მოერიდეთ მზეს

ჟურნალი „ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლე“, #6(46) 2008 

  ზაფხულის მწველ მზეს პირველი იერიში კანზე   მიაქვს, ულტრაიისფერი სხივები, გარდა იმისა, რომ სხეულს დამწვრობით აჩნევს აგრესიულ დაღს, კანს კიდევ უფრო  სერიოზულ ზიანს აყენებს. რა გავლენას ახდენს ჭარბი ინსოლაცია კანზე? რომელი დაავადებები მწვავდება მზის სხივების ზემოქმედებით?  ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება  კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო და სასწავლო დარგში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დერმატოვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი.                                        

   მოერიდეთ მზეს

  ცნობილია რომ მზის გამოსხივება კანზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უპირატესად რა ცვლილებები ვლინდება ამ დროს? - მზის გამოსხივება კანზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს. ყველაზე გავრცელებული პრობლემა დამწვრობაა. კანის დამწვრობის შემთხვევები  გარუჯვის სეზონის დადგომისთანავე ხშირდება. განსაკუთრებით ხშირია დამწვრობა, როდესაც ადამიანი მზეს შუადღისას, 10-დან 15 საათამდე ეფიცხება. ამ დროს ადვილად შეიძლება მივიღოთ მზის დაკვრაც, რომელიც შემცივნებითა და ძლიერი ფიზიკური სისუსტით იჩენს თავს. შესაძლოა განვითარდეს კოლაფსიც, რომელიც გონების დაკარგვით ვლინდება. გაითვალისწინეთ, რომ მზის აგრესიული სხივებისადმი  განსაკუთრებით მგრძნობიარეა  კანის ის უბნები, რომლებიც, ჩვეულებრივ,  დაფარული და დაცულია. ამ ადგილებში მელანოციტები ( კანის დამცავი პიგმენტის-მელანინის წარმომქმნელი უჯრედები) მცირე რაოდენობით არის თავმოყრილი. ეს წესისამებრ, კანის ის უბნებია, რომლებსაც საცურაო კოსტუმი ფარავს.

შესაძლებელია თუ არა,  კანის იმ უბანზე, რომელსაც მზის სხივები გამუდმებით ხვდება,  პათოლოგიური ცვლილება განვითარდეს?-სავსებით შესაძლებელია. როდესაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კანზე მთელი წლის განმავლობაში  და მით უმეტეს – წლების განმავლობაში მოქმედებს, თავს იჩენს კანის ნაადრევი დაბერების, ნაადრევი დანაოჭების პრობლემა. გარდა ამისა, შესაძლოა, ინტენსიურმა აგრესიულმა ზემოქმედებამ კანის კიბოსწინარე  დაავადება, მაგალითად,  აქტინიური კერატოზი გამოიწვიოს, რომელსაც მზისმიერ კერატოზსაც უწოდებენ.

როგორ იცვლება კანი აქტინიური  კერატოზის დროს? -ამ დროს  კანზე მოყავისფრო, მუდმივად აქერცვლადი ლაქები ჩნდება.  დიაგნოზს ქსოვილის პათომორფოლოგიური   გამოკვლევის შედეგად სვამენ, ვინაიდან ეს სიმპტომი კანის მრავალ პათოლოგიას ახასიათებს.

რას გვეტყვით კანის კიბოს შესახებ?-კანის ავთვისებიანი სიმსივნეებია ბრტყელუჯრედოვანი კიბო, ბაზალიომა და მელანომა. ავთვისებიანი სიმსივნეები ისევე, როგორც კიბოსწინარე დაავადებები, ხშირად იმ ადგილას ჩნდება, სადაც კანი მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას განიცდის. ამდენად კანის კიბოს უპირატესად სახეზე ვხვდებით. ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი სიმსივნეები ნაკლებად აგრესიულია. ისინი ნელა იზრდება, სწრაფად არ იძლევა მეტასტაზებს  და დროული ჩარევის (ქირურგიული და სხივური თერაპიის) შემთხვევაში  მკურნალობას იოლად ემორჩილება.მელანომა მუქი, მოშავო ფერის სიმსივნური წარმონაქმნია. კანის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ის ყველაზე მეტი აგრესიულობით, ავთვისებიანობით გამოირჩევა და ძალიან სწრაფად განიცდის მეტასტაზირებას.

შეიძლება თუ არა, მელანომა ჩვეულებრივი ხალის გადაგვარების შედეგი იყოს?-შეიძლება. მელანომა ხშირად სწორედ უწყინარი ხალისგან წარმოიქმნება. ხალის ავთვისებიან ფორმად გადაგვარებას მზის სხივების ხანგრძლივი, დიდი დოზით ზემოქმედება უწყობს ხელს.

კანის რა სახის ცვლილება მიუთითებს კიბოზე?-კანის კიბო უპირატესად მკვრივ ფუძეზე არსებული, ქვემდებარე ქსოვილებთან შეზრდილი, სისხლმდინარი კვანძია, რომელიც დროთა განმავლობაში წყლულდება და არ ხორცდება. ასეთ სახეს სიმსივნური წარმონაქმნი, როგორც წესი, უკანასკნელ სტადიაზე იღებს. ამ ეტაპზე კიბოს ამოცნობა ძნელი არ არის.

მოსალოდნელია თუ არა ჭარბი ინსოლაციის შედეგად კანის რომელიმე ქრონიკული პათოლოგიის გამწვავება?-არსებობს კანის რამდენიმე დაავადება, რომლებიც მზის სხივების ზემოქმედებით მწვავდება. ასეთია, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა  და პორფირია.

ზოგიერთს, მზის სხივები მოხვდება თუ არა, გამონაყარი უჩნდება, რასაც მზის სხივების მიმართ ალერგიით ხსნიან…-კანის ცვლილებებს, რომლებიც მზის სხივების მიმართ ალერგიით არის განპირობებული, ფოტოდერმატიტი ეწოდება. გამონაყარით  უპირატესად ხილული უბნები – დეკოლტე, სახის არე, მხრებია მოფენილი. ეს პათოლოგია მაშინ შეიძლება განვითარდეს, როდესაც კოსმეტიკური საშუალების  რომელიმე კომპონენტი მზის სხივების ზემოქმედებით ალერგიულ რეაქციებს უდებს სათავეს. კანის ალერგიული გამონაყარის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს რომელიმე შინაგანად მისაღები მედიკამენტი, უმთავრესად – ტეტრაციკლინის რიგის რომელიმე ანტიბიოტიკი ან ანტიმიკოზური  (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალება.თუ მზეზე გასვლისთანავე კანზე გამონაყარი გაჩნდა, მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ ფოტოდერმატიტის უშუალო მიზეზი.

ვნებს თუ არა მზის გამოსხივება ფსორიაზს?-ფსორიაზზე ინსოლაცია ზოგ შემთხვევაში კეთილისმყოფელ გავლენასაც კი ახდენს. კანის ამ ქრონიკულ დაავადებას ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობენ. არსი ასეთია: ფსორიაზით დაავადებულს ასმევენ პრეპარატ ფსორალენს, რომელიც ორგანიზმს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის, შემდეგ კი სპეციალურ კამერაში შეჰყავთ, სადაც მასზე დოზირებული ულტრაიისფერი სხივებით ზემოქმედებენ. ამ მეთოდს PUVA -თერაპია ეწოდება.

კანის სოკოვანი დაავადება ზღვის სეზონთან, აუზში ცურვასთან ასოცირდება…-სოკო ნესტის მოყვარული  მიკროორგანიზმია და შესაბამისად, კარგად მრავლდება ტენიან გარემოში, ამიტომ კანის სოკოვანი პათოლოგიით დასნებოვნების ალბათობა საზღვაო სეზონზე მკვეთრად იზრდება.

ამგვარად, თუ აუზს ან პლაჟს ვეწვიეთ, ტერფის სოკოს მსხვერპლად ვიქცევით?-რა თქმა  უნდა, არა. კანის სოკოვანი დაავადება, ბუნებრივია, ყველას არ ემართება. თუ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს დავიცავთ, აუზზე საკუთარი ქოშებით ვივლით, ცურვის შემდეგ კი ტანს პირსახოცით საგულდაგულოდ გავიმშრალებთ, სოკოვან დაავადებას იოლად ავიცილებთ თავიდან. გარდა ამისა, ყველა სპორტულ დაწესებულებას ჰყავს ექიმი, რომელიც ადამიანს აუზით სარგებლობის ნებას მხოლოდ წინასწარი გამოკვლევის შემდეგ რთავს. ტერფის სოკოვანი დაავადება ადვილი შესამჩნევია. ასეთ ადამიანს აუზზე სიარული ეკრძალება. აუზისგან განსხვავებით, ზღვაზე არცერთი  სპეციალისტი არ აკონტროლებს, აქვს თუ არა დამსვენებელს ტერფის სოკო. ამრიგად, პლაჟზე გაცილებით მეტი ყურადღების გამოჩენა გვმართებს.საზოგადოდ, ზღვის სეზონზე არა მხოლოდ კანის სოკოვანი დაავადებების, არამედ მუნის შემთხვევებიც იმატებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მუნით ავადობის მაჩვენებელი სექტემბერში ყველაზე მაღალია.საკურორტო სეზონზე მუნის გახშირებას იწვევს როგორც სხვისი თეთრეულით სარგებლობა, ისე ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა. მაგალითად, თუ პლაჟზე, სადაც სოკოს და მუნის გამომწვევია, დავაფენთ პირსახოცს და შემდეგ ტანს ამ პირსახოცითვე გავიმშრალებთ, ადვილი შესაძლებელია, კანის სოკოვანი დაავადება ან მუნი გაგვიჩნდეს.

გარდა ტერფის სოკოვანი დაავადებისა და მუნისა, კანის რომელი პათოლოგიები ხშირდება საზღვაო სეზონზე?-ნესტიანი გარემო ხელს უწყობს კიდევ ერთი სოკოვანი დაავადებით-სხვადასხვაფერი პიტირიაზით დასნებოვნებას. ამ დროს ადამიანს წელს ზემოთ კანზე სხვადასხვა ფერის (თეთრი, ვარდიფერი, მოყავისფრო) მცირედ აქერცვლადი ლაქები უჩნდება.

შესაძლებელია თუ არა, ზღვაზე ან აუზზე ადამიანს სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება დაემართოს?-დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ლორწოვანი გარსების სოკოთი დაავადება პლაჟსა და აუზზე არ ხდება.

დაბოლოს, რას ურჩევდით მკითხველს? როგორ გავატაროთ ზაფხული ისე, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული კანის დაავადებებისგან?-მზის სხივების ნეგატიურ ზემოქმედებას გადავურჩებით, თუ შუადღისას შინ დავრჩებით, შინიდან გასვლისას კი ჩრდილში ვივლით, მზისგან დამცავ კრემებს გამოვიყენებთ, დავიხურავთ ფართოფარფლიან ქუდს, სხეულს მაქსიმალურად დავიფარავთ ტანსაცმელით.    

ინა ვაჩიბერიძე