სეზონური ალერგია

გაზეთი “ბასტა” (გაზეთი “რეზონანსის” საკვირაო გამოცემა) 065 (4868),
12 მარტი, 2006წ.

როგორ ავიცილოთ თავიდან სეზონური ალერგია

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ალერგიის თემა კვლავ აქტუალური გახდა. „მას ცივილიზაციის დაავადებასაც“ უწოდებენ, ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი კი ადამიანში ინდივიდუალურად ვლინდება. ალერგენი შეიძლება იყოს მცენარის მტვერი, საკვები პროდუქტი, ცხოველის ბეწვი, მედიკამენტი და სხვა. ამ მხრივ კი განსაკუთრებულ როლს თამაშობს გაზაფხული და მასთან დაკავშირებული ალერგიული მოვლენები.„ალერგია, რომელიც მცენარეთა ყვავილობას უკავშირდება, მემკვიდრულად გადაცემადი დაავადებაა. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია რომელიმე მცენარის, ან სხვა ფაქტორის მიმართ ალერგიული დამოკიდებულება“- აცხადებს „ბასტასთან“ საუბარში დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი თინა ქიტუაშვილი.

რა არის სეზონური ალერგია და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მის სიმპტომებს? აღნიშნულ საკითხზე “ბასტას“ თინა ქიტუაშვილი ესაუბრა. „გაზაფხულზე მთელი რიგი ალერგიული დაავადებები მწვავდება. მათ შორის, ალერგოდერმატოზები. გაზაფხულზე ისინი ატოპიური დერმატიტის სახით ვლინდებიან. ეს არის ქრონიკული, გენეტიკურად განპირობებული ალერგიული დაავადება, რომელიც მშობლისგან შვილს გადაეცემა და ხშირად სეზონს უკავშირდება. ადრეულ ასაკში ალერგენი ხშირად საკვებია, ხოლო მოზრდილ ასაკში შეიძლება იყოს რომელიმე მცენარე, ან საყოფაცხოვრებო მტვერი.„მცენარეები სხვადასხვა დროს ყვავიან. მაგალითად, თებერვალში უკვე მურყანი ყვავის, მარტში – თხილი, ალვა, ჭადარი, ფიჭვი, ტირიფი; აპრილში – ნეკერჩხალი, თუთა, მუხა, კაკალი, წიფელი, ჭინჭარი, მელაკუდა, შვრიელა, კედლისპირა და ქერი. ფაქტობრივად, აპრილსა და მაისის ბოლოს ყველა ხე მცენარე აყვავებულია. ამას კი მაისიდან თან ერთვის ბალახის ყვავილობა – ეს არის ჭანგა, ხორბალი, შვრია, ვაციწვერა და სხვა. „თუ ადამიანს რომელიმე ამ მცენარის მიმართ აქვს ალერგიული დამოკიდებულება, ამ დროს მას ეწყება ალერგიისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. ეს შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით ( ატოპიური დერმატიტი), ალერგიული რინიტით (სურდოს სახით), ალერგიული კონიუნქტივიტით და ასთმური მოვლენებით.“„ალერგიულ კონიუნქტივიტს თან ახლავს თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, შეშუპება და სიწითლე. რინიტის დროს ადგილი აქვს ცემინებას, გამონადენს ცხვირიდან, სურდოს, ატოპიური დერმატიტი კანზე გამონაყარის, ხოლო ასთმური მოვლენები კი ხველის სახით ვლინდება. გამონაყარი სხვადასხვაგვარია, ადრეულ ასაკში მას დიათეზს ეძახიან და სახეზე, კიდურებსა და წვივებზე გამონაყარის სახით ვლინდება. უფრო მოზრდილ ასაკში კი დამახასიათებელ ლოკალიზაციებს იწვევს – ეს არის კისრის და იდაყვის არე, მუხლქვეშა ფოსო, პირის და თვალების ირგვლივ ადგილები. ალერგია კანის ქავილით, სიმშრალით, აქერცვლით და სიწითლით გამოიხატება. ქავილის გამო შეიძლება გამონაყარს დაერთოს მეორადი ინფექციაც, ჩირქოვანი დაავადება- პიოდერმია (სტრეპტო-სტაფილოდერმიები). გარდა ამისა, შესაძლებელია სოკოვანი ინფექციაც დაემატოს. აქ კი დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო, უნდა მოისპოს მეორადი ინფექცია. ამ შემთხვევაში მკურნალობას ორი მიმართულებით ვაწარმოებთ – თანდართული ინფექციის და ძირითადი დაავადების მკურნალობას.

ბასტა: როგორ ვებრძოლოთ ამ სიმპტომებს?

