როზაცეა

ვარდისფერი ფერისმჭამელები (როზაცეა)

ვარდისფერი ფერისმჭამელები (უფრო ზუსტად როზაცეას პაპულო-პუსტულოზური სტადია) სახის ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა. ხშირად ავადდებიან ქალები მენოპაუზის შემდეგ.
ე ტ ი ო ლ ო გ ი ა და პ ა თ ო გ ე ნ ე ზ ი. ეტიოლოგია არ არის ცნობილი. დაავადებას ხელს უწყობს მთელი რიგი ენდოგენური ფაქტორები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანება (განსაკუთრებით ხშირია გასტრიტები), ენდოკრინული დარღვევები საკვერცხეების დისფუნქციის, კლიმაქტერული სინდრომის სახით, აგრეთვე ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია. მაპროვოცირებელ როლს დაავადების განვითარებაში ასრულებს ინსოლაცია, ექსტრაქტული ნივთიერებების და ალკოჰოლის მიღება, ცხელ საამქროში მუშაობა, კორტიკოსტეროიდული მალამოების ხანგრძლივი გამოყენება. პროცესი რთულდება ტკიპა Demodex folliculorum-ის თანდართვით, რაც იწვევს დემოდეკოზს.
კ ლ ი ნ ი კ უ რ ი ს უ რ ა თ ი . როზაცეას საწყის სტადიაზე (ერითემატოზული) ცხვირის, ლოყების, შუბლის არეში ერითემატოზულ ფონზე აღინიშნება მრავლობითი წვრილი ტელეანგიექტაზიები. შემდეგ ამ ფონზე ვითარდება წვრილი ბრტყელი კვანძები დიამეტრით 2-4მმ და ფოლიკულური პუსტულები – ვარდისფერი ფერისმჭამელები (როზაცეას პაპულო-პუსტულოზური სტადია), რომელიც ვითარდება ლიმფოჰისტიოციტური ინფილტრატების ხარჯზე ჰიპერპლაზიური ცხიმოვანი ჯირკვლების ირგვლივ. აღინიშნება აგრეთვე შემაერთებელი ქსოვილის კეროვანი დეზორგანიზაცია, ელასტიური ბოჭკოების შესქელება, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდება ბოლო ინფილტრაციულ (პროდუქტიულ) სტადიაში, როცა კანი (განსაკუთრებით ცხვირის) არის შეგუბებული წითელი ფერის, ინტენსიურად ინფილტრირებული, რელიეფური ზედაპირით, რაც გვაძლევს რინოფიმის სურათს.
დ ი ა გ ნ ო ზ ი დგინდება კლინიკური სურათის მიხედვით, საეჭვო შემთხვევაში გამოიყენება ჰისტოლოგიური მონაცემები. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ვულგარულ ფერისმჭამელებთან, წითელ მგლურასთან.
მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა მიმართულია იმ პათოლოგიის კორექციისკენ, რომლის ფონზეც ვითარდება დერმატოზი, იმ ზეგავლენის გამორიცხვისკენ, რომელიც იწვევს სისხლის ნაკადის მოზღვავებას სახეზე (ცხელი ადგილები, ხანგრძლივი ინსოლაცია, ცხელი აბაზანების მიღება, გამაღიზიანებელი საკვები). აუცილებელია დიეტის დაცვა (ალკოჰოლის გამორიცხვა, ყავა, სუნელები, ცხარე საკვები). ინიშნება დასალევად ანტიბიოტიკები – ტეტრაციკლინის ჯგუფის, ერითრომიცინი, მინოციკლინი (როდესაც არის გამოხატული პუსტულოზური ელემენტები), გამოიყენება მეტრონიდაზოლის პრეპარატები, ტრიქოპოლი, ტიბერალი, რომელიც ინიშნება კურსობრივად, ქინგამინური ჯგუფის პრეპარატები (დელაგილი და სხვ.), სინთეზური რეტინოიდები (როაკუტანი, იზოტრეტინოინი 0,5-0,75 მგ/კგ სხეულის წონაზე). კომპლექსურ თერაპიაში ირთვება აგრეთვე ანგიოპროტექტორები (თეონიკოლი, ტრენტალი), ბელოიდი, A, B, C, E ჯგუფის ვიტამინები, რუტინი. ადგილობრივად ერითემატოზულ სტადიაში ინიშნება ბალახეული ნაყენის საფენები (გვირილა, მრავალძარღვა და სხვ.); პაპულო-პუსტულოზურ სტადიაში 2-5% პასტები ნაფტალანით, იქთიოლით, კუპრით, ვიდალის რძე, ტრიქოპოლის და მატრონიდაზოლის გელები და კრემები, რეტინოიდები (აიროლ როში, რეტინ- A და სხვა), კრიომასაჟი, ელექტროკოაგულაცია.