აკნე (ჩვეულებრივი ფერისმჭამელა) კანის ცხიმოვანი ჯირკვლების დაავადებაა და ლოკალიზებულია კანის იმ უბნებზე, რომლებიც მდიდარია ცხიმოვანი ჯირკვლებით: სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე.დაავადების უპირატესად სახეზე ლოკალიზაცია ავადმყოფებს უქმნის გარკვეულ უხერხულობას, რაც ხშირად ცვლის მათ ფსიქიკურ მდგომარეობას და ხელს უშლის სოციალურ ადაპტაციაში. დაავადების ეტიოლოგიასა და პათოგენეზზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს. თანამედროვე შეხედულებების თანახმად, აკნე პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც განსაზღვრულ როლს თამაშობს რამდენიმე შედარებით მნიშვნელოვანი პათოგენეზური ფაქტორი: ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია, კანის ცხიმის ჰიპერსეკრეცია, მიკროფლორის, ბაქტერიული ლიპაზების და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების გავლენა, კერატინიზაციის დარღვევა, ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის შეცვლა, გენეტიკური განწყობილება. acne
ჩვეულებრივი ფერისმჭამელას პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციური დარღვევები, რასაც ადასტურებს დაავადების დაწყება პუბერტატულ პერიოდში, მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს ქალებში, ენდოკრინული პათოლოგიის ფონზე, ავადმყოფებში ჰიპერანდროგენიით. ენდოკრინული დარღვევების არსი მდგომარეობს სისხლის შრატში ესტროგენებთან შედარებით ანდროგენების კონცენტრაციის აბსოლუტურ ან შეფარდებით მატებაში.
იუვენილური (მოზარდთა) ფერისმჭამელას განვითარების ფონს ან ერთ–ერთ ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს ცხიმოვანი სებორეა, რომლის განვითარებას ხელს უწყობს ენდოკრინული და ნერვული სისტემების ფუნქციის დარღვევა. ყველაზე ადრეული მორფოლოგიური ცვლილება თმის ცხიმოვან აპარატში აკნეს დროს არის ფოლიკულურ არხში ეპითელიზაციის პროცესის დარღვევა. კანში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი აღიზიანებს ჯირკვლის სადინარებს და იწვევს გარქოვანების სტიმულაციას. ფოლიკულის ზედა არხის ჩამოფცქვნილი გარქოვანებული უჯრედები ხდებიან არანორმალურად წებოვანი. იმის მაგივრად, რომ განიცადონ განვითარების ნორმალური პროცესი და გამოიყონ ფოლიკულური ნახვრეტებიდან, ეს უჯრედები ქმნიან მიკროსკოპულ ჰიპერკერატინულ საცობს (მიკროკომედო) ფოლიკულურ არხში. ცხიმოვანი ჯირკვლები იხურება და გადაივსება. მიკროკომედოს პროგრესიული გაფართოება იწვევს კლინიკურად შესამჩნევ „კომედონებს“ , ანუ აკნეს არაანთებით გამონაყარს. სებორეული მდგომარეობისას მნიშვნელოვნად იცვლება კანის ცხიმის ქიმიური შემადგენლობა, მკვეთრად ეცემა მისი ანტიბაქტერიული და ფუნგიციდური თვისებები, რაც ქმნის ანთებითი პროცესების განვითარების ხელსაყრელ პირობებს თმის ცხიმოვან აპარატში, სადაც მოთავსებულია მრავალგვარი მიკრობული ფლორა.ფოლიკულებში შექმნილი ბაქტერიების განვითარებისათვის ცხიმით მდიდარი სასიცოცხლო გარემო ხელს უწყობს მათ გამრავლებას. ბაქტერიული ლიპაზები იწვევენ კანის ცხიმის ჰიდროლიზს თავისუფალ ცხიმოვან მჟავებამდე, რაც იწვევს ანთებითი პროცესის დაწყებას ცხიმოვან ჯირკვალში – პაპულებისა და პუსტულების ფორმირებას. სეკრეტით გადავსებული ჯირკვალი შეიძლება გასკდეს, რის შედეგად განთავისუფლებული მიკროორგანიზმები და მათი ნარჩენები ვრცელდება ირგვლივ მყოფ ქსოვილებში და იწვევს პერიფოკალური ქსოვილების ანთებას, რაც უკუგანვითარების შემდეგ ხშირად ტოვებს ნაწიბურს. შემაერთებელი ქსოვილების ინდივიდუალური თავისებურების გამო შესაძლოა ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბურების განვითარება.
ჩვეულებრივი ფერისმჭამელას ანთებითი ფორმების განვითარებაში დიდი როლი ეკუთვნის ბაქტერიულ მიკროფლორას. აკნოზური ელემენტებიდან სხვადასხვა ავტორების მიერ გამოყოფილია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პროპიონბაქტერიები, კორინებაქტერიები, საფუარა სოკოები. მკვლევართა უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროპიონბაქტერიებს და სტაფილოკოკებს. ანთების სიმძიმე დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ მიკროორგანიზმის აბსოლუტურ რაოდენობასა და პათოგენურობაზე, რომლებიც მონაწილეობენ ანთებით პროცესში, არამედ მიკროფლორის მიმართ ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ აწეულ მგძნობელობაზე.
მეცნიერთა დიდი ნაწილი იზიარებს დაავადების გენეტიკური განწყობილების თეორიას. მეცნიერები Мордовцев В.Н, Новикова Н.Ф., Алчангян Л.В. (2001) დაავადების 90% შემთხვევაში აღნიშნავენ მემკვიდრულ განწყობილებას. ამ თეორიის მიმდევართა აზრით, აკნე გადაეცემა აუტოსომურ–დომინანტური ტიპის მემკვიდრეობით, რიგ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიგენურ მემკვიდრეობას. როგორც აკნეს განვითარება, ასევე მისი კლინიკური სიმპტომების დამოუკიდებელი გაქრობა, დეტერმინირდება გენეტიკურად. ავტორთა აზრით, გენეტიკური განწყობილების დროს პერიფერიულ სისხლში ანდროგენების მხოლოდ მინიმალური კონცენტრაცია საკმარისი ხდება აკნეს განვითარებისათვის.