ალოპეციის მკურნალობის პრინციპები

ალოპეციის სხვადასხვა კლინიკური ფორმების ეტიოლოგია და პათოგენეზი მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ამიტომ მათი მკურნალობაც უნდა იყოს მკაცრად დიფერენცირებული და კომპლექსური.
ანდროგენული ალოპეციის მკურნალობაში გამოიყენება ისეთი თერაპიული საშუალებები და მეთოდები, რომლებიც ანელებენ ტერმინალური თმების ღინღლოვანად გარდაქმნის პროცესს და ასტიმულირებს ახალი თმების ზრდას, მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიანდროგენული, სტეროიდული და მცენარეული წარმოშობის საშუალებები. ასევე ფიზიოთერაპიული მეთოდები: ელექტროტრიქოგენეზი, და სუსტი იმპულსური დენით თერაპია. გამოიყენება ქირურგიული კორექცია, რომლის დროსაც ხდება ანდროგენების მოქმედებისადმი მდგრადი თმის ფოლიკულების გადანერგვა კეფის მიდამოდან გამელოტებულ ადგილზე.
დიფუზური ალოპეციის მკურნალობის პროგნოზი დადებითია მაშინ, როდესაც შესაძლებელია თმის ცვენის მიზეზების დადგენა და მისი აღმოფხვრა, თუმცა თმის ზრდის დაჩქარებისათვის და პაციენტის ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის რეკომენდებულია გარეგანი ტრიქომასტიმულირებელი და ფიზიოთერაპიული მკურნალობის დანიშვნა.
ბუდობრივი ალოპეციის დროს თერაპია უნდა იყოს კომპლექსური და ინდივიდუალური. მკურნალობის დანიშვნას წინ უნდა უძღოდეს პაციენტის გამოკვლევა თანმხლები დაავადებების და ფონური დარღვევების გამოსავლენად. გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე სისტემური მოქმედების პრეპარატები და ფიზიოთერაპიული საშუალებები.
ალოპეციით დაავადებული პაციენტის გულდასმით და სწორად წარმართული გამოკვლევის საფუძველზე დგება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, სადაც გათვალისწინებულია დაავადების ფორმა, სიმძიმე, ჩასატარებელი თერაპიის სავარაუდო შედეგი და მოსალოდნელი რისკი, რაც წარმატებული თერაპიის საწინდარია.