1. რამდენად არის რეკომენდებული ფსორიაზით დაავადებული ადამიანისთვის სვირინგის გაკეთება? გასაგებია, რომ, ალბათ, სასურველი არ არის, მაგრამ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და რა შედეგებს მივიღებთ?

პასუხი: არაჩვეულებრივი შეკითხვაა და მინდა მადლობა გადაგიხადო ამისთვის. საქმე იმაშია, რომ ფსორიაზისთვის პროგრესულ სტადიაში დამახასიათებელია დადებითი იზომორფული რეაქცია (კებნერის ფენომენი), რაც გულისხმობს მექანიკური გაღიზიანების ადგილზე, იქნება ეს ნაკაწრი, ნაოპერაციევი ჭრილობა, თუ სხვა რამ, ახალი ელემენტის გაჩენას.
ასე, რომ ფსორიაზით დაავადებულისთვის სვირინგი, შეიძლება ითქვას, კატეგორიულად აკრძალულია.

2. 4 წელია მაქვს ფსორიაზის მძიმე ფორმა (სახსრებზე გართულებული). ჰორმონალური მალამოების სმით კანი სულ გამიუბედურდა (თავსაც ვერ ვანებებ, უკუეფექტი აქვს საშინელი). სხვა გზა აღარ მაქვს და ACD-ს მიღება გადავწყვიტე. მაინტერესებს იმუნო დეპრესანტთან (Dermovate) კონფლიქტში ხომ არ შევა? ანუ ერთად მიღება ამ ორი პრეპარატისა რამეს ხომ არ მიზავს?

პასუხი: ACD-ს ეფექტურობა ფსორიაზის მკურნალობაში დადასტურებული არ არის. შეუსაბამო მკურნალობამ შეიძლება ფსორიაზი უფრო გაამწვავოს. მძიმე ფორმის ფსორიაზისთვის მედიცინა იყენებს ციტოსტატიკებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომელსაც ექიმის კონტროლი სჭირდება. ექიმბაშურ მეთოდებზე მე რჩევას ვერ მოგცემ.

3. ძალიან დამავალებთ, თუ დამეხმარებით, სად შევიძინო კალციპოტრიოლის პრეპარატები! როგორც ვიცი, ყველაზე ეფექტური და ნაკლები გართულების მქონე გარეგანი საშუალებაა! მაინტერესებს თქვენი კომპეტენტური აზრი! ასევე თუ შეიძლება, დაგვისახელეთ ყველაზე ეფექტური შამპუნი თავის ფსორიაზის სამკურნალოდ.

პასუხი: საქართველოში შემოდის კალციპოტრიოლის პრეპარატი Daivobet, სადაც იგი ბეტამეტაზონთან  კომბინაციაშია. შეგიძლიათ იშოვოთ ისრაელში ან რუსეთში Daivonex-ის სახელწოდებით. იგი ეფექტურია მსუბუქი და ზოგჯერ საშუალო სიმძიმის ფსორიაზის სამკურნალოდ. ყველაზე ეფექტური შამპუნი თავის ფსორიაზის სამკურნალოდ არის კუპრის შემცველი შამპუნები, მაგრამ მარტო შამპუნით ეფექტს ხშირად ვერ ვაღწევთ.

4. ყოვედღიურად რომელი მალამო შეიძლება ვიხმარო ფსორიაზისთვის? დაფოთლილი ვარ თითქმის ყველგან და მაქვს ქავილი. დერმოვეიტს და ჰიდროკორტიზონს ვხმარობ, მაგრამ უფრო ეფექტურს ხომ ვერ მეტყვით?

პასუხი: დერმოვეიტი ყველაზე ძლიერი სტეროიდია, აგრეთვე კლოვეიტიც. თუ არ გშველის, ზოგადი თერაპია იქნება საჭირო. ყოვედღიური გამოყენებისათვის გავრცელებული ფსორიაზის დროს დეკომენდებულია შარდოვანას 5 ან 10%–იანი მალამოები.

5. სახის ფსორიაზისთვის შეიძლება MILGAMAS მალამოს მიღება?

პასუხი: სახეზე ფსორიაზი იშვიათი მოვლენაა და ის გვხდება ზოგჯერ მამაკაცებში წვერების ადგილზე. მილგამა ფეხის კრემია 10 % შარდოვანას შემცველობით და სახეზე არ შეიძლება მისი გამოყენება.

6. შეიძლება ფსორიაზი მამაკაცებსაც დაემართოთ? ქავილი და ქერცვლა თუ იცის?

პასუხი: ფსორიაზი შეიძლება კაცსაც დაემართოს და ქალსაც. ქავილი აქვს იშვიათად. დამახასიათებელია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლები.

7. ფსორიაზი გადამდებია?

პასუხი: კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ ფსორიაზი არ არის ინფექცია და გადამდები არ არის.