1. შეიძლება თუ არა, რომ ნამზეური სიმსივნური დაავადების წარმოშობის ან დაჩქარების მიზეზი გახდეს?

პასუხი: სტატისტიკურად დადგენილია, რომ არსებობს მზის სხივების ზემოქმედებით პიგმენტური ხალების ავთვისებიან სიმსივნედ – მელანომად გადაგვარების დიდი ალბათობა. აგრეთვე არსებობს კანის სიმსივნეები, რომლებიც მზის სხივების ზემოქმედებით კანის ხილულ უბნებზე ჩნდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჭარბი ინსოლაცია საზიანოა ადამიანის ორგანიზმისათვის.

2. ამბობენ, რომ სოლარიუმში მიღებული ნარუჯი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, იწვევს კიბოს და ა.შ მართალია თუ არა ეს?

პასუხი: საქართველოში, თავისი ბუნებრივი პირობების გამო, ადამიანი წლის განმავლობაში ბუნებრივად იღებს საკმაო რაოდენობით მზის სხივებს. სოლარიუმით კი სარგებლობენ წლის ისეთ დროს, როდესაც ბუნებრივ პირობებში არ შეუძლიათ ნარუჯის მიღება. ეს არის ზედმეტი დასხივება, რასაც ადამიანი ხელოვნურად იღებს. ჭარბი ინსოლაცია კი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისათვის.

3. როგორ გავლენას ახდენს გარუჯვა სახის ფერისმჭამელებზე?

პასუხი: გარუჯვის შემდეგ აკნეს შემთხვევაში პაციენტებთა უმრავლესობა თავს უკეთესად გრძნობს – ჩირქოვანი ინფექცია ქრება. ასეთი დადებითი ზემოქმედება აიხსნება მზის სხივების ერთგვარი ბაქტერიოციდული თვისებით, აგრეთვე კანის ცხიმიანობის შემცირებით.

4. ტანზე მაქვს ძალიან ბევრი ხალი. რამდენად საშიშია ჩემთვის ნამზეურის მიღება და როგორ შეიძლება დავიცვა თავი უსიამოვნო შედეგებისგან? მზისგან დამცავ რომელ კრემს მირჩევთ?

პასუხი: სტატისტიკურად დადგენილია, რომ არსებობს მზის სხივების ზემოქმედებით პიგმენტური ხალების ავთვისებიან სიმსივნედ – მელანომად გადაგვარების დიდი ალბათობა. ამდენად ექიმთა საერთო აზრია, რომ ასეთი ხალი დაცული უნდა იყოს მზის ინსოლაციისაგან. დაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მზის სხივების საერთოდ არიდება და არა დამცავი კრემების ხმარება.

5. როგორც ვიცი, კანის გარუჯვა აუცილებელია ადამიანისთვის, რათა მან მიიღოს D ვიტამინი, კონკრეტულად, რა ოდენობით გარუჯვაა საკმარისი და ერთ წელში რამდენჯერ?

პასუხი: ეს დამოკიდებულია წლის განმავლობაში ბუნებრივად მზიანი დღეების რაოდენობაზე და მზის გამოსხივების ინტენსივობაზე, რაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა მისი ადგილმდებარეობის შესაბამისად. საქართველოში, თავისი ბუნებრივი პირობების გამო, ადამიანს წლის განმავლობაში შეუძლია ბუნებრივად მიიღოს საკმაო რაოდენობით მზის სხივები, თუ კარჩაკეტილი ცხოვრებით არ ცხოვრობს. და ამისათვის ხელოვნური გარუჯვა არ სჭირდება.

6. იმ წყვილისთვის, ვისაც უნდა ბავშვის ჩასახვა, რამდენად რეკომენდებულია ზღვაზე დასვენება, ზღვაში ბანაობა, ან გარუჯვა?

პასუხი: თუ ზღვაზე ყოფნისას დაიცავენ ელემენტარული ჰიგიენის წესებს და დასვენებისა და გარუჯვის ნორმალურ რეჟიმს, ასეთი წყვილისათვის ზღვაზე დასვენებას რაიმე ზიანის მიყენება არ შეუძლია.

7. რა საშუალებებს მირჩევდით პლაჟზე გარუჯვისთვის?

პასუხი: როცა ბუნებრივ გარუჯვას ვიწყებთ, ზამთრის სეზონიდან გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე გადავდივართ, საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო, მზის სხივები უნდა მივიღოთ თანდათანობით, მზარდი ოდენობით, რომ კანის დამწვრობა არ განვითარდეს. ასევე უნდა მოვიქცეთ პლაჟზე გარუჯვისას. დამწვრობისადმი განსაკუთრებით მიდრეკილია I და II ტიპის კანი – წითური და ქერა ადამიანები, რომელთაც დიდხანს შეიძლება ვერ მიიღონ რუჯი და კანი მხოლოდ და მხოლოდ გაწითლდეს, დამწვრობა განვითარდეს. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, დიდი მნიშვნელობა აქვს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობას და დროს, კერძოდ, ზღვაზე საცურაოდ უნდა გახვიდეთ დილით 12 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ, როდესაც მზე ზენიტიდან გადასულია. ზემოაღნიშნული კანის ტიპის ადამიანებმა მზისგან დამცავი კრემები უნდა გამოიყენონ, რომლებიც SPF-ს, ანუ მზისგან დამცავ ფაქტორს შეიცავს. ესაა რიცხვებით გამოსახული მაჩვენებელი. რაც უფრო მაღალია იგი, მით უფრო ინტენსიურად იცავს კანს დამწვრობისაგან.

8. მუცელსა და მუხლს ზემოთ კანზე მაქვს თეთრი პატარა ლაქები. ვიყავი დერმატოლოგთან და სოკოზე ჩავიტარე გამოკვლევა, მაგრამ არ აღმომაჩნდა. ზოგმა მითხრა, რომ ეს შესაძლოა ნამზეურის ბრალი იყოს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და საშიში ხომ არ იქნება ზღვაში ბანაობა ან გარუჯვა?

პასუხი: თეთრი ლაქები სხეულზე შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა მიზეზით. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მზისგან ნარუჯის სხვადასხვა ინტენსივობით მიღება – როდესაც კანის ნაწილი ჩამოიფცქვნება და შემდგომ მიღებული ნარუჯი ძველთან შედარებით ნაკლები ინტენსივობისაა. ასეთ შემთხვევაში ლაქები მოთეთრო ფერისაა, მაგრამ კანის ბუნებრივ სითეთრესთან შედარებით მუქია და ჩნდება აქერცვლის შემდეგ. სხვა შემთხვევაში თეთრი ლაქები შესაძლოა იყოს ისეთი დაავადების გამოხატულება, როგორიცაა ვიტილიგო, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ვამჩნევთ გარუჯვის შემდეგ. ამ დაავადების დროს დარღვეულია მელანოგენეზის პროცესი, ანუ კანის მიერ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან დამცავი ნივთიერების – მელანინის წარმოქმნის პროცესი. კლინიკურად ასეთ ლაქებს აქერცვლა არ ახასიათებთ. პირველ შემთხვევაში გარუჯვას განსაკუთრებული ზიანის მიყენება არ შეუძლია. მეორე შემთხვევაში მზეზე ყოფნა აკრძალულია.