აკნეს სტატისტიკა

აკნეჩვეულებრივი ფერისმჭამელა - Acne vulgaris  - კანის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ახალგაზრდა ასაკში. სტატისტიკური მონაცემებით აკნეთი დაავადებულთა 60–95% ახალგაზრდებია, თუმცა დაავადების პირველადი ნიშნები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს.

    Brown SK-სა  და Shalita  AR-ის (1998) მონაცემებით   ყველა ადამიანი სიცოცხლეში  ერთხელ მაინც ავადდება ჩვეულებრივი  ფერისმჭამელათი. ავადობა პიკს აღწევს 18 წლის ასაკში, თუმცა 20–40 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს აკნეთი დაავადებული. 

    White GM-ის  1998 წლის გამოკვლევებით 40–50 მლნ აშშ–ს მოქალაქე აკნეთი არის დაავადებული. 

    Lee MC-ისა და მისი კოლეგების მიერ ტაივანში შესწავლილი იყო მოზარდი ასაკის (11–12 წწ) პაციენტთა ჯანმრთელობის  პრობლემები 1994 წლის იანვრიდან 1995 წლის დეკემბრის ჩათვლით. გამოკვლეული 264 ავადმყოფიდან ჩვეულებრივი ფერისმჭამელათი ძირითადად დაავადებული იყო მდედრობითი სქესის მოზარდები.

    Stathakis V, Kilkenny M და  Marks R  და სხვ. (1997) შეისწავლეს ჩვეულებრივი ფერისმჭამელას ეპიდემიოლოგიის საკითხები ავსტრალიის მოსახლეობაში. მათი მონაცემებით, აკნეთი უფრო ადრე ავადდებიან მდედრობითი სქესის მოზარდები, რაც მათი ადრეული სქესობრივი მომწიფებით უნდა იყოს გამოწვეული. აკნეს უფრო მძიმე კლინიკური ფორმები აღინიშნება  მამრობითი  სქესის პირებში 20 წლის ასაკის ზევით, რაც დაკავშირებულია ცხიმის  სეკრეტის  სტიმულაციასთან ანდროგენების ზემოქმედებით, ამასთან გამონაყარის  ინტენსივობა მჭიდროდაა დაკავშირებული სქესობრივი სიმწიფის დონესთან. ქალებში გამონაყარი მატულობს პრემენსტრუალურ პერიოდში. ავტორები აღნიშნავენ დაავადების მიმდინარეობის დამოკიდებულებას სეზონთან,  კერძოდ,  ცივ თვეებში  შეინიშნება  მისი გამწვავება. დაავადების მწვავე ფორმები შედარებით ნაკლებად შეინიშნება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც ავტორთა  აზრით, მკურნალობის გაუმჯობესებას უკავშირდება. მათივე მონაცემებით, აკნეს საშუალო  სიმძიმის ფორმით დაავადებულებს მეტად აღენიშნებათ დეპრესიის და მოუსვენრობის ფსიქიკური ნიშნები.

    Komoвa H.B. (1999)  მონაცემებით  12–14 წლის  ორივე სქესის პირების სამედიცინო შემოწმებისას აკნეს პირველი ადგილი უკავია, ხოლო კანის დაავადებით მომართვის სიხშირის მიხედვით –მესამე  ადგილი.

   Cunliffe WJ- ის (1981) აზრით,  ჩვეულებრივი   ფერისმჭამელათი  ავადდებიან  მოზარდთა 30%  და იგი  იკავებს მესამე ადგილს (13,22%) დერმატოლოგიურ დაავადებებს  შორის.    

  საუდის არაბეთის  სამეფო  უნივერსიტეტის  მეცნიერების Bahamdan K, Mahfouz AA და სხვ. (1996) მიერ შესწავლილი იყო 11–დან 19 წლამდე ვაჟთა ავადობა აკნეთი. ყველაზე გავრცელებულ დაავადებად დარეგისტრირდა ჩვეულებრივი ფერისმჭამელა, რომელიც შეადგენდა 56,3 % –ს.

    გერმანელი ავტორი  Stogmann W (1993)  აღნიშნავს,  რომ მოზარდთა 60–80%     დაავადებულია აკნეთი. 

   ინგლისელი მეცნიერები Goulden V, Statles GI, Cunliffe WJ (1999) დაინტერესდნენ  აკნეს გავრცელებით 25 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობაში.  საშუალო  ასაკის ქალებში 12%-ში კლინიკურად შეინიშნებოდა  ფერისმჭამელა სახეზე.