როგორ ავიცილოთ თავიდან სოკოვანი დაავადებები

გაზეთი “ასავალ-დასავალი”, 2006 წლის 27 თებერვალი _ 5 მარტი #9(599)

რუბრიკა “პაციენტის არჩევანი”
როგორ ავიცილოთ თავიდან სოკოვანი დაავადებები?
სოკოვანი დაავადებები მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა ახალი თაობის პრეპარატები ადამიანის სრული და საბოლოო განკურნების შესაძლებლობას იძლევა. როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის, ლორწოვანი გარსის, ტერფის სოკოს, როგორ ავიცილოთ ეს დაავადება თავიდან და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები? ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს  კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქალბატონი თინა ქიტუაშვილი.
_ ქალბატონო თინა, რა არის სოკოვანი დაავადებების გავრცელების მიზეზი და შეიძლება თუ არა მისგან სრულიად განკურნება?
_ სოკო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი პრობლემური დაავადებაა, რომელიც მრავალი მიზეზით არის გამოწვეული. მათ შორისაა გლობალური დათბობა, ტენიანობის მომატება,  რის გამოც შესანიშნავი გარემო პირობები შეიქმნა სოკოვანი დაავადებების გავრცელებისათვის ანუ მარტივი ცოცხალი წარმონაქმნის გამრავლებისათვის. დღითიდღე მატულობს იმ სოკოთა რიცხვი, რომლებიც ადამიანისთვის პათოგენურია. ასეთი 300-მდე სახეობის სოკოა და თვითეულ მათგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კლინიკურად გამოხატული სურათი აქვს. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ერთი ტიპის სოკოთი ან რამდენიმეთი ერთად.
ამჟამად შექმნილი ახალი თაობის ანტიმიკოზური პრეპარატების ფართო სპექტრი ნებისმიერი სოკოვანი დაავადების განკურნების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამას კარგი სპეციალისტი და სწორი მიმართულებით მკურნალობა სჭირდება.
თუმცა, უნდა განვაცხადო, რომ საზოგადოებაში ჯერჯერობით კვლავ არსებობს მცდარი აზრი, თითქოს სოკოვანი დაავადებებისაგან განკურნება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისს ის პაციენტები ავრცელებენ, რომლებსაც მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად ნებისყოფა არ ჰყოფნით…
ზოგჯერ დაავადებას ახასიათებს რემისია და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ხელსაყრელი პირობები ექმნება, ის თავს კვლავ იჩენს. სწორი მკურნალობისას ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.
_ როგორ დგინდება სოკოვანი დაავადების დიაგნოზი, ვიზუალურად თუ ლაბორატორიული კვლევის შედეგად?
_ დიაგნოზი, უპირველეს ყოვლისა, კლინიკური სურათის მიხედვით დგინდება. იმდენად ტიპიურია ზოგიერთი სოკოსათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი, რომ გამოცდილ ექიმ-მიკოლოგს თავისუფლად შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა ესა თუ  ის გამონაყარი სოკოსგან გამოწვეული. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ეს შეუძლებელია, ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული კვლევები გვეხმარება. ბაქტერიოსკოპია გულისხმობს დაზიანებული ადგილიდან აღებული ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ კვლევას. ბაქტერიოლოგიური კვლევის დროს კი დაავადებული ადგილიდან ნიმუშს იღებენ, თესავენ და შემდეგ ზუსტად იკვლევენ რომელი ტიპის სოკოსთან გვაქვს საქმე. ბაქტერიოლოგიური კვლევა სოკოს სახეობისა და შტამების დადგენის საშუალებას გვაძლევს.
_ ამჟამად რომელი ტიპის სოკოვანი დაავადებაა ჩვენში ყველაზე უფრო გავრცელებული?
_ ამჟამად ყველაზე გავრცელებულ სოკოვან დაავადებად ითვლება ტერფის მიკოზი, რის ხელისშემწყობად გვევლინება სიცხეში დახურული ფეხსაცმლის დიდხანს ტარება, ოფლიანობა. ზაფხულში, როდესაც ფეხი  არ ნიავდება, მიკრობებისა და სოკოვანი დაავადების გამრავლებისათვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება. ეს ჰიგიენის წესების დარღვევაა, რასაც შემდგომ გართულებები მოსდევს.
