კლინიკურად ალოპეციის სახეების დიაგნოსტიკა სირთულეს არ წარმოადგენს. გამოკვლევის დროს, ეტიოლოგიური ფაქტორის, მემკვიდრული განწყობილების, ფონური დაავადების გამოვლენის მიზნით აუცილებელია სრულად იყოს შეკრებილი ანამნეზი. უნდა დადგინდეს ალოპეციის ფორმა, სტადია და დაავადების სიმძიმე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ავადმყოფის გამოკვლევის ინდივიდუალური გეგმა.
ანამნეზით დგინდება
• ფაქტორები, რამაც გამოიწვია თმის ცვენა ან ამსუბუქებს მის მიმდინარეობას,
• ხომ არ აქვს პაციენტს თმის ამოგლეჯის ჩვევა (ტრიქოტილომანიის გამოსარიცხად),
• თმის ცვენის დამოკიდებულება პირად თუ ოჯახურ ცხოვრებასთან, პროფესიასთან, კერძოდ, რაიმე ქიმიურ ნივთიერებასთან კონტაქტი, რითაც გამოვრიცხავთ დიფუზურ ტოქსიკურ ალოპეციას, ან შინაურ ცხოველებთან კონტაქტი თავის თმიან არეში სოკოვანი დაავადებების გამოსარიცხად,
• დაავადების მიმდინარეობაზე ფსიქოემოციური დატვირთვის ზეგავლენა (არაბედნიერი ქორწინება, წარუმატებლობა),
• მემკვიდრეობითობა,
• მედიკამენტების მიღება დაავადების დაწყებამდე – მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლა, ქიმიოთერაპია, ანტიკოაგულანტების, თირეოსტატიკური პრეპარატების, რეტინოიდების, ანტიმალარიული საშუალებების, ციტოსტატიკების მიღება.
• კანის ცვლილებების განვითარების თანმიმდევრობა, მისი დინამიკა.
გულმოდგინედ უნდა იყოს შესწავლილი ავადმყოფის თმიანი საფარველი, მისი სტრუქტურა, თმის ცვენის ლოკალიზაცია, რაც იოლად ხდება ავადმყოფის დათვალიერებით.
სასურველია მდგომარეობის შესწავლის ობიექტივაცია, რის საშუალებასაც იძლევა კომპიუტერული დერმოსკოპია. დერმოსკოპიული სურათი მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს თმის ბოლქვის სტრუქტურაზე, ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციაზე. მაგ., ბროკის ფსევდოპელადის დერმოსკოპიური სურათით შეინიშნება თმის ერთ ფოლიკულში ერთდროულად ორი ან სამი თმის ღერის არსებობა.
გამოკვლევის არაინვაზიური, ტექნიკურად ადვილი და ინფორმაციული მეთოდია ტრიქოგრამა. ამ დროს ხდება ეპილირებული თმის ძირების მიკროსკოპირება, ანაგენისა და ტელოგენის ფაზაში მყოფი თმის ძირების თანაფარდობის დადგენა. ეპილირებული თმების რიცხვი უნდა იყოს 50-ზე მეტი, რათა დასკვნა იყოს სარწმუნო. როგორც წესი, თმების 89% ანაგენის-A, 1% კატაგენის და 10% ტელოგენის-T ფაზებშია. ბავშვებს და ორსულებს A/T თანაფარდობა შეიძლება ჰქონდეთ მეტი. ჯანმრთელებში ყველა გამოსაკვლევ უბანში უნდა იყოს ერთნაირი A/T თანაფარდობა, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური განწყობილება ანდროგენული თმის ცვენის მიმართ, შესაძლებელია თხემსა და კეფას შორის უბანში A/T თანაფარდობა ჰქონდეთ შეცვლილი მაშინაც კი, როცა ალოპეცია კლინიკურად არ არის გამოხატული.
ერთ-ერთი საინტერესო ლაბორატორიული კვლევაა თმის სპექტრული ანალიზი, რომლის დროსაც შეისწავლება 20-30 ქიმიური ელემენტი. ამ გზით ხდება მინერალურ ცვლაში გადახრების ან ტოქსიკური ნივთიერებების აღმოჩენა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ეკოლოგიური მონიტორინგი და მიზანდასახული კორექცია.
კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა მიმართული უნდა იყოს ფონური დაავადებებისა და ზოგიერთი ისეთი ნოზოლოგიის გამოსავლენად, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომია ალოპეცია. სისხლის საერთო ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს ანემიის ნიშნები, თრომბოციტოპენიამ – ენდოგენური ინტოქსიკაცია, ეოზინოფილიამ – ჰელმინთოზი ან ატოპიური დაავადებები. ჰელმინთოზის გამოსავლენად სასურველია ჭიის კვერცხებზე განავლის დამატებითი გამოკვლევა.
სისხლის სეროლოგიური ანალიზით უნდა გამოირიცხოს სიფილისი, რომლის განვითარების მეორე რეციდიულ ხანაში აღინიშნება წვრილკეროვანი („დაჩრჩილური“) ალოპეცია. აუცილებელია სისხლის ბიოქიმიური და ჰორმონული გამოკვლევაც, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად რკინის, თუთიის, ფოლიუმის მჟავას, ციანკობალამინის, ცილების დეფიციტი, მალაბსორბციის სინდრომი, არაადეკვატური პარენტერული კვება დიფუზური ტელოგენური ალოპეციის მიზეზი ხდება. ჰიპოთირეოიდიზმი, ჰიპერპარათირეოიდიზმი, ჰიპოპიტუიტარიზმი შეიძლება ქრონიკული დიფუზური ალოპეციის მიზეზი გახდეს. სადღეისოდ ეჭვს აღარ იწვევს ჰიპერანდროგენემიის როლი თმის ანდროგენულ ცვენაზე. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს დამატებითი ინსტრუმენტული გამოკვლევა და კონსულტაციები.