ჰერპეს ზოსტერი (Herpes zoster) – ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და კანს.
ე ტ ი ო ლ ო გ ი ა  და  პ ა თ ო გ ე ნ ე ზ ი. დაავადების გამოვლენას წინ უსწრებს გამომწვევი ვირუსის Varicela zoster-ის, ბავშვობაში გადატანილი ჩუტყვავილას ლატენტური ვირუსის, რეაქტივაცია სხვადასხვა მიზეზით (სომატური დაავადებები, ინფექცია, გაციება, სხივური ზემოქმედება). ხშირად ავადდებიან მამაკაცები 40-70 წლის ასაკში, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში.
კ ლ ი ნ ი კ უ რ ი  ს უ რ ა თ ი. ინკუბაციური პერიოდი არ არის დადგენილი. ხშირად იწყება პროდრომული მოვლენებით – სისუსტე, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა და ცალმხრივი ნევრალგია. დაზიანების არეში ჰიპერემიულ და შეშუპებულ კანზე წარმოიქმნება შეჯგუფებული ვეზიკულები. მორფოლოგიური ელემენტები ჩვეულებრივ ლაგდება დაზიანებული ნერვისა და მისი ტოტების გასწვრივ (გაყოლებით). ვეზიკულების შიგთავსი სწრაფად იმღვრევა, ვითარდება პუსტულა, რომელიც იხსნება, ფორმირდება ეროზიები, დაფარული ქერქებით. მძიმე შემთხვევაში წარმოიშობა წყლულოვანი და წყლულოვან-ნეკროზული დაზიანება სქელი ჰემორაგიული ქერქებით. დაავადების ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 კვირაა. 2-4%-ში შეიძლება განვითარდეს დაზიანების გ ე ნ ე რ ა ლ ი ზ ე ბ უ ლ ი  ფ ო რ მ ა ლიმფური კვანძების გადიდებით და გამონაყარის გავრცელებით მთელ ტანზე ძლიერი ტკივილის გარეშე. ეს ფორმა უვითარდებათ პირებს მძიმე თანმხლები დაავადებით (ლიმფომა, ლეიკოზი, შინაგანი ორგანოების სიმსივნეები), მათ, ვინც ხანგრძლივად ღებულობს ციტოსტატიკებს, იმუნოდეპრესანტებს, კორტიკოსტეროიდებს. ასევე, მძიმე ფორმაა – გ ა ნ გ რ ე ნ ო ზ უ ლ ი  ფ ო რ მ ა  (უვითარდებათ ხანშიშესულებს, დასუსტებულ პირებს, შაქრიანი დიაბეტით, კუჭის წყლულით). ამ შემთხვევაში წარმოქმნილი განგრენოზული წყლული ხანგრძლივად არ ხორცდება და ჩვეულებრივ ტოვებს ნაწიბურს. ტკივილი განპირობებულია ნეიროტროპული ვირუსით, ამასთან იგი შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად, გამონაყარის ალაგების შემდეგაც. იგი არის ყრუ, გამჭოლი, მწველი. თუ პროცესი ლოკალიზებულია თვალის არეში, შეიძლება გამონაყარმა დააზიანოს რქოვანა, კონიუნქტივა, სკლერა. ვირუსმა შეიძლება შეაღწიოს სუბარაქნოიდალურ სივრცეში და გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი მძიმე მიმდინარეობით.
დ ი ა გ ნ ო ზ ი დგინდება კლინიკური სურათის საფუძველზე და აუცილებლობის შემთხვევაში ვირუსოლოგიური გამოკვლევით (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია).
მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა. ჰერპეს ზოსტერის სამკურნალოდ იყენებენ აციკლოვირს 200მგ 5-ჯერ დღეში 7 დღე, ან ვალაციკლოვირს 0,5გ. 2-2 ტაბლეტს სამჯერ დღეში 7 დღე. შეშუპების მოსახსნელად სალიცილატები, დიაკარბი. გამოიყენება განგლიობლოკატორები (განგლერონი), ანტივირუსული გამაგლობულინი, ვიტ. B1, B12, C; ფიზიოთერაპია, დიათერმია, ინფრაწითელი ლაზეროთერაპია.

ზოგად თერაპიასთან ერთად ადგილობრივად ჰერპესული ინფექციის დროს გამოყენება 0,25-0,5% ბონაფტონის, 1% თებროფენის, 0,25-3% ოქსოლინის, 0,5% აციკლოვირის მალამო, 5-10% ლაზოლექსის გელი 4-6-ჯერ დღეში, 5-7 დღე (ქერქების ჩამოვარდნამდე).