_ რომელი ტიპის სოკოს სჭირდება ყველაზე ხანგრძლივი მკურნალობა და რატომ?
_ კანის სოკოვანი დაავადებები ადვილად იკურნება. ფრჩხილში დაბუდებული სოკო კი უფრო ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა სწორი მკურნალობით ამ დაავადების დამარცხება გარანტირებულია.
_ როდის არის მკურნალობა უშედეგო ან გართულებული?
_ მკურნალობა უშედეგო შეიძლება აღმოჩნდეს მაშინ, როცა პაციენტი დილეტანტის მიერ არის ნამკურნალები. არასწორი მკურნალობის შედეგად კლინიკური სურათი იშლება და დიაგნოზის დასმა რთულდება. ვიმეორებ, მკურნალობა მუდამ უნდა წარმართოს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტმა. ხალხური რეცეპტი  ვერ უშველის. გართულებული მდგომარეობა გულისხმობს მკურნალობის 3-4- თვიან პერიოდს, რაც პაციენტის ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ თანამედროვე ადამიანმა ეს უნდა შეძლოს.
_ რას იტყვით სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო ახალი თაობის პრეპარატებზე, მაგალითად, “მიკოფლუზე”,  “დიფლუკანზე”?
_ ახალი თაობის ანტიმიკოზური პრეპარატები ნაკლებად ტოქსიკურია. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფლუკონაზოლის ტიპის პრეპარატების მიღება გარკვეული დოზით კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. ამ პრეპარატებს კანდიდას ტიპის სოკოთი დაავადებულს უნიშნავენ. ტერფის სოკოს დროს  საუკეთესო სამკურნალო საშუალება “ტერბიზილი” და “ლამიზილია”, “იტასპორი” და “ორუნგალი” კი ნებისმიერი ტიპის სოკოვან დაავადებაზე მოქმედებს.
_ ქალებში გავრცელებულია ვაგინალური კანდიდოზი, შეიძლება თუ არა მისი სრული განკურნება და როგორ?
_ ვაგინალურ კანდიდოზს Candida სოკო იწვევს, რომელიც საშოს ლორწოვანზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და პირის ღრუს ლორწოვანზე ბინადრობს. ხელშემწყობი პირობების დროს კანდიდა გამრავლებას იწყებს და ვაგინალური კანდიდოზის მიზეზი ხდება. ვაგინალური კანდიდოზისთვის დამახასიათებელია ქავილი, წვა, სიწითლე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, ხელშემწყობი პირობების მოცილება და სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატების მიღება.
_ შეიძლება თუ არა ფრჩხილის სოკოს ქირურგიული ჩარევის გზით მკურნალობა?
_ მხოლოდ ქირურგიული გზით ფრჩხილის სოკოს მკურნალობა არასწორია. ამ დროს კანს დაზიანებული  ნაწილი შეიძლება მოსცილდეს, მაგრამ ახალი ფრჩხილი კვლავ დაავადებული ამოვა. ამიტომ ქირურგიული ჩარევა პრობლემას არ წყვეტს. თუმცა დაავადებული ფრჩხილის გარკვეული ნაწილის (თუ ის ძალიან გასქელებულია) დამარბილებელი საშუალებებით მოცილება აუცილებელია. ამის შემდეგ კი იწყება მისი მკურნალობა სრულ განკურნებამდე.
_ დასასრულ, ქალბატონო თინა, როგორ ავიცილოთ თავიდან სოკოვანი დაავადებები?
_ ამ დაავადების პროფილაქტიკა ჰიგიენის წესების დაცვაა. არასოდეს გამოიყენოთ  სხვისი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. მოიხმარეთ მხოლოდ პირადი ჰიგიენური საშუალებები (პირსახოცი, საპარსი, მაკრატელი), გამოიყენეთ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები, რათა სოკოვან დაავადებებს გამრავლების ხელსაყრელი გარემო არ შევუქმნათ. არ არის სასურველი ვიწრო ფეხსაცმელის ტარება, განსაკუთრებით ზაფხულში. თუ ადამიანს ბავშობიდანვე ჩავუნერგავთ ამ უმარტივეს წესებს, სოკოვანი დაავადება აღარ დაემუქრება.