მეზოთერაპია მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება სამკურნალო და ესთეტიკურ მედიცინაში. როგორც მეთოდის ავტორი, მიშელ პისტორი განმარტავს (მან პროცედურა 1952 წელს დანერგა), ეს არის პროცედურა, რომელიც ლაკონურად შესაძლებელია დაახასიათო სამი მაჩვენებლით: იშვიათად, მცირე დოზებით და საჭირო ადგილზე… ამ შემთხვევაში, იშვიათი ნიშნავს პროცედურის  ჩატარების შესაძლებლობას (საშუალებას) დროის ხანგრძლივი ინტერვალებით, მცირედ – პრეპარატის შეყვანას მიკრო-დოზებით და, რა თქმა უნდა, საჭირო ადგილას  პრეპარატის დეპოს შექმნას, რაც ქმნის მეთოდის გახანგრძლივებულ ეფექტს.

პრეპარატის შეყვანა ხდება კანის სხვადასხვა ფენაში ან კანქვეშ, არსებული პრობლემიდან გამომდინარე.

პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, შესაძლებელია პროცედურის ჩატარება როგორც ნემსით, ასევე უნემსოდ (სპეციალური კოსმეტოლოგიური აპარატის გამოყენებით).

ჩატარებული პროცედურის შედეგი და მისი შემდგომი ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენებული პრეპარატის ხარისხზე და სპეციალისტის პროფესიონალიზმზე.

მეზოთერაპიისათვის გამოიყენება პრეპარატები ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემენტების შემცველობით, ასევე ფიტოთერაპიული, ქიმიოთერაპიული და ცხოველური წარმოშობის პრეპარატები, მზა კოქტეილები და  ჰომეოპათიური საშუალებები.

მეზოთერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია კუპეროზის (კანზე გამოხატული კაპილარული ქსელი), ცხიმიანი და ფოროვანი კანის, პიგმენტური ლაქების, კანის ასაკობრივი ცვლილებების – გრავიტაციული ფტოზი, ნაოჭები, მოდუნებული და გამომშრალი კანი, ნაწიბურების, აკნეს და პოსტაკნეს, სტრიების, ზედმეტი ცხიმის და ცელულიტის, თმის ცვენის (მიზეზის მიხედვით), პილინგის შემდგომი პერიოდის დროს.

კოქტეილის შეყვანისთანავე, შესაბამის უბანში, იწყება უჯრედების და კანის კვების, კანში მიკროცირკულაციის აღდგენა, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, უმჯობესდება ლიმფის მიმოქცევა, მცირდება შეშუპება, ქსოვილში მატულობს ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენის გამომუშავება, ხდება კანის მექანიკური სტიმულაცია, ასევე, ცელულიტის დროს ხდება პრეპარატის ზემოქმედებით ცხიმოვანი უჯრედების დაშლა. შედეგად ხდება კანის ფერის გაუმჯობესება (იგი ხდება გლუვი, მკვრივი და ელასტიური), ლაქების გაქრობა, სახის ოვალის აღდგენა, ცელულიტის ალაგება, თმის ცვენის შეჩერება, ნაწიბურების და ნაოჭების, აკნეს და როზაცეას ალაგება, სტრიების შემცირება/ალაგება.

პრეპარატი შეირჩევა ინდივიდუალურად, ასევე პაციენტის სურვილის მიხედვით. პროცედურა ტარდება მიკროინიექციებით ადგილობრივი ანესთეზიით (იმ შემთხვევაში, თუ მეზოთერაპია ტარდება ნემსით).

პროცედურა უკუნაჩვენებია: ორსულობის, მწვავე ცხელებითი დაავადებების, ჰემოფილიის, ნეფროპათიის, პრეპარატების კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური ზემგრძნობელობის დროს.

უნემსო მეზოთერაპიის  პროცედურის შემთხვევაში ადგილობრივი გაუტკივარება არაა საჭირო.

პროცედურა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.

შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე, სახსრების მიდამოში.

პროცედურების რაოდენობა დამოკიდებულია  საწყის მდგომარეობასა და სასურველ შედეგზე, მიზანშეწონილია 6-10 პროცედურის 7-10 დღეში ერთხელ ჩატარება.