ატოპიური დერმატიტი ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, რომელიც უვითარდებათ ატოპიისადმი გენეტიკურად განწყობილ პირებს, ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა კლინიკური გამოვლინებების ასაკობრივი თავისებურებებით და ექსუდაციური და/ან ლიქენოიდური გამონაყარი, შრატისმიერი IgE-ის (იმუნოგლობულინი E) დონის მატება და სპეციფიკური და არასპეციფიკური გამღიზიანებლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

ატოპიური დერმატიტი ბავშთა ასაკის ყველაზე გავრცელებული ალერგიული დერმატოზია. დაავადება უფრო ხშირად ვლინდება სიცოცხლის მესამე თვეს, იშვიათად უფრო გვიან (მოზარდ და ჭაბუკობის ასაკში), მაგრამ არა 20 წლის ასაკის ზევით. ბავშვობის ასაკში აღინიშნება დაავადების უფრო გავრცელებული და მწვავე ფორმები, რეციდივებიც უფრო ხშირია. მოზრდილებს აღენიშნებათ უფრო ლოკალური ფორმები, არაიშვიათია სრული რემისიაც, თუმცა მრავალწლიანი რემისიის შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული რეციდივის განვითარება მოხუცებულობის ასაკში. განასხვავებენ დაავადების სამ ასაკობრივ ფაზას: პირველი – ორი წლის ასაკამდე, მეორე – ორიდან მოზარდ ასაკამდე, მესამე -ჭაბუკობის და ზრდასრული ასაკის. ძირითადი კლინიკური განსხვავება ასაკობრივ ფაზებში არის გამონაყარის ლოკალიზაციასა და ექსუდაციური და ლიქენოიდური კომპონენტების თანაფარდობაში.
როგორც უკვე ვთქვით, ადრეულ ასაკში აღინიშნება დაავადების მწვავე, ექსუდაციური ფორმები ერითემით, შეშუპებით, არაიშვიათად ბუშტუკების გაჩენით და სისველით. კერები ყველაზე ხშირად განლაგებულია ლოყებზე, ნიკაპის ქვეშ, წვივების გვერდით და ზედა კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულებზე. კერების საზღვრები არამკვეთრია. მოგვიანებით ჩნდება კანის ლიქენოიდური დაზიანება სიმშრალით.
ასაკის მატებასთან ერთად მწვავე ანთებითი მოვლენები ნაკლებადაა გამოხატული, თუმცა სიწითლე და მცირე შეშუპება კერებში რჩება. აღინიშნება სიმშრალე, სისხლიანი ქერქები, ლიქენიფიკაცია, ნახეთქები. გამონაყარი ლოკალიზებულია მუხლქვეშა და იდაყვის სახსრებში, კისერზე, მტევნებსა და მაჯებზე. მეტად დამახასიათებელია პერიორალური ლიქენიფიკაცია და ჰეილიტი, რაც შეიძლება რამდენიმე ხანს ატოპიური დერმატიტის ერთადერთი გამოვლინება იყოს. მესამე ასაკობრივ ფაზაში მატულობს ლიქენიფიკაციის მოვლენები. გამონაყარი უფრო მეტად ლოკალიზდება სხეულის ზედა ნაწილში: სახეზე, ყელზე, ზემო კიდურებზე. კანის გამონაყარს ატოპიური დერმატიტის დროს თან ახლავს ქავილი. იგი ხშირად ძალიან ძლიერი და შემტევი ხასიათისაა და დამახასიათებელია ყველა ასაკისათვის. იგი ძლიერდება ღამით, ნერვიულობის და იმ საკვების მიღების დროს, რომელიც ავადმყოფში იწვევს ალერგიულ რეაქციას. ღამის ქავილი ბავშვს ურღვევს ნორმალურ ძილს, რაც მის ფსიქიკაზე აისახება.
ატოპიური დერმატიტით დაავადებულები ავლენენ მომატებულ მგრძნობელობას მრავალი გამღიზიანებლის მიმართ, როგორიცაა სახლისა და ყვავილის მტვერი, ობი, ცხოველთა ბეწვი და ქერცლი, სხვადასხვა მიკრობი (სტაფილოკოკები, სოკოები), საკვები პროდუქტების ზოგიერთი სახეობა (ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, მარწყვი, ხენდრო, ჟოლო, სოკო, სანელებლები, შებოლილი პროდუქტები), ალკოჰოლი, ცხოველური და მცენარეული პიგმენტები, ზოგიერთი მედიკამენტი, ტოქსინები და სხვ. უკანასკნელ წლებში სპეციალისტები თვლიან, რომ დაავადების ქრონიკული, მორეციდივე ფორმების განვითარებაში განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს პირობით პათოგენური ფლორა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, ქრონიკული ბაქტერიული და პროტოზოული ინფექციების არსებობა.
ალიმენტური ფაქტორები შედარებით მნიშვნელოვანია ძუძუმწოვართა ასაკში, რის გამოც ინიშნება ჰიპოალერგიული დიეტა. მეძუძური დედის კვებიდან უნდა გამოირიცხოს ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ალერგენებს. ალერგენების გამოვლინების მიზნით მშობლებს სთავაზობენ, ბავშვის ცხოვრების პირველ წელს აწარმოონ კვების დღიური. მნიშვნელოვანია ანამნეზით, აგრეთვე, ელიმინაციურ-პროვოკაციული ორალური თუ კანის სინჯებით, სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრით დადგინდეს, თუ რომელი საყოფაცხოვრებო, კვებითი, მცენარეული, ბაქტერიული თუ სოკოვანი ანტიგენი იწვევს ბავშვში ალერგიულ რეაქციას და უნდა გამოირიცხოს მასთან კონტაქტი. საჭიროა ოთახების გულდასმით დალაგება და განიავება, ხალიჩების, რბილი ავეჯის და სათამაშოების ალაგება, სეირნობა სუფთა ჰაერზე, პირადი ჰიგიენის დაცვა, ყოველდღიური აბაზანა, რისთვისაც სასურველია ცხიმით გამდიდრებული საპონის და იმ დასაბანი საშუალებების გამოყენება, რომლებიც კანის pH-ის სუსტ მჟავა დონეს განაპირობებენ. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს. ავადმყოფმა უნდა მიირთვას ზუსტად საათების მიხედვით.
პათოგენეზური თერაპია გულისხმობს ქავილის აუცილებელ მოხსნას, დარღვეული ძილის მოწესრიგებას, ვეგეტატიური დისფუნქციისა და ფსიქოლოგიური დარღვევების კორექციას.
გარეგანი თერაპია უნდა წარიმართოს კლინიკური სურათის მიხედვით. იგი მოიცავს ქავილისა და ანთების საწინააღმდეგო, გამწოვ, ეპითელიზაციისა და ტროფიკის გამაუმჯობესებელ, აგრეთვე, დამარბილებელ საშუალებებს.
ატოპიური დერმატიტით დაავადებულთა პროფილაქტიკური აცრები ბავშვთა ინფექციურ დაავადებებზე ტარდება ჩვენების მიხედვით დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

 

ჟურნალი „ჩვენი ჯანმრთელობა“ N5(24),2005,გვ.20-21.

რუბრიკა „სეზონი და ჯანმრთელობა“