თ.ქ.: როდესაც დაავადება გამოვლინდება და კლინიკური სურათი გაიშლება, ექიმს უნდა მიაკითხოთ. თავიდან საჭიროა ალერგენის განსაზღვრა. თუ ოჯახის წევრს უკვე აქვს ალერგია, ეს გვიადვილებს დავადგინოთ , რა არის ბავშვის ალერგენი. ეს თუ მშობელმა არ იცის, მან უნდა აწარმოოს კვების კალენდარი, ანუ დაფიქსირდეს, რომელ საკვებზე აქვს ბავშვს ალერგიული რეაქცია. ვთქვათ, გამონაყარი ემთხვევა რომელიღაც საკვებს, ეს თუ რამდენჯერმე განმეორდა, მაშინ დადგენილია, რომ ეს ბავშვის ალერგენია. თუ სეზონს ემთხვევა, ვთქვათ, მარტში ყვავის რაღაც მცენარე და დადგინდა, რომ მას აქვს გამონაყარი რომელიღაც ყვავილის მტვერზე, მაშინ მან უნდა შეზღუდოს ამ პერიოდში გარეთ გასვლა, სეირნობა და ქალაქგარეთ იმ ადგილებში წასვლა, სადაც ყვავის ეს მცენარე. არსებობს ასეთი კალენდარი, სადაც ნაჩვენებია თბილისის რა მიდამოში რომელი მცენარე რა დროს ყვავილობს. თუ პაციენტს რომელიმე მცენარის მიმართ ალერგიული დამოკიდებულება აქვს, ყურადღება უნდა მივაქციოთ სახლთან ახლოს არ იდგეს ის მცენარე. ამ დროს უნდა ვერიდოთ ოთახის განიავებას.

ბასტა: შეიძლება თუ არა, რომ ალერგია ადამიანს არა მემკვიდრეობით გადაეცეს, არამედ დროთა განმავლობაში შეეძინოს?

თ.ქ.: ატოპიური დერმატიტი, რომელიც უკავშირდება მცენარეთა ყვავილობას, მემკვიდრული დაავადებაა. თუმცა არსებობს სხვა ალერგიული დაავადებები, მაგ. კონტაქტური ალერგიული დერმატიტი, რომელიც არ არის მემკვიდრულად გადაცემადი დაავადება.

ბასტა: შეიძლება თუ არა ოთახის მცენარემ გამოიწვიოს ალერგია?

თ.ქ.: ასეთი რამ პირადად მე არ გამიგია, მაგრამ ოთახის მტვერზე ეს სავსებით შესაძლებელია. ოთახის მტვერი შეიცავს ტკიპას, რომელიც ცხოველური ალერგენია. ის შეიძლება იყოს საწოლში, ხალიჩებსა და რბილ სავარძლებზე. აღნიშნუ-ლი ალერგენი აბსოლუტურად იგივე სიმპტომებს იწვევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ალერგენი არის არა ყვავილის მტვერი, არამედ ტკიპა, რომელიც ოთახის მტვერში ბუდობს. ამ შემთხვევაში სხვა ღონისძიებებია ჩასატარებელი, საჭიროა ოთახის ხშირი დალაგება, სასურველია სველი წესით. იმ ოთახში, სადაც ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც ამ ალერგენის მიმართ აქვს ალერგიული დამოკიდებულება და აწეული მგრძნობელობა, არ შეიძლება იყოს ხალიჩა და მძიმე ფარდები. ტკიპა სითბოში მრავლდება და საჭიროა ლოგინის ალაგების პროცესში ზეწრის დაფერთხვა.

ბასტა: რას ურჩევდით აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებს?

 თ.ქ.: პირველ რიგში , საჭიროა ელიმინაციური ღონისძიებების ჩატარება-ანუ, ავარიდოთ თავი იმ ფაქტორს, რომელიც ჩვენში იწვევს ალერგიას. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლინებისას უნდა მივიღოთ გარკვეული დოზით ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) საშუალებები. ანტიალერგიული მედიკამენტები არის აბების და საინექციო ფორმებით, ასევე, არსებობს პირველი, მეორე და მესამე თაობის პრეპარატები. პირველი თაობის ანტიჰისტამინებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ თავისი ღირსება, რადგან ატოპიური დერმატიტით დაავადებულ ადამიანებს ადვილად აგზნებადობა და უძილობა ახასიათებთ. პირველი თაობის ანტიჰისტამინების საძილე ეფექტი, რომელიც მათ უარყოფით ნიშნად ეთვლებათ, ამ შემთხვევაში გვეხმარება ნერვული სისტემის დარღვევების მოწესრიგებაში. საძილე ეფექტის გამო პირველი თაობის პრეპარატების მიღება შეუთავსებელია საჭესთან და გონებრივ მუშაობასთან. მეორე და მესამე თაობის ანტიჰისტამინებს საძილე ეფექტი არ გააჩნიათ. რაც შეეხება გარეგან მკურნალობას, მწვავე პერიოდში ვხმარობთ სხვადასხვა საფენებს, კრემებს, ემულსიებს. ხოლო ქრონიკული პროცესის დროს დამარბილებელი საშუალება გამოიყენება. საერთოდ, ასეთ ავადმყოფებს გამწვავების გარეშეც კანი მშრალი, უხეში და აქერცლილი აქვთ. ცუდი არ არის, პაციენტმა გამწვავების გარეშე, რემისიის პერიოდში კანის მოვლის სპეციალური საშუალებები იხმაროს, რომელიც დაანოტივებს, დაარბილებს და დააცხიმიანებს კანს.

ჟურნალისტი ნინო ტურაშვილი