მეჭეჭები კეთილთვისებიანი ეპიდერმული ნეოპლაზიაა, რომელსაც იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი(HPV).  არსებობს რამდენიმე ტიპის მეჭეჭები:

ვულგარული მეჭეჭები

წამოწეულია კანის ზედაპირიდან, გამონაყარს აქვს ყვავილოვანი კომბოსტოს მაგვარი ზედაპირი, ხშირია მტევნებზე. განსაკუთრებით ავადდებიან ბავშვები და მოზარდები. გამონაყარი შესაძლოა გაფანტულად იყოს ფავრცელებული, შეჯგუფებულად ან ახლოს ფრჩხილებთან. ვულგარული მეჭეჭები ბავშვებში ხშირად შესაძლოა გაქრეს სპონტანურად.

ვულგარული მეჭეჭების მკურნალობას წარმოადგენს მეჭეჭის მოსაწვავი სითხეები ან კრიოთერაპია. ეფექტურია პრეპარატები, რომელიც შეიცავს სალიცილის მჟავას . კრიოთერაპია თხევადი აზოტით გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მეჭეჭები რეზისტენტულია მოსაწვავი სითხეების მიმართ. ბავშვებში კრიოთერაპია სიფრთხილით გამოიყენება. მრავლობითი ვულგარული მეჭეჭების შემთხვევაში საჭიროა რამდენიმე პროცედურა 2-3 კვირის შუალედებით.

ტერფის მეჭეჭები

ტერფის მეჭეჭები შესაძლოა განლაგებული იყოს გაფანტულად მთელს ტერფზე და აგრეთვე შეჯგუფებულად და ქმნიდეს ე.წ “მოზაიკურ” მეჭეჭებს. ჩვეულებრივ, ტერფის მეჭეჭები პატარა გასქელებულ არეს წარმოადგენს, რომლის ზედაპირის ჩამოფრცქვნისას გამოჩნდება მრავლობითი შავი წერტილები, რაც კაპილარების თრომბოემბოლიის შედეგია. ტერფის მეჭეჭები საკმაოდ მტკივნეულია. აუცილებელია განვასხვავოთ ტერფის მეჭეჭები მაზოლისაგან და კოჟრისაგან, რომელიც ვითარდება ძვლოვან წანაზარდებზე ხშირი ზეწოლის შედეგად. მაზოლი ერთგვაროვნად გასქელებული უბანია, ხოლო კოჟრს აქვს კერატინის მტკივნეული ცენტრალური საცობი, რომელიც არ შეიცავს კაპილარებს.

ტერფის მეჭეჭების მკურნალობისთვის გამოიყენება მეჭეჭის მოსაწვავი სითხეები და კრიოთერაპია მეჭეჭის გარქოვანებული ზედაპირის მოფხეკვის შემდეგ.

ბრტყელი მეჭეჭები

ბრტყელი მეჭეჭები წარმოადგენს თხელ, კანის ზედაპირიდან მცირედ წამოწეულ, კანის ფერის გარქოვანებულ უბნებს, რომელიც, როგორც წესი, ჩნდება მტევნის ზურგზე და სახეზე. ხშირად ახასიათებს ხაზოვანი განლაგება, რადგან ვირუსი ადვილად მრავლდება ნაკაწრის და ზედაპირული ჭრილობის ადგილას. 

ბრტყელი მეჭეჭები საკმაოდ ძნელი სამკურნალოა და ზოგჯერ მკურნალობის მცდელობა შესაძლოა უფრო მეტად დამაზიანებელი იყოს, ვიდრე სასიკეთო. ხშირად უკუგანვითარდება სპონტანურად, რის გამოც უმჯობესია დარჩეს მკურნალობის გარეშე.

გენიტალიუმის მეჭეჭები (condyloma acuminata)

ბოლო წლების განმავლობაში გენიტალური მეჭეჭების გამოწვევი ზოგიერთი ტიპის ვირუსი მიიჩნევა საშვილოსნოს და ასოს კიბოს ეტიოლოგიურ ფაქტორად, რის გამოც პაციენტებს გენიტალიუმის მეჭეჭებით აუცილებელია ჩაუტარდეთ გამოკვლევა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციურ დაავადებებზე და ნამკურნალები იყვნენ სპეციალიზირებულ ვენეროლოგიურ განყოფილებაში.