1. მაქვს ე.წ. “მამალი” კანი. ზამთარში კანი სასტიკად მექერცლება, უხეში მაქვს და ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. ბევრი საშუალება ვცადე, მაგრამ არაფერმა გაამართლა, გარდა იმისა, რომ ზაფხულში კანი ზღვის აბაზანების დახმარებით მიხდება საოცრად რბილი და გლუვი. იქნებ მიპასუხოთ, ხდება თუ არა ამ დაავადების განკურნება და რა საშუალებები იქნება მეტად ეფექტური.
პასუხი:თქვენს მიერ აღწერილი კანი – ხორკლიანი, განსაკუთრებით მკლავების და ბარძაყების გარეთა ზედაპირებზე, თქვენი კანის კონსტიტუციური თავისებურებაა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს – მუდმივ დატენიანებას და დაცხიმიანებას. წყლის აბაზანები უხდება, რადგან ხდება კანის გარქოვანებული შრეების ჩამოფცქვნა. ყოველდღიურად უნდა იხმაროთ რაიმე კრემი. მე გირჩევთ 10%–იან შარდოვანას მალამოს, რომელიც გამოიყენება თავდაპირველად ორჯერ დღეში, შემდეგ მხოლოდ საღამოობით და საჭიროების მიხედვით.

2. 3 თვეა შევამჩნიე იდაყვებზე ამობერილობები, რომელთაც გარქოვანებული სახე ჰქონდათ. მეგონა, დროთა განმავლობაში თავისით  ალაგდებოდა, მაგრამ 3 დღეა დამეწყო ქავილი, თუმცაღა ამობერილობები აღარ შეიგრძნობა. ძალიან მაინტერესებს, თქვენი აზრი ყოველივე ამაზე.

პასუხი: იდაყვებზე შეიძლება გქონდეთ კანის სიმშრალე, რასაც თან ახლავს ქავილი სიმშრალის გამო. სასურველია, იხმაროთ რაიმე დამატენიანებელი კრემი შარდოვანას ან სალიცილის მჟავას შემადგენლობით, გარქოვანების გამოხატვის ხარისხის მიხედვით მათი სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობით: 2%, 5%, ან 10%.

3. მოგესალმებით ქალბატონო თინა, მაქვს იქთიოზის დიაგნოზი, ვარ 30 წლის.   მირჩიეს ნეოტიგაზონის დალევა, რას მირჩევთ თქვენ? თქვენი პასუხი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

პასუხი: ნეოტიგაზონი შედეგს იძლევა მკურნალობის პროცესში, მაგრამ მისი შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე ხანში კანზე იგივე პრობლემები ჩნდება. თვითონ პრეპარატს აქვს მრავალი გვერდითი ეფექტი (მაგალითად, მისი მიღების პროცესში და გარკვეული დროის შემდეგაც არაა სასურველი შვილის გაჩენა პრეპარატის ტერატოგენული თვისებების გამო). რამდენადაც ამ პრეპარატის მიღება მუდმივად შეუძლებელია და თქვენ კანის თანდაყოლილი პრობლემა გაქვთ, პრეპარატის დროებითი მიღებაც აზრს კარგავს. გირჩევთ მუდმივად გამოიყენოთ დერმატოლოგის მიერ ოპტიმალურად შერჩეული სხეულის კრემები, რადგან კანის მდგომარეობა მუდმივად იცვლება ასაკთან და სეზონთან  დამოკიდებულებით.