1. Tinea cruris და საზარდულის ეპიდერმოფიტია ერთიდაიგივე დაავადებაა, თუ სხვადასხვა?
პასუხი: საზარდულის ეპიდერმოფიტია Tinea cruris მიეკუთვნება და მის გამომწვევად გვევლინება სოკო – ეპიდერმოფიტონი.  ტერმინში Tinea cruris იგულისხმება საზარდულის არეში ლოკალიზებული ყველა სოკოვანი დაავადება, რომლის გამომწვევად, ეპიდერმოფიტონის გარდა, ხშირად გვევლინება  წითელი ტრიქოფიტონი.

2. რამდენად დიდია შავ ზღვაში ან თბილისის ზღვაში სტაფილოკოკის ან კანის სოკოვანი დაავადებების შეძენის შანსი?

პასუხი: თუ ზღვაზე ყოფნისას დაიცავთ ჰიგიენის ელემენტარულ წესებს (ზღვაში ბანაობის შემდეგ გადაივლებთ სუფთა წყალს, პლიაჟზე არ ივლით ფეხშიშველი და ა.შ.), რაიმე ინფექციის საშიშროება არ გელით.

3. ყურში მაქვს სოკო, ვმკურნალობდი ნიტროფუნგინით, მაგრამ არ მიშველა. ყურის ქავილი ძალიან მაწუხებს, არ ვიცი, როგორ ვიმკურნალო, დიდი ხანია, რაც ეს მაწუხებს. ამჟამად  ბავშვს ვაწოვებ ძუძუს. თუ შეიძლება რამე მირჩიეთ.

პასუხი: რადგან სოკოს მკურნალობამ არ გიშველათ, შესაძლოა სოკოვანი დაავადება არც გაქვთ. რადგან მოსვლა არ შეგიძლით და ვერ გნახავთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ  გაქვთ სებორეა, რომელსაც ქავილი ახასიათებს. იხმარე რომელიმე სტეროიდული მალამო.

4. საკმაოდ დიდი ხანია მაწუხებს ფეხის ფრჩხილების სოკოვანი დაავადება. ფრჩხილის წაძრობა მირჩიეს. მაინტერესებს, მკურნალობის რამდენხნიანი კურსი უნდა ჩავიტარო.
პასუხი: ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, რამდენად სწრაფად ეზრდება მას ფრჩხილი, აგრეთვე მისი დაზიანების ხარისხზე და ფართზე. იგი მინიმუმ სამ თვეს გასტანს და ხშირად მეტი ხანიც სჭირდება, სანამ ფრჩხილი თავიდან ბოლომდე ჯანმრთელი არ გაიზრდება. რაც შეეხება ფრჩხილის მოცილებას. მისი მთლიანი წაძრობა არ არის სწორი. უნდა მოცილდეს მხოლოდ მისი დაზიანებული ნაწილი და შემდეგ ჩატარდეს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა. მარტო ფრჩხილის დამუშავება საკმარისი არ არის, რადგან მკურნალობის გარეშე ისევ დაზიანებული ფრჩხილი იზრდება. მკურნალობის მეთოდი შეირჩევა კონკრეტული მდგომარეობის მიხედვით. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას მარტო ადგილობრივი თერაპია უნდა ჩატარდეს, თუ ზოგადი თერაპიაც (დასალევი წამლები). ეს უკანასკნელი დამოკიდებულია, რამდენად გავრცელებულია ინფექცია, დაზიანების ხარისხზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე.

 5. დიგნოზი დამისვეს ნაირფეროვანი პიტირიაზი. ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგოდ, ისევ გამიჩნდა გამონაყარი,ძალიან გთხოვთ მირჩიოთ, როგორ და რითი შეიძლება ვიმკურნალო?

პასუხი: სხვადასხვა ფერის პიტირიაზი კანის სოკოვანი დაავადებაა, რომელიც კანის ინფექციურ-პარაზიტული დაავადებების ჯგუფს ეკუთვნის. ეს არის დაავადება, რომლისგან ადამიანი სრულებით იკურნება. იგი შეიძლება ადამიანს მრავალჯერ გადაედოს, თუ არ იქნა დაცული ჰიგიენის წესები და თუ არსებობს ინფექციისთვის ხელისშემწყობი პირობები. ასეთებია სხვისი ტანსაცმლის ტარება, პირადი მოხმარების საგნების, როგორიცაა პირსახოცი, დასაბანი ღრუბელი, ჯერ დაავადებულის და შემდეგ სხვის მიერ გამოყენება, ოჯახის სხვა წევრის დაავადება, რომელიც არ მკურნალობს, ოფლიანობა და სხვ. ერთხელ დაავადებული ადამიანი შეიძლება თვითონვე გახდეს ხელახლად დაინფიცირების წყარო, თუ არ დაიცვა ჰიგიენის წესები და არ ჩაატარა ტანსაცმლის, ლოგინის თეთრეულის და პირადი მოხმარების საგნების დეზინფექცია. საჭიროა სხეულის დასაბანად სპეციალური, მიკოზებისკენ მიდრეკილი კანის დასაბანი გელის გამოყენება.

