოთ, რა ზომები მივიღო.
პასუხი: თუ თმისცვენა დიფუზურია და მისი დასაწყისი ემთხვევა თქვენს მშობიარობას, მიზეზი შესაძლოა ჰორმონალური ცვლილებები იყოს. გააგრძელეთ მკურნალობა და დაელოდეთ შედეგს ერთი თვე მაინც. მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები – ბოსტნეული და ხილი.

3. ვარ 25 წლის ბიჭი და 2 წელია, რაც თმის ცვენა დამეწყო შუბლთან. შინაგანად არაფერი მაწუხებს და ალბათ გენეტიკურია… სიმპტომები არის ასეთი: ახალი ნაბანიც რომ მქონდეს თავი, სადაც ცვენა მაქვს და შეთხელებული მაქვს თმა, მაქვს ქავილი.. თუ შეიძლება მიპასუხეთ,  რამდენად შედეგიანი შეიძლება ასეთი სახის თმის ცვენის მკურნალობა და ზოგადად როგორ მოვუარო თმას და რა სახის შამპუნი გამოვიყენო. (თვით თმა არ არის ცხიმიანი, მაგრამ კანი ცხიმიანი მაქვს).
პასუხი: სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ანდროგენული თმის ცვენა, რომელიც შესაძლოა გენეტიკური განწყობილებით იყოს განპირობებული. ასეთი ტიპის თმის ცვენის სამკურნალოდ მოწოდებულია ადგილობრივი პრეპარატი – მინოქსიდილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმოებისაა და სხვადასხვა სახელწოდებითაა. შედეგი რამოდენიმე თვის შემდეგ ვლინდება. გამოიყენე სპეციალური შამპუნი ცხიმიანი კანის და თმის ცვენისათვის.

4. ვუჩივი თმის ცვენას განსაკუთრებით ბოლო 6 თვეა. თმა გამიხდა ძალიან ცხიმიანი. შინაგანად, ვფიქრობ, ყველაფერი წესრიგში მაქვს, ვხმარობ საუკეთესო შამპუნებს ცხიმიანი თმის საწინააღმდეგოდ. ამჟამად ვიყიდე კლორანი, მაგრამ უარესი შედეგი მაქვს. ვსვამ პოლიჟენს, კალცი D3, ფიტინს. ფრჩხილებიც მექერცლება. რას მირჩევთ?

პასუხი: თმის და ფრჩხილის დაზიანება შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰორმონალური დარღვევებით (ფარისებრი ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლით). სასურველია ჩაიტაროთ ამ მხრივ გამოკვლევა და მისი შედეგების მიხედვით – დამატებითი მკურნალობა. მიიღეთ ბიოტინი, ჟელატინი საკვებად.

5. მაქვს გრძელი თმა და ბოლო დროს თმის ღერს მოჰყვება თმის ძირი, რაც ძალიან ცუდად ჩანს თმაზე, ძალიან გთხოვთ, მომწერეთ ჩემს მაილზე, რით ვუშველო ამ პრობლემას, ვარ 15 წლის.

პასუხი: ნორმაში დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 80-100 თმის ღერი შეიძლება ჩამოცვივდეს ადამიანს. გრძელ თმაზე ეს მეტად თვალსაჩინოა. ასე რომ, შეიძლება თქვენ არაფერი დარღვევაც არ გაქვთ.