კითხვა: რა დაავადებაა ვიტილიგო?

პასუხი: ვიტილიგო არის დერმატოზი (კანის დაავადება), რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით, რის შედეგად წარმოიქმნება დეპიგმენტური (პიგმენტის არმქონე) ლაქები.

კითხვა: რა არის ამ დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი?

პასუხი: ვიტილიგოს ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებენ: ნეიროენდოკრინული დარღვევები: ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის, სასქესო ჯირკვლების დისფუნქციები; ფსიქიკური ტრავმა; ვეგეტაციური ნერვული სისტემის დარღვევები (სიმპატიკოტონიის სიჭარბე); აუტოიმუნური პროცესები. არაიშვიათად აღინიშნება ვიტილიგოს ოჯახური შემთხვევები. კანის დეპიგმენტაციას უკავშირებენ ფერმენტ თიროზინაზის ბლოკირებას. აგრეთვე გამოყოფენ პროფესიულ ვიტილიგოს ალკილფენოლების, პოლიაკრილატების ზემოქმედებით.

კითხვა: რომელ ასაკში  ვლინდება ვიტილიგო?

პასუხი: ვიტილიგო შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ჩვეულებრივ 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში გამოვლინდება. ქალები ავადდებიან რამდენადმე ხშირად.

კითხვა: როგორია ვიტილიგოს კლინიკური სურათი?

პასუხი: დაავადება ხასიათდება სხვადასხვა ზომის და მოხაზულობის დეპიგმენტური ლაქების წარმოქმნით, რომლებიც მიდრეკილია პერიფერიული ზრდისაკენ, შემოსაზღვრული ზომიერი ჰიპერპიგმენტაციის ზონით, შეუმჩნევლად გარდამავალი ნორმალური შეფერილობის კანში. ძალიან იშვიათად შეინიშნება ვიტილიგოს ლაქები, გარშემორტყმული ძაფისებური, კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული ანთებითი ქობით. ჩვეულებრივ ვიტილიგოს ლაქა თანდათან ფართოვდება, ერთმანეთს ერწყმის და წარმოქმნის მოზრდილ კერებს, რომლებიც შეიძლება ლოკალიზებული იყოს კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე (ხშირად სიმეტრიულად მტევნების დორზალურ ზედაპირებზე, მაჯების, წინამხრების, სახის, ყელის, სასქესო ორგანოების არეებში). შესაძლებელია თითქმის მთლიანი კანის უნივერსალური დაზიანება,  ან ცალმხრივი დაზიანება.

კითხვა: რა არის სეტონის ნევუსი?

პასუხი: სეტონის ნევუსს აკუთვნებენ ვიტილიგოს სახესხვაობას. იგი არის პიგმენტური ნევუსი, რომელსაც გარს ერტყმის სხვადასხვა ზომის და გარშემოწერილობის დეპიგმენტური კანი და არ აქვს ვიტილიგოსათვის დამახასიათებელი ჰიპერპიგმენტაცია პერიფერიაზე.

კითხვა: კანის შეფერილობის შეცვლის გარდა რა შეინიშნება ვიტილიგოს კერაში?

პასუხი: დაზიანების კერებში თმა ხშირად კარგავს ფერს, სუსტდება ოფლისა და ცხიმის გამოყოფა, სახსრის მამოძრავებელი და კუნთ-მყესოვანი რეფლექსები.

კითხვა: როგორია ვიტილიგოს მკურნალობის მეთოდები?

პასუხი: ვიტილიგოს სამკურნალოდ გამოიყენება ფოტომასენსიბილიზებელი პრეპარატები (ბეროქსანი, ამიფურინი, ფსორალენი, ფსობერანი და სხვ.) შიგნით მისაღებად, აგრეთვე ადგილობრივად იგივე პრეპარატები შემდეგ ულტრაიისფერი დასხივებით; პუვა-თერაპია; ზოგადი და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული თერაპია (კანშიდა ინიექცია, კრემის აპლიკაცია დიმექსიდით და ჰორმონებით); შიგნით მისაღებად ინიშნება ვიტამინები (A,B-ჯგუფის, PP); ქლორეთილით მოყინვა შემდეგი ულტრაიისფერი დასხივებით; ლაზეროთერაპია.

კითხვა: არის თუ არა ვიტილიგო გადამდები?

პასუხი: ვიტილიგო არ  არის გადამდები დაავადება.

კითხვა: ვიტილიგო ექვემდებარება მკურნალობას?

პასუხი: მკურნალობა ჩვეულებრივ ნაკლებეფექტურია. მის სამკურნალოდ მოწოდებული საშუალებები მეტნაკლებად ეფექტურია.  შედეგი  ინდივიდუალურია.  შედარებით უკეთ ემორჩილება მკურნალობას ვიტილიგოს ახალი ფორმები.

კითხვა: შეიძლება თუ არა ვიტილიგოთი დაავადებულის ზღვაზე დასვენება?

პასუხი: ვიტილიგოთი დაავადებულისათვის წყლის პროცედურები არ არის საზიანო, მაგრამ მზის აბაზანებს უნდა ერიდოს. კანის იმ უბანს, რომელიც მელანინს არ შეიცავს, არ აქვს უნარი   დაიცვას ორგანიზმი მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. ამიტომ კანის ეს უბანი დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი ზემოქმედებისაგან ან დამცავი კრემებით SPF-ის (Sun protection factor) მაღალი ნომრით, ან უმჯობესია ტანსაცმლით.   ვიტილიგოს დროს არაიშვიათად ვითარდება მზისგან გამოწვეული დერმატიტები.

კითხვა: თუ შეიძლება ვიტილიგოს კერებზე დეკორატიული საღებავების წასმა? რამდენად იცავს ის კანს მზის სხივებისაგან?

პასუხი: კოსმეტიკური  მიზნით შეიძლება ვიტილიგოს კერებზე გარეგანი დეკორატიული საღებავების წასმა, თუ მას არ ექნება კანის გამაღიზიანებელი ეფექტი. მზის სხივებისაგან ასეთი საღებავები არ იცავენ. არსებობს სპეციალური კრემები, რომლებიც შეიცავენ მზისგან დამცავ ფაქტორს SPF-ს  (Sun protection factor), ამასთან შეიცავენ საღებავს და აქვთ შემნიღბავი ეფექტიც.