6. ორი წლის წინ 3 დღე-ღამის განმავლობაში გაუხდელად მეცვა სამხედრო ჯავშანჟილეტი. გახდის შემდეგ ზურგზე დამრჩა გამონაყარი, რომელიც ყოველი ბანაობის შემდეგ უფრო ხშირი მიხდება. 2-3 საათის შემდეგ გამონაყარი თავისით გადადის. იქნებ რაიმე მალამო ან წამალი მირჩიოთ?

პასუხი: თქვენი მონათხრობიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს რაიმე ინფექციასთან -სოკოვანთან ან ჩირქოვანთან (რამდენადაც ბანაობის შემდეგ გამონაყარი მრავლდება), მაგრამ ამ ტიპის გამონაყარი თავისით რამდენიმე საათში არ ქრება. ამ შემთხვევაში საჭიროა ჯერ დიაგნოზის დაზუსტება, რისთვისაც დაგჭირდებათ დერმატოლოგთან კონსულტაციის გავლა.

7. ჩემს 3 წლის ბიჭს დაახლოებით ერთი კვირის წინ შევამჩნიე, რომ მარჯვენა ფეხის 3 თითზე და მარცხენაზე ერთზე ფრჩხილები გაუყვითლდა და ცოტა გასქელდა, ამასთან ცოტა აექერცლა ფრჩილების წინ. ოჯახში სოკო არავის აქვს, ფეხსაცმელსაც თითქოს კარგს ვყიდულობ. ტანზე არაფერი არ აქვს, არც თითებს შუა აქვს სიწითლე და აქერცვლა, არც ხელის თითებზე არაფერი. მყავდა ექიმთან, აუღეს სოკოზე ანალიზი და არ აღმოაჩნდა, მითხრეს ფსორიაზიაო. ხომ არ შეიძლება თვალით დათვალიერებისას ცდებოდნენ ექიმები, ნამდვილად იქნება ფსორიაზი?

პასუხი: თუ თითებს შუა არ აქვს არაფერი და ლაბორატორიულად ფრჩხილიდან აღებულ მასალაში სოკო ვერ ნახეს, მაშინ სოკო ნაკლებადაა სავარაუდო და შესაძლოა ონიქოდისტროფიაზე ვივარაუდოთ. ფრჩხილზე გამოვლინებული ონიქოდისტროფია ზოგჯერ ფსორიაზის ადრეული გამოვლინებაა-ხოლმე და მკურნალობას ემორჩილება, თუმცა იგი ხანგრძლივია. რაიმე ლაბორატორიული ტესტი ამის დასამტკიცებლად ან გამოსარიცხად არ არსებობს. დიაგნოზი ისმება კლინიკური გამოვლინების, ანამნეზის (ოჯახური და ავადმყოფობის ისტორიის) და სოკოს გამორიცხვის მიხედვით.

 8. ონიქოდისტროფია რას ნიშნავს. ჩემს შვილს უთხრეს ფრჩხილებზე და იქნებ თქვენ განმიმარტოთ. ვერ გავიგეთ კარგად. და თუ არის შესაძლებელი განკურნება. ჯერ თითქოს ფსორიაზზე ფიქრობდნენ, მაგრამ მერე ონიქოდისტროფია გვითხრეს. გთხოვთ, გამომეხმაუროთ. ძალიან ვნერვიულობ.

პასუხი: ონიქოდისტროფია ფრჩხილის დისტროფიულ ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც ფრჩხილში ვითარდება სხვადასხვა მიზეზით. ერთ-ერთი არის ფსორიაზი, თუ მისი სხვა ნიშნებიც არის, ან მემკვიდრული დატვირთვაა. ადექვატური მკურნალობის შემდეგ ფრჩხილი ნორმალური ხდება და სანერვიულოც არაფერი გაქვთ.

8. ჩემს ბავშვს, რომელიც ახლა 1 წლის და 2 თვისაა, ფეხების თითებს შუა აქვს აქერცვლები, ფრჩხილები გაუხეშებული, სავარაუდოდ, ალბათ სოკოა, პედიატრთან რამდენჯერმე გვყავდა. თუმცა, ყურადღება არ მიუქცევია და ეს ბოლო დღეებია ძალიან შეეტყო ორივე ფეხზე. რას მირჩევთ?

პასუხი: რაც შეეხება ფრჩხილებს, ძალიან საეჭვოა ასე პატარა ბავშვს ჰქონდეს სოკოვანი ინფექცია, მაშინ უფროსებისგან უნდა ჰქონდეს, მშობლებისგან და ჰიგიენის წესებს არ უნდა იცავდეთ. უფრო მგონია ონიქოდისტროფია უნდა იყოს. დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა. 2-3 დღე ბავშვს ფეხს ნუ დაბანთ და მიიყვანეთ  ანალიზის ასაღებად.