წითელი ბრტყელი ლიქენი – Lichen planus
კანის ქრონიკული დაავადებაა. უპირატესად 20-50 წლის ასაკში გვხვდება. ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. ყურადღებას იქცევს ნევროგენული, ალერგიული და ვირუსული თეორიები. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ფოკალური ინფექციის კერებს, ჰიპოვიტამინოზს.
დამახასიათებელია ძლიერი ქავილი. ძირითადი ელემენტია მცირე ზომის ბრტყელი პაპულები მოწითალო-ლურჯი (ციანოზური) ელფერის, სანთლისებური სადაფისებური ბრწყინვალებით, ცენტრში ჭიპისებური ჩაღრმავება ხშირია. დამახასიათებელია მკვეთრი საზღვრები, განლაგება იზოლირებულიც, ჯგუფურიც. პაპულის ზედაპირზე მცენარეული ზეთის გადასმით შეინიშნება ბადისებური ნახატი – უიკხემის ბადის სიმპტომი.
ტიპიური ლოკალიზაცია: წინამხრების მომხრელი ზედაპირი, სხივ-მაჯის სახსარი, წვივები, ბარძაყების შიგნითა ზედაპირი, სასქესო ორგანოები. ენისა და ლოყების ლორწოვანი გარსები.
არჩევენ ბრტყელი ლიქენის შემდეგ კლინიკურ ფორმებს: რგოლისებური, ჰიპერტროფიული (ანუ მეჭეჭოვანი), ხაზოვანი, პემფიგოიდური, ატროფიული (ანუ სკლეროზული) და წვეტიანი.
პირის ღრუს (ლოყების, ენის, ღრძილების, სასის ჩათვლით), სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსები ზიანდება 25-70% შემთხვევაში. ამ დროს პაპულებს აქვს მოთეთრო-სადაფისებრი ფერი, ბადისებრი ან ხაზოვანი ხასიათი და არ არის ირგვლივ მდებარე ლორწოვანი გარსის დონიდან წამოწეული. შესაძლებელია ლორწოვანი გარსების დაზიანების ვერუკოზული, ეროზიულ-წყლულოვანი ფორმების არსებობა.
დაავადების ატიპიური ფორმებიდან პირის ღრუს ლორწოვან გარსზე გვხვდება:
– ბულოზური, რომელიც სახიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე წითელი ბრტყელი ლიქენის ტიპიურ გამოვლინებათა ფონზე სეროზულ-ჰემორაგიული შიგთავსის ბუშტების წარმოქმნით;
– ეროზიულ-წყლულოვანი, რომელიც წარმოიქმნება ხშირად პირის ღრუს ლორწოვან გარსზე მტკივნეული ეროზიებისა და წყლულების სახით, რომელთაც აქვთ არასწორი ფორმა და წითელი, ხავერდისებრი ფსკერი. ისინი ვითარდებიან ტიპიური პაპულოზური ელემენტების ფონზე. აღინიშნება ხშირად შაქრიანი დიაბეტითა და ჰიპერტონიით დაავადებულებში (გრინშპან-პოტეკაევის სინდრომი).
მკურნალობა: სედაციური, ანტიჰისტამინური პრეპარატები, B ჯგუფის ვიტამინები, ანტიმალარიული პრეპარატები, კორტიკოსტეროიდების მცირე დოზები. ადგილობრივად სტეროიდული მალამოები, ფიზიოპროცედურები, ულტრაბგერა, დიათერმია, აკუპუნქტურა, ჰიპნოთერაპია, ბალნეოთერაპია. ლორწოვანი გარსების მკურნალობისას გამოიყენება სალბის, გვირილის, ევკალიპტის ნაყენების სავლებები.
პროფილაქტიკა მოიცავს ქრონიკული ინფექციის კერების სანაციას, ფსიქონევროლოგიური დარღვევების მკურნალობას, სტრესული სიტუაციების თავიდან აცილებას. გამწვავების საპროფილაქტიკოდ გამოიყენება წყლის პროცედურები (გოგირდიანი წყლების, რადონის აბაზანები, შხაპი), საჭიროა დიეტის დაცვა ალკოჰოლის, მარილიანი კერძებისა და სანელებლების გამორიცხვით.