აკნეს თერაპიის პრინციპები

„საქართველოს სამედიცინო ჟურნალი“ #2,2007

ჩვეულებრივი ფერისმჭამელას თერაპიის პრინციპები

დღეისათვის ჩვეულებრივი ფერისმჭამელას თერაპიის მრავალი საშუალება არსებობს. დაავადების სიმძიმის მიხედვით შემუშავებულია მკურნალობის ალგორითმები, მაგრამ ისეთი საშუალება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაანთავისუფლებს პაციენტს დაავადების ყოველგვარი გამოვლინებისაგან, არ არსებობს(1,4,6).]
ეფექტური მკურნალობა დაფუძნებულია აკნეს ფორმირების მიზეზების ცოდნაზე. დაავადების პათოგენეზში წამყვანი როლი უჭირავს ჰორმონულ ფაქტორს და გენეტიკურ განწყობილებას, რომლებიც იწვევენ ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერტროფიას და კანის ცხიმის ჰიპერსეკრეციას, ფოლიკულურ ჰიპერკერატოზს, ლიპოფილური მიკრობული ფლორის აქტივაციას და კანის ანთებას (1,3). ჰიპერსებორეა იწვევს ლიპოის მჟავას კონცენტრაციის შემცირებას, რაც წარმოადგენს პათოლოგიური ფოლიკულური ჰიპერკერატოზის გამშვებ მომენტს, რაც თავის მხრივ, ქმნის ხელსაყრელ ანაერობულ პირობებს Propionbacterium acnes განვითარებისთვის. ამასთან ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეტი წარმოადგენს სუბსტრატს P. acnes და სხვა მიკრობული ფლორის გამრავლებისათვის. ბაქტერიული ლიპაზების ზემოქმედებით ხდება ცხიმის ჰიდროლიზი, რის შედეგად გამონთავისუფლებული ცხიმოვანი მჟავები იწვევენ ანთებას(3,5).
გარდა ამისა, ზოგიერთი გამოკვლევით დამტკიცებულია, რომ ჩვეულებრივი ფერისმჭამელათი დაავადებულებს აღენიშნებათ კანში თუთიის კონცენტრაციის დაქვეითება, შრატში მისი ცვლილების გარეშე (2,5).
საქართველოში დარეგისტრირებულია და საექიმო პრაქტიკაში აკნეს მკურნალობისთვის გამოიყენება მრავალი ადგილობრივი თუ უცხოური წარმოების პრეპარატი. მიზანშეწონილია, გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის მოქმედების მექანიზმი და მოვუძებნოთ მას ადგილი აკნეს კომპლექსურ თერაპიაში და კანის შემდგომ რეაბილიტაციაში. აკნეს პათოგენეზის ზემოთ დასახელებული ფაქტორების საფუძველზე, მკურნალობისთვის გამოყენებული თერაპიული საშუალებები შეიძლება გავაერთიანოთ სამ ჯგუფში:
1. ფოლიკულური კერატინიზაციის პროცესის კორექცია, ეპიდერმისის დესქვამაციის სტიმულაცია (ექსფოლიანტები): ადგილობრივი საშუალებები: ვიტამინი A , აზელაინის მჟავა(სკინორენი), სალიცილის მჟავა, ბენზოილპეროქსიდი, გოგირდი, რეზორცინი და სხვ.სისტემური საშუალებები: იზოტრეტინოინი(როაკუტანი). ქირურგიული პროცედურა.
2. ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედების დათრგუნვა:სისტემური საშუალებები: იზოტრეტინოინი, ანტიანდროგენული პრეპარატები (დიანე35,) ესტროგენები დიდი დოზით.
3. მიკროფლორის რაოდენობრივი შემცირება და ანთებითი პროცესის ინჰიბირება, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი:ადგილობრივი საშუალებები: ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, ლევომიცეტინი, კლინდამიცინი), აზელაინის მჟავა, ბენზოილპეროქსიდი, თუთიის შემცველი პრეპარატები (კურიოზინი, ზინერიტი) და სხვ.სისტემური საშუალებები: ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები (ტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლი), იზოტრეტინოინი. ქირურგიული პროცედურა.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში გამოყენებულ ზოგიერთ თერაპიულ საშუალებას გააჩნია მოქმედების კომპლექსური მექანიზმი, მაგ., დახურული და ღია კომედონების მექანიკური მოცილება და ელექტროკოაგულაცია კორექციას უკეთებს ფოლიკულური კერატინიზაციის პროცესს და ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. აზელაინის მჟავა გავლენას ახდენს ფოლიკულური კერატინიზაციის პროცესზე, ამცირებს P. acnes პოპულაციას და შეუძლია გამოავლინოს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიბიოტიკების პერორალური მიღება ამცირებს პათოგენურ მიკრობთა პოპულაციას და ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. იზოტრეტინოინის პერორალური მიღება მოქმედებას ახდენს ფოლიკულური კერატინიზაციის პროცესზე. ამასთან, იგი ამცირებს ცხიმის გამომუშავებას, რითაც ძირეულად ამცირებს P.acnes რაოდენობას ფოლიკულებში.მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თერაპიული აგენტების მოქმედების მექანიზმის, არამედ დაავადების კლინიკური გამოვლენის ფორმის გათვალისწინება. მაგალითად, კომედონური აკნეს შემთხვევაში წამყვანია ფოლიკულური კერატინიზაციის პროცესის დარღვევა. მიზანშეწონილია ადგილობრივად გამოვიყენოთ პირველი ჯგუფის პრეპარატები, ხოლო ანთებითი პროცესის არსებობისას რეკომენდებულია მესამე ჯგუფის პრეპარატების გამოყენება. ჩვეულებრივი ფერისმჭამელას მკურნალობა დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების გამოხატვის ხარისხზეც. მაგალითად, მსუბუქი ფორმის დროს ადგილობრივად ინიშნება ანტიბაქტერიული პრეპარატები, მჟავას შემცველები და ვიტამინი A-ს წარმოებულები. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 3-6 კვირას. დახურული არაანთებითი კომედონების დროს- მეტხანსაც.საშუალო სიმძიმის ფერისმჭამელას დროს, ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად, ინიშნება პერორალური ანტიბაქტერიული პრეპარატები, ანტიანდროგენები, ქალებში-ესტროგენები პროგესტერონთან ერთად მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებისა და უკუჩვენებების აუცილებელი გათვალისწინებით.მძიმე შემთხვევებში ინიშნება როაკუტანი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ იზოტრეტინოინის მაღალი ტერატოგენობა, მოსალოდნელი ტერატოტოქსიკური ეფექტი. იზოტრეტინოინის დანიშვნა არ შეიძლება ტეტრაციკლინის რიგის ანტიბიოტიკებთან ერთად მოსალოდნელი ცერებრული გართულებების გამო. მკურნალობის დასაწყისში ექიმს პაციენტთან ურთიერთობას უადვილებს და პაციენტის მიერ დანიშნულების ზუსტად შესრულებას განაპირობებს იმ ფსიქოგენური დარღვევების მოწესრიგება, რაც მას გააჩნია გამონაყარის სახეზე ლოკალიზაციის გამო.
ამრიგად, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვეულებრივი ფერისმჭამელათი დაავადებული პაციენტისათვის სამკურნალო საშუალებების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ დაავადების კლინიკური გამოვლინების ფორმა და ხარისხი, აგრეთვე, შესარჩევი თერაპიული აგენტის მოქმედების მექანიზმი, რითაც გარანტირებული იქნება მკურნალობის დადებითი ეფექტი.
თ. ქიტუაშვილი, რ. ლაცაბიძე, დ.კობაიძე კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.