თავის თმიანი არის ტილი

თავის თმიანი არის ტილი წარმოადგენს უფრთო მწერს, რომელიც ცხოვრობს სკალპზე და იკვებება სისხლით. მოზარდის თავის თმიანი არის ტილი 2-4 მმ სიგრძისაა. გავრცელების გზაა დაავადებულ ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი. თავის თმიანი არის ტილი საკმაოდ გავრცელებულია. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება ცუდი ჰიგიენა და დაბალი სოციალური ფენა, ის მაღალი საზოგადოების ფენებშიც გვხვდება. მდედრი ტილი დებს კვერცხებს და აცემენტებს მათ თმის ღეროზე. ტილის კვერცხები ღია მბრწყინავი ფერისაა და ძნელია შესამჩნევად, თუმცა მას შემდეგ რაც ტილი გამოიჩეკება (10 დღის შემდეგ), ცარიელი კვერცხი უფრო ადვილად შესამჩნევი ხდება.

დაავადების მთავარი სიმპტომი ქავილია. წილები უფრო მეტადაა განლაგებული კეფის და ყურის ზემოთ არეებში. შესაძლოა თმის ფოლიკულის გარშემო დაგროვილი ქერტლი ან კერატინი შეცდომით მიჩნეული იყოს წილებად, თუმდა მიკროსკოპული დათვალიერებით ადვილია დიფერენცირება. ძლიერი ქავილის შედეგად შესაძლებელია მეორადი ინფიცირება სტაფილოკოკით. 

ბოლო წლებში მკურნალობის სტრატეგიად მიიჩნევა როგორც ქიმიური, ასევე ფიზიკური მეთოდი. რეკომენდებულია ტილების საწინააღმდეგო სპრეების გამოყენება (პერმეტრინი), 7-10 დღეში კურსის გამეორებით გადარჩენილი წილების გასანადგურებლად. მკურნალობის მარტივი ფიზიკური მეთოდია ჩვეულებრივი შამპუნით ხშირი დაბანა და წვრილკბილებიანი ხშირი სავარცხლით ყოველ მე-4 დღეს თმების დავარცხნა.

ტანსაცმლის ტილი

ტანსაცმლის ან სხეულის ტილი პარაზიტია, რომლის გავრცელებას ხელს უწყობს ჰიგიენის დაუცველობა და სიღარიბე. ტილი ცხოვრობს და კვერცხებს დებს ტანსაცმელზე და მხოლოდ ტანზე გადმოდის სისხლით გამოსაკვებად. ხშირია მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში მათი გავრცელების საშუალებას მაწანწალები წარმოადგენენ, რომლებსაც მუდმივად ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ. ადამიანს, რომელიც ხშირად იცვლის ტანსაცმელს, არასდროს შეხვდება ტანსაცმლის ტილი, რადგან პარაზიტი დამოუკიდებლად ცოცხალი ორგანიზმის გარეშე ვერ ცოცხლობს და აგრეთვე ვერ ძლებს მაღალ ტემპერატურაზე ტანსაცმლის გარეცხვისას და გაუთოებისას. ტანსაცმლის ტილი გადამტანია ეპიდემიური ტიფის, რიკეთსიული დაავადების, რომელიც პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანის სიკვდილზე საუკუნეების მანძილზე.

ტანსაცმლის ტილი, ჩეულებრივ იწვევს ქავილს და დაავადებულის ტანზე როგორ წესი აღინიშნება მრავლობითი ექსკორიაციები. ქავილის მიზეზია ტილის ნერწყვის ანტიგენების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. თუ საეჭვოა ტანსაცმლის ტილის არსებობა, აზრი არ აქვს პაციენტზე ტილის მოძებნას, საჭიროა ტანსაცმლის კარგად დათვალიერება. მკურნალობა საჭირო არ არის, ერთადერთი აუცილებელია პაციენტმა კარგად დაიბანოს, ჩაიცვას სუფთა ტანსაცმელი და ინფიცირებული ტანისამოსი გაანადგუროს, ან გარეცხოს 60 გრადუსზე.

ბოქვენის ტილი

ბოქვენის ტილი, აგრეთვე ცნობილი “სიყვარულის ბაღლინჯოდ”, ჩვეულებრივ ვრცელდება დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო ფიზიკური კონტაქტის შედეგად, ან შესაძლოა უნიტაზის დასაჯდომიდან. ადრე მიიჩნეოდა, რომ ბოქვენის ტილი ნაკლებად მოძრაობდა, თუმცა ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ ღამის განმავლობაში ის საკმაოდ აქტიურია. ბოქვენის ტილი შეგუებულია გარკვეული სიხშირის თმაში ცხოვრებას. მას არ შეუძლია გამრავლდეს სკალპის თმაზე, გარდა თავის თმიანი არის ნაპირებისა, მაგრამ ბოქვენის, იღლიის, წვერის და წამწამების თმა მისი ცხოვლემყოფელობისთვის იდეალურია და ძალიან ჭარბთმიან მამაკაცებში იგი შესაძლოა სხეულზეც გავრცელდეს. ბოქვენის ტილი ვიზუალურად წააგავს კიბორჩხალას და აქვს საკმაოდ ძლიერი წანაზარდები, რითიც ის მჭიდროდ ეკიდება თმის ღერს. მდედრი ტილი თავის თმიანი არის ტილის მსგავსად დებს კვერცხებს და აცემენტებს მათ თმის ღერებზე.

ქავილი, როგორც წესი ღამით, არის სიმპტომი, რომელიც იპყრობს პაციენტის ყურადღებას. ტილები მარტივად შესამნევია, მაგრამ ზოგჯერ მათი კვერცხები, რომელიც ყავისფერია, უფრო ადვილი სანახავია. თუ პარაზიტები მრავლადაა, შესაძლოა საცვალზე ეტყობოდეს ტილების კბენისგან დატოვებული სისხლის პატარა წვეთები. წამწამებზე გავრცელებისას წამწამები მორთულია უხვი წილებით და კვერცხებით. ბავშვს შესაძლოა ბოქვენის ტილი შეხვდეს მშობლებთან ნორმალური ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში. ასეთ დროს ტილით დასნებოვნება ხდება სკალპის და წამწამების. თუ ტილი იზოლირებულად იქნა ნაპოვნი ბავშვში, არ შეიძლება ეს მივიჩნიოთ ბავშვზე სქესობრივ ძალადობად.

ბოქვენის ტილის სამკურნალოდ გამოიყენება იგივე ხსნარები, რაც თავის თმიანი ტილის შემთხვევაში, თუმცა რეკომენდებულია უსპირტო სითხეების გამოყენება, რამდენადაც სპირტი გამოიწვევს კანის ირიტაციას. აგრეთვე სასურველია ნამკურნალები იქნეს მთლიანად სხეული და სკალპიც. მკურნალობა უნდა გამეორდეს 7-10 დღეში. წამწამების მკურნალობა შესაძლებელია რბილი პარაფინით (ვაზელინი) 3-ჯერ დღესი 2-3 კვირის განმავლობაში, რაც ბლოკავს ტილის სასუნთქ სისტემას და ხუთავს ტილს.