ჟურნალი „საქართველოს ქალი“, 2005 წლის #1-2, გვ. 36-37. რუბრიკა “მედიცინა”
ფრთხილად – სოკო!
უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, აღინიშნება სოკოვან დაავადებათა (მიკოზების) ზრდა. ბოლო 5 წლის მონაცემებით, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტში კონსულტირებული დერმატოლოგიური ავადმყოფებიდან ყოველი მე-4-5 სოკოვანი დაავადებითაა ავად.
განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ტერფების მიკოზი, მოიმატა ონიქომიკოზების (ფრჩხილების სოკოვან დაავადებათა) რიცხვმაც. დასნებოვნება ხდება დაავადებულ ადამიანთან ან მის ნივთებთან (ფეხსაცმელთან, თეთრეულთან) კონტაქტით. დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ოფლიანობა, მიკროტრავმები (მანიკურის ან პედიკურის გაკეთების, ვიწრო ფეხსაცმლის ხმარების დროს). ხშირია გამწვავება ზაფხულის პერიოდში, ზამთარში დაავადება განიცდის რემისიას („ჩაწყნარებას“), თუმცა მისი გამომწვევი სოკო-პარაზიტი კვლავ ბუდობს კანზე და მისთვის სასურველი პირობების შექმნის შემთხვევაში აქტიურდება.
კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. დაავადება უპირატესად იწყება თითების შუა ნაოჭებში დაზიანებით. პროცესი თანდათან ვრცელდება დანარჩენ კანზე და ფრჩხილის ფირფიტაზე. დაზიანებული ადგილების კანი სქელია, დაფარულია ქატოსებრი ქერცლით. ფრჩხილების დაზიანება უმეტესად იწყება თავისუფალი კიდიდან. ის ყვითლდება, სქელდება, ადვილად იფხვნება. ზოგიერთ შემთხვევაში ფრჩხილის ფირფიტა იმდენად სქელდება, რომ მტკივნეულია ფეხსაცმლის ტარების დროს.
დროთა განმავლობაში ხდება პროცესის გავრცელება, ანუ გენერალიზაცია, როდესაც კანისა და ფრჩხილების ფირფიტის დაზიანებასთან ერთად მიკოზის კერები აღინიშნება სხეულის სხვადასხვა ადგილას, რასაც სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის იმუნური ძალების დასუსტება, ანტიბიოტიკების, კორტიკოსტეროიდული პრეპარატების და ციტოსტატიკების ხანგრძლივი და დიდი დოზებით მიღება იწვევს.
დღეისათვის ტერფების მიკოზის მკურნალობა სირთულეს არ წარმოადგენს. კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტში შემუშავებულია მისი მკურნალობის ეფექტური სქემა და იგი ითვლება სავსებით განკურნებად დაავადებად.მკურნალობის ხანგრძლივობა და საშუალებანი დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ ფორმაზე და მისი დაწყება შიძლება ნებისმიერ დროს, როგორც გამწვავებისას, ასევე რემისიის პერიოდში.
დაავადების გავრცელებული ფორმისა და ონიქომიკოზის შემთხვევაში მიზანშეწონილია სისტემური ანტიმიკოზური პრეპარატების (იტრაკონაზოლი, ტერბინაფინი, კეტოკონაზოლი) გამოიყენება.
ადგილობრივად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო, ამქერცლი და ანტიმიკოზური ხსნარები და მალამოები კლინიკური სურათის მიხედვით. მიზანშეწონილია დაავადებული ფრჩხილის დარბილება კერატოლიზური საშუალებებით და მისი უმტკივნეულო მოცილება, რის შემდეგაც ავადმყოფს ენიშნება ადგილობრივი მკურნალობა ანტიმიკოზური ხსნარებითა და მალამოებით. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელებისა და წინდების დეზინფექციას, რათა თავიდან ავიცილოთ რეინფექცია.
მკურნალობა საჭიროა გაგრძელდეს არა მხოლოდ რემისიის მიღებამდე, არამედ სრულ კლინიკურ და ლაბორატორიულ განკურნებამდე, ექიმის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს სრული განკურნების გარანტია.
ტერფების მიკოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დავიცვათ გარკვეული ჰიგიენური ნორმები და პროფილაქტიკური ღონისძიებანი:
- წყლის პროცედურების შემდეგ კარგად უნდა შეიმშრალოთ ტერფები, განსაკუთრებით თითებს შუა არეები.
- საუნაში, აბანოში, სპორტდარბაზებში იქონიეთ საკუთარი ქოშები, არ იაროთ ფეხშიშველმა, არ ისარგებლოთ სხვისი ფეხსაცმლებით.
-ფეხსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი და კარგად მორგებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერფის კანისა და ფრჩხილების ტრავმატიზაცია და ოფლის ჭარბი გამოყოფა.
- იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით.
თინა ქიტუაშვილი