კანის დაავადებების მართვა ორსულობის დროს
ორსულობას თან სდევს კანის და მისი დანამატების მნიშვნელოვანი მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამასთან ორსულობის დროს შეიძლება განვითარდეს კანის დაავადებებიც. ორსულთა კანის დაზიანებები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:
ორსულებისთვის სპეციფიკური კანის დაავადებები – ორსულთა დერმატოზები არის ადრეული ჰესტოზის იშვიათი ფორმები. ეს კანის სხვადასხვა დაავადებებია, რომლებიც ჩნდება ორსულობის დროს და ქრება ორსულობის შემდეგ. ისინი საკმაოდ იშვიათად გვხვდება.
მეორე ჯგუფი წარმოადგენს კანის დაავადებებს, რომელთა მიმდინარეობა მძიმდება ფეხმძიმობის დროს. უფრო ხშირად ესენია: ატოპიური დერმატიტი, როზაცეა, აკნე, ფსორიაზი, პიტიროსპორუმ ფოლიკულიტი, მარტივი ჰერპესი, ვულვოვაგინალური კანდიდოზი და წითელი მგლურა.
ორსულთა ნებისმიერი დერმატოზის მკურნალობა რთული ამოცანაა. ისინი ცუდად ექვემდებარებიან თერაპიას. ამასთან პრეპარატის დანიშვნისას ექიმმა საჭიროა გაითვალისწინოს პაციენტის ორსულობა.
ორსულობის ნებისმიერ პერიოდში წამლებმა შეიძლება მოახდინონ არასასურველი ზემოქმედება ნაყოფზე, რომლის ხასიათი და ხარისხი დამოკიდებულია ექსპოზიციის დროზე. ითვლება რომ განვითარების პირველი ორი კვირის მანძილზე ემბრიონი მდგრადია სამკურნალო საშუალებების ტერატოგენული ზემოქმედებისადმი. ნაყოფის განვითარების კრიტიკული პერიოდი დგება განაყოფიერებიდან მე-17 დღეს და გრძელდება 60–70 დღე. ამ პერიოდში სამკურნალო საშუალებების დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარების მძიმე დეფექტები. ზოგიერთი პრეპარატი საშიშია ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრშიც კი, რადგან მათ შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ორგანოების და ორგანოთა სისტემების, კერძოდ ცნს–ის, ფუნქციურ განვითარებაზე,
სამკურნალო პრეპარატების ადგილობრივ გამოყენებას შესაძლოა თან სდევდეს კლინიკურად მნიშვნელოვანი აბსორბცია, რომლის ხარისხზე გავლენას ახდენს: აპლიკაციის სიხშირე, ოკლუზიის გამოყენება, კანის ბარიერული ფუნქციის მდგომარეობა, პრეპარატის წასმის ადგილი (აბსორბცია უფრო მაღალია სახის, ნაოჭების, ინტერტრიგინოზული ადგილების კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან). ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული ნაყოფთან ახლოს აქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია (ტოპიკური პრეპარატების აპლიკაციის დროს ორსულის გენიტალიუმის ლორწოვან გარსზე).
ორსულებში მედიკამენტების გამოყენების შესახებ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ პრაქტიკულ საქმიანობაში ვითვალისწინებთ კლასიფიკაციას, რომელიც მოწოდებულია ავსტრალიელი მეცნიერების მიერ და აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მაღალი შეფასება. აღნიშნული კლასიფიკაცია გამოყოფს მედიკამენტების 7 ჯგუფს: A, B1, B2 ,B3, C, D, X.
კატეგორია A შეიცავს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იყო ორსულთა დიდი რიცხვის მიერ, და ადგილი არ ჰქონია თანდაყოლილი მანკების სიხშირის ზრდას, ან ნაყოფზე რაიმე პირდაპირ ან არაპირდაპირ დამაზიანებელ ზემოქმედებას.
მათ განეკუთვნებათ: ბენზილბენზოატი, ბენზილპენიცილინი, ცეფალექსინი, ერითრომიცინი, კლინდამიცინი (გარეგანი გამოყენების), ქლორჰექსიდინი, ქლორფენირამინი, კლოტრიმაზოლი, მიკონაზოლი (ადგილობრივი მოხმარების), ნისტატინი, ლიდოკაინი, ფოლიუმის მჟავა, ჰიდროკორტიზონი (სისტემური მოხმარების), მეთილპრედნიზოლონი (სისტემური და ადგილობრივი მოხმარების), კორტიზონი, დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი, ტრიამცინოლონი.
კატეგორია B1 მოიცავს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იყო ფეხმძიმე და რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალების მცირერიცხოვან ჯგუფებში და ამ ჯგუფებში არ შეინიშნებოდა თანდაყოლილი მანკების და ნაყოფზე დამაზიანებელი ზემოქმედების რიცხვის ზრდა, აგრეთვე ცხოველებზე გამოკვლევამ არ აჩვენა ნაყოფზე მავნე ზემოქმედების არსებობა. ასეთებია: აზელაინის მჟავა, კალციპოტრიოლი, ცეფაზოლინი, ცეფრიაქსონი, როქსიტრომიცინი, ციმეტიდინი, ფამციკლოვირი, ლორატადინი, რანიტიდინი, ტერბინაფინი (სისტემური და ადგილობრივი მოხმარების).
კატეგორია B2 მოიცავს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იყო ფეხმძიმე და რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალების მცირერიცხოვან ჯგუფებში და ამ ჯგუფებში არ შეინიშნებოდა თანდაყოლილი მანკების და ნაყოფზე დამაზიანებელი ზემოქმედების რიცხვის ზრდა, მაგრამ ცხოველებზე გამოკვლევა არასაკმარისია და არაკორექტული, თუმცა არსებულმა მონაცემებმა არ გვაჩვენა მავნე ზემოქმედების არსებობა ნაყოფზე. ასეთებია: ამფოტერიცინი, ბენზოილპეროქსიდი, ცეტირიზინი, დაპსონი, ფექსოფენადინი, მეტრონიდაზოლი, ნიკოტინის მჟავა, პერმეტრინი.
კატეგორია B3 შეიცავს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იყო ფეხმძიმე და რეპროდუქციული ასაკის მქონე ქალების მცირერიცხოვან ჯგუფებში და ამ ჯგუფებში არ შეინიშნებოდა თანდაყოლილი მანკების და ნაყოფზე დამაზიანებელი ზემოქმედების რიცხვის ზრდა, თუმცა ცხოველებზე გამოკვლევამ დაამტკიცა მათი დამაზიანებელი ზემოქმედება ნაყოფზე. ასეთებია: აციკლოვირი, ბეტამეტაზონი, ფლუკონაზოლი, გრიზეოფულვინი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ლინდანი, მომეტაზონის ფუროატი, ვალაციკლოვირი.
კატეგორია C-ში შედის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თავისი ფარმაკოლოგიური დახასიათების შესაბამისად ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ დამაზიანებელი ზემოქმედება ნაყოფზე ან ახალშობილზე განვითარების მანკის ფორმირების გარეშე. ეს დაზიანება შეიძლება იყოს შექცევადი. ასეთებია: ამიტრიპტილინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ციკლოსპორინი, მეთილპრედნიზოლონის აცეპონატი, მინოქსიდილი (ადგილობრივი მოხმარების), პრომეტაზინი, რიფამპიცინი.
კატეგორია D მოიცავს სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც გამოუწვევიათ ან შეუძლიათ გამოიწვიონ თანდაყოლილი მანკების რიცხვის ზრდა და ნაყოფის შეუქცევადი დაზიანებები. ამ სამკურნალწამლო საშუალებებისთვის ასევე დამახასიათებელია მრავალი გვერდითი არასასურველი ეფექტი. ასეთია: დოქსიციკლინი, გენტამიცინი, ტრეტინოინი, იზოტრეტინოინი (ადგილობრივი მოხმარების), მეტოტრექსატი, მინოციკლინი, ტეტრაციკლინი.
კატეგორია X-ში გაერთიანებულ სამკურნალო საშუალებებს ნაყოფის მძიმე დაზიანების იმდენად მაღალი რისკი გააჩნიათ, რომ კატეგორიული უკუჩვენებაა ორსულთათვის და ასევე შესაძლო ფეხმძიმობის დროსაც. მაგ. იზოტრეტინოინი (სისტემური მოხმარების).
მოცემული კლასიფიკაცია გულისხმობს სამკურნალო საშუალებების თერაპიულ დოზებს, რეკომენდებულს რეპროდუქტიული ასაკის ქალთათვის. დოზის განზრახ ან შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში კლასიფიკაცია კარგავს თავის მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უსაფრთხოებისათვის ორსულებში გამოყენებული პრეპარატები უნდა შემოიფარგლოს A კატეგორიის ჯგუფით.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დერმატოზებს, რომლებიც მწვავდება ორსულობის დროს, მიეკუთვნება ატოპიური დერმატიტი. მისი მკურნალობა შესაძლებელია დერმატიტის მკურნალობის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.
თავდაპირველად უნდა შეფასდეს კონკრეტული შემთხვევის სიმძიმის ხარისხი და განისაზღვროს დამამძიმებელი ფაქტორები.
მკურნალობა მიმართული უნდა იყოს ქავილის შემცირებისაკენ. ქავილის შემცირება შეიძლება კანზე ზეწოლით ან დარტყმით, წყლით მისი გაგრილების შემდგომ დამარბილებლების წასმით. ძირითადი ჰიგიენური ღონისძიებები მიმართული უნდა იყოს კანის სიმშრალის, როგორც მნიშვნელოვანი პათოგენური ფაქტორის, შემცირებისკენ. შეიძლება წყალში აბაზანის სპეციალური ზეთების დამატება, დამატენიანებლების რეგულარული გამოყენება აბაზანის შემდეგ და დღის განმავლობაში, აუზის ქლორირებულ წყალში ბანაობის შემდეგ გრილი შხაპის მიღება და დამატენიანებლების გამოყენება. გადახურება არასასურველია, ზამთარში შეძლებისდაგვარად უნდა დარეგულირდეს შენობის გათბობა. ზაფხულში სასარგებლოა ვენტილატორის და კონდიციონერის გამოყენება.
საჭიროა გარეგანი გამღიზიანებლების და ალერგიული ფაქტორების გამორიცხვა, ჰაერში არსებული ალერგენების რიცხვი შემცირება, როგორიცაა სახლის მტვერის ტკიპა, რისთვისაც აუცილებელია საცხოვრებელის სველი წესით და მტვერსასრუტით დასუთავება, ასევე იმ საგნების მოცილება, რომლებიც აგროვებენ მტვერს, თეთრეულის და გადასაფარებლის ხშირი რეცხვა, ხალიჩების ალაგება. საჭიროა შინაურ კატებთან და ძაღლებთან კონტაქტის არიდება, თუ ის ამძიმებს დერმატიტის მიმდინარეობას. დიეტა იშვიათად არის აუცილებელი.
ადგილობრივი მკურნალობის ჩატარებისას შერჩეული უნდა იყოს გამოსაყენებელი პრეპარატის ფუძე პროცესის სიმწვავის გათვალისწინებით.
გარეგანი კორტიკოსტეროიდები ორსულობის დროს ითვლება უსაფრთხოდ.
ფსორიაზის დროს ორსულთათვის პერორალური სისტემური თერაპია უკუნაჩვენებია. დასაშვებია ადგილობრივი თერაპია კორტიკოსტეროიდებით, დიტრანოლით და კუპრით, ასევე B ტიპის ულტრაიისფერი სხივები.
ორსულობის დროს აკნე და როზაცეა შესაძლებელია მიმდინარეობდეს მძიმე ფორმებში. მკურნალობა შესაძლებელია ერითრომიცინით, როგორც ადგილობრივად, ასევე პერორალურად, თუმცა ეს ყოველთვის არაა საკმარისი. გამოჯანმრთელება შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში მშობიარობის შემდეგ.
მძიმე ფორმის მარტივი ჰერპესის და ჰერპეს ზოსტერის დროს ნაჩვენებია პერორალური აციკლოვირით მკურნალობა.
პიტიროსპორუმ ფოლიკულიტის და კანდიდოზური ვულვოვაგინიტის დროს ნაჩვენებია გარეგანი პრეპარატებით – ნისტატინით და იმიდაზოლით მკურნალობა. პერორალური თერაპია უკუნაჩვენებია. ასეთივე მიდგომაა სხვა მიკოზური ინფექციების დროსაც.
ორსულობის დროს ხშირად მწვავდება წითელი მგლურა და სხვა აუტოიმუნური დაავადებები, რამაც შეიძლება სპეციალისტის კონსულტაციის შემდეგ მოითხოვოს სისტემური პრედნიზოლონის და აზატიოპრინის დანიშვნა.
ამრიგად, ორსულობის პირველი 12 კვირის მანძილზე შეძლებისდაგვარად უნდა იყოს გადადებული ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის დანიშვნა, გარდა დედისთვის უკიდურესად აუცილებელისა. სხვა პერიოდში ყოველი პრეპარატის დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ არასასურველი გვერდითი ეფექტის შესაძლებლობა. ხშირ შემთხვევაში ეფექტური მკურნალობა შეუძლებელია მშობიარობამდე.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Kenneth A. Arndt; Jeffrey T.S. Hsu – Manual of Dermatologic Therapeutics, Philadelphia, 2007.
2. “Therapeutic Cuidelines: Dermatology “, Version 1, 1999, North Melbourne.
3. А.А.Кубанова, В.И.Кисина. Рациональная фармакотерапия заболеваний кожи и инфекций, передаваемых половым путем. Москва. 2005.
4. Пол К.Бакстон. Дерматология. Москва. 